შეიძლება იმდენად კარგი მხედველობა გქონდეთ, რომ ოპტიკოსთან ვიზიტისას ზუსტად წაიკითხოთ რამდენიმე მეტრის მოშორებით განთავსებული ციცქნა ტექსტი. თუმცა, თქვენი მხედველობა უბრალოდ არაფერია ახლახან მკვლევართა მიერ წარმოდგენილ მოწყობილობასთან შედარებით, რომელმაც ტექსტის ცალკეული ციცქნა ასოები დაასკანერა 1,36 კილომეტრის მანძილიდან.

ინტენსივობის ინტერფერომეტრია ვიზუალიზაციისთვის ჩვეულებრივი კამერებისგან განსხვავებულ მიდგომას იყენებს – სინათლის ტალღების პირდაპირ გაზომვის ნაცვლად, ეს მოწყობილობები ზომავენ, თუ როგორ აირეკლება სინათლე და როგორ ერევა საკუთარ თავში, შემდეგ კი ამ მონაცემთა საფუძველზე აწყობს სურათს.

ახალ კვლევაში, ჩინეთის მეცნიერებისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის მკვლევრებმა დატესტეს ინსტრუმენტი, რომელიც ინფრაწითელი ლაზერის რვა ჭავლს გამოყოფს შორ მანძილზე განთავსებული კონკრეტული წერტილისკენ.

ამის შემდეგ, ორი ტელესკოპის გამოყენებით დაიჭირეს სინათლის ანარეკლების სიძლიერე. სამიზნეს მინათებული რვა ლაზერული ჭავლის დეტალური კალიბრაციით, შესაძლებელია გამოსახულების რეკონსტრუქცია, რისთვისაც გამოიყენეს ორი ტელესკოპის მონაცემებს შორის სხვაობათა შედარება.

„ღია სივრცეში ჩატარებული ექსპერიმენტით წარმატებით გადავიღეთ 1,36 კმ-ის მანძილზე მდებარე მილიმეტრის მასშტაბის სამიზნეები. მივაღწიეთ ერთი ტელესკოპის დიფრაქციული ზღვრის დაახლოებით 14-ჯერ გაზრდას“, — წერენ მკვლევრები.

ასეთი გრძელი დიაპაზონის კამერები გამოიყენება ყველგან, კოსმოსური ტელესკოპებით დაწყებული, დისტანციური სენსორებით დამთავრებული. ამ ექსპერიმენტში გამოყენებული მეთოდით შესაძლებელია ატმოსფერული ტურბულენტობის მართვა და კამერებში არსებულ ხარვეზთა გასწორება.

ახალ კვლევაში აღწერილი დანადგარით, მკვლევრებმა სწორად წაიკითხეს ასოები 3 მმ რეზოლუციით. იმავე მანძილზე მხოლოდ ერთი ტელესკოპის გამოყენების შემთხვევაში, გარჩევადობა 42 მმ იქნებოდა. განახლება დიდია და აჩვენებს ინტენსივობის ინტერფერომეტრიის პოტენციალს.

ვრცლად პირველ არხზე