„საბანკო სექტორს რეკორდული მოგება გვაქვს“ - ამის შესახებ საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა, დავით რუსიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ ისაუბრა.
როგორც „მონეტიზაციაში“ რუსიამ აღნიშნა, საქართველოში საფინანსო სისტემა საკმაოდ განვითარდა, დიდ ფულს დებენ დღეს ტექნოლოგიებში, მათ შორის, თანამშრომლებს ხელს უწყობენ, რომ დისტანციურად იმუშაონ, სამი დღე სახლში, ორი დღე სამსახურში.
„დღეს სიტუაცია შეიცვალა, ამან გარკვეული ახალი გამოწვევები შეუქმნა ჩვენს დასაქმებულებს. უპირველეს ყოვლისა, ეს აისახება უკვე მოგებაზე, იმიტომ, რომ ამცირებ საიჯარო ხარჯებს. იქ ძირითადი საშუალებების შენახვის ხარჯი არ გაქვს და რაც მთავარია, ბანკებმა უკვე შექმნეს ისეთი მასშტაბის ეფექტი, როდესაც ერთ ოფიცერს, ერთ თანამშრომელს იმაზე მეტი ოპერაციის გაკეთება შეუძლია, ვიდრე შეეძლო ათი წლის წინ“, - აღნიშნა რუსიამ.
მისივე თქმით, მოგება რეკორდულია, ამაზე მაჩვენებლებიც მეტყველებენ.
„მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში, როდესაც ასეთი მზარდი და კარგი მაჩვენებლების სისტემა არსებობს, დიდი საინვესტიციო კომპანიები იჩენენ ინტერეს. მაგალითად, თიბისი ბანკის 5%-ზე მეტი ცნობილმა საინვესტიციო კომპანიამ „BlackRock“ შეიძინა,“ - აღნიშნა საბანკო ასოციაციის ანალიტიკურმა დირექტორმა.
დავით რუსიას განცხადებით, მსოფლიოში წამყვან საინვესტიციო კომპანიებს სჯერათ რეგიონში სიმშვიდის, სტაბილურობის და რაც მთავარია, იმ რიცხვების, რომელსაც საქართველოს ეროვნული ბანკი ავრცელებს ბაზართან მიმართებით.
„მხოლოდ და მხოლოდ პოზიტიურად ვუყურებ სიტუაციას, წინა წლის მსგავსად თუ გავამეორეთ ჩვენი მონაცემები, ვგულისხმობ, წმინდა მოგებას, ძალიან კარგი იქნება. თუ არადა, 3 მილიარდი ლარის წმინდა მოგებაზე, ალბათ, გავალთ. ამაში შემომატებული ორი მიკრობანკის აქტივობაც დაგვეხმარება, ისინი ზრდიან თავიანთ აქტივობას და იმედია, ეს ტრენდი შენარჩუნდება“, - განაცხადა „მონეტიზაციაში“ დავით რუსიამ.
ცნობისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2024 წელი კომერციულმა ბანკებმა 3 096 809 000 ლარის წმინდა მოგებით დახურეს. საანგარიშო პერიოდში, ბაზარზე 17 კომერციული ბანკი ოპერირებდა.