„ლიეტუვას სოციალური უზრუნველყოფისა და შრომის სამინისტროს მრჩევლის კუთვნილმა კომპანიამ რუსეთში, სავარაუდოდ, მილიონობით ევროს ღირებულების დასავლური ბრენდირებული ტანსაცმელი შეიტანა და სანქციებს თავი მესამე ქვეყნების საშუალებით აირიდა“, - ნათქვამია ჟურნალისტური ცენტრის, „სიენას“ მიერ გამოქვეყნებულ საგამოძიებო მასალებში.
„სიენას“ ცნობით, კომპანია „მელინშილისმა“, რომელიც შალჩინინკაის რაიონში მდებარეობს, 2023 წლის დასაწყისიდან 2024 წლის გაზაფხულამდე, რუსეთში 4,5 მილიონ დოლარზე მეტი (დაახლოებით 3,8 მილიონი ევრო) ღირებულების ბრენდირებული ტანსაცმელი შეიტანა, რომელთა შორის არის „ნაიკის“, „ტომი ჰილფეჯერის“, „პუმას“, „კალვინ კლაინის“ და „ადიდასის“ საქონელი.
არსებული ინფორმაციით, ექსპორტი თურქეთისა და სერბეთზე გავლით განხორციელდა და პროდუქცია, საბოლოოდ, კომპანია „უმნი იმპორტს“ მიეწოდა, რომელიც რუსეთის სახელმწიფოს მიერ კონტროლირებად და დასავლეთის მიერ სანქცირებულ „სბერბანკს“ ეკუთვნის.
ევროკავშირის სანქციების თანახმად, რუსეთში საქონლის (განსაკუთრებით კი - ფუფუნების საგნების) გაყიდვა ეკრძალება ბევრ დასავლურ კომპანიას, რომლებმაც ბაზარი უკრაინაში მოსკოვის სრულმასშტაბიანი შეჭრის შემდეგ, 2022 წელს დატოვეს.
კომპანია „მელინშილისის“ ერთადერთი მფლობელია ლიეტუვას სოციალური დაცვისა და შრომის სამინისტროს (SADM) დაქვემდებარებაში მყოფი სოციალური მომსახურების ზედამხედველობის დეპარტამენტის მრჩეველი, ანტონინა მილიაუსკიენე.
ვრცლად: 1tv.ge