Galt & Taggart-ის პროგნოზით 2026 წელს საქართველოში საშუალო წლიური ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს გაუტოლდება და 3% იქნება. საინვესტიციო ბანკის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ ინფლაციის შენელებას 2026 წლის მარტი-აპრილის პერიოდიდან ელოდებიან.

აღსანიშნავია, რომ საქსტატის თანახმად, 2025 წლის ოქტომბერში ქვეყანაში წლიური ინფლაცია 5.2%-მდე გაიზარდა. ნოემბერის ინფლაციის მაჩვენებელს სტატისტიკის ეროვნული სამსახური 3 დეკემბერს, გამოაქვეყნებს.

"ინფლაცია მიმდინარე პერიოდში გაზრდილია, ბოლოს 5.2% იყო ოქტომბრის ინფლაცია. ეს ინფლაცია ადგილობრივად წარმოებული საქონლისა და მომსახურების, ასევე შერეული საქონლის ფასების ზრდით არის განპირობებული. თუმცა ვხედავთ, რომ ადგილობრივი წარმოების საქონელში გვაქვს ერთჯერადი ფაქტორები, რომლებიც მომდევნო წლის მარტი–აპრილის პერიოდიდან ამოიწურება. სწორედ ამ პერიოდიდან ვფიქრობთ, რომ ინფლაციის მნიშვნელოვანი შენელება იქნება მოსალოდნელი.

ამაზე იმოქმედებს ისიც, რომ საერთაშორისო ბაზარზე სურსათის ფასების კლება უკვე დაფიქსირდა, სექტემბერში შენელდა, ხოლო ოქტომბერში 0.3%-ით შემცირდა, რაც აუცილებლად გადმოეცემა ჩვენს ფასების დონეზე. მესამე ფაქტორია ის, რომ საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასების პროგნოზიც კლების მიმართულებით არის. თუ ეს პროგნოზი გამართლდა, ეს იმპორტირებულ ინფლაციაზე იმოქმედებს ისე, რომ ჩვენთან ფასების გადმოცემა შენელდება. ამიტომაც ველოდებით 3%-იან საშუალო წლიურ ინფლაციას 2026 წლისთვის", - განაცხადა "საქმიან დილაში" სტუმრობისას ლაშა ქავთარაძემ.

bm.ge