საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ვაშინგტონში, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის წლიური შეხვედრების ფარგლებში, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, ბო ლისთან, სსფ-ის ცენტრალური აზიისა და შუა აღმოსავლეთის დეპარტამენტის დირექტორთან, ჯიჰად აზურთან და საქართველოში სსფ-ის მისიის ხელმძღვანელთან, ალეხანდრო ჰაჟდენბერგთან სამუშაო შეხვედრები გამართეს.
შეხვედრაზე მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს საქართველოს ეკონომიკის მყარ და სტაბილურ მდგომარეობაზე, დაბალ ინფლაციასა და მაღალ ეკონომიკურ ზრდაზე. აღინიშნა, რომ ქვეყანაში ფასების სტაბილურობა თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგია.
ნათია თურნავამ სსფ-ს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე საქართველოს მიმდინარე მაკროეკონომიკური ტენდენციებსა და საფინანსო სექტორში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ საქართველოს ეკონომიკა გლობალური გამოწვევებისა და მიმდინარე გეოპოლიტიკური სირთულეების მიუხედავად, კვლავ ინარჩუნებს მდგრადობას.
აღინიშნა, რომ ეროვნული ბანკის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკის შედეგად, წარმატებულად იმართა ინფლაციური პროცესები. მაღალინფლაციური პერიოდის შემდეგ, ბოლო ორი წლის მანძილზე მიზნობრივზე მნიშვნელოვნად დაბალი ინფლაცია ფიქსირდებოდა, ბოლო პერიოდში კი ის მიზნობრივ მაჩვენებელთან ახლოს მერყეობს.
ხაზი გაესვა საფინანსო სექტორის ჯანსაღ ინდიკატორებს, მაღალ ეკონომიკურ ზრდასა და ქვეყნის საერთაშორისო რეზერვების ზრდას. როგორც ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა აღინიშნა, სებ-ის გრძელვადიანი პოლიტიკა საერთაშორისო რეზერვების დაგროვებასა და სარეზერვო აქტივების ეფექტურად მართვაზეა ორიენტირებული.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე მხარეებმა ტექნიკური დახმარების მიმართულებით სამომავლო თანამშრომლობის საკითხები და საქართველოში საშემფასებლო მისიების სამომავლო ვიზიტები განიხილეს.
„საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ინტენსიური თანამშრომლობა გრძელდება. ამჟამად ფონდთან ტექნიკური დახმარების რამდენიმე პროექტი მიმდინარეობს. ახლო პერიოდში კი ველოდებით სსფ-ის საშემფასებლო მისიების საქართველოში სტუმრობას“, - განაცხადა ნათია თურნავამ.
თავის მხრივ, სსფ-ის წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობა და ქართულ მხარეს სხვადასხვა მიმართულებით მხარდაჭერა აღუქვეს.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის წარმომადგენლებთან შეხვედრებს დაესწრო საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი შეერთებულ შტატებში, თამარ ტალიაშვილი.
შეხვედრებს ასევე ესწრებოდნენ სებ-ის ვიცე პრეზიდენტები ეკატერინე მიქაბაძე და ეკატერინე გალდავა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ვახტანგ ცინცაძე, ფინანსთა მინისტრის მოადგილე ეკატერინე გუნცაძე, სებ-ის მაკროეკონიმიკისა და სტატისტიკის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თამთა სოფრომაძე.
ინფორმაციას სებ–ი ავრცელებს