აზიის განვითარების ბანკმა (ADB) დაამტკიცა 200 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის სესხი, რომელიც საქართველოს მდგრადი ურბანული და ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაში დაეხმარება.
ADB-ს ინფორმაციით, პროექტი ქვეყნის მასშტაბით მცირე ქალაქებსა და სოფლებში მცხოვრები დაახლოებით 400,000 ადამიანისთვის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასა და ეკონომიკური შესაძლებლობების გაფართოებას ისახავს მიზნად.
პროექტის „მდგრადი ინფრასტრუქტურის განვითარება ძლიერი ეკონომიკისთვის“ ფარგლებში განახლდება მუნიციპალური ინფრასტრუქტურა, მათ შორის - საჯარო სივრცეები, პარკები, სარეკრეაციო ზონები და მრავალფუნქციური სპორტული ობიექტები, ასევე გზები, წყალმომარაგების, სანიტარული, სადრენაჟე და მყარი ნარჩენების მართვის ინფრასტრუქტურა, რაც აუცილებელია ამ ობიექტების ხელმისაწვდომობისა და მდგრადობის უზრუნველსაყოფად.
პროექტი ასევე ხელს შეუწყობს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების განახლებასა და კონსერვაციას და ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას, მათ შორის - საფეხმავლო ბილიკების, საჯარო სივრცეებისა და საგზაო ქსელის განვითარებას, რათა საზოგადოებისთვის უფრო ხელმისაწვდომი გახდეს საქართველოს ბუნებრივი და კულტურული ღირსშესანიშნაობები.
„საქართველოს რეგიონებს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პოტენციალი აქვს, რასაც ხელს უწყობს ქვეყნის მდიდარი ბუნებრივი და კულტურული მემკვიდრეობა. ეს პროექტი საქართველოს მთავრობას დაეხმარება მოსახლეობის ცხოვრების პირობების გაუმჯობესებაში მდგრად ინფრასტრუქტურაში, საჯარო სივრცეებში, კულტურულ მემკვიდრეობასა და ტურისტულ ობიექტებში ინვესტირების გზით. ამასთან, პროექტი შექმნის ეკონომიკურ შესაძლებლობებს ადგილობრივი ბიზნესებისთვის, ქალებისა და ახალგაზრდებისთვის“, - განაცხადა ADB-ს მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამმა.