აუდიტის სამსახურის მიერ გაცემული რეკომენდაციების შესრულების შედეგად, ბიუჯეტში დაბრუნდა ზედმეტად გადახდილი თანხები,მობილიზებული იქნა დამატებითი შემოსავლები და ზოგიერთ შემთხვევაში, დაიზოგა საბიუჯეტო რესურსები - 2025 წელს, ბიუჯეტში დაბრუნებული, დაზოგილი, დამატებით მობილიზებული თანხების ჯამურმა რაოდენობამ 11.8 მლნ ლარი შეადგინა, - ამის შესახებ საქართველოს გენერალურმა აუდიტორმა, გიორგი გაბიტაშვილმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, სადაც 2025 წლის საქმიანობის ანგარიშს წარადგენს.
ამასთან, გიორგი გაბიტაშვილი აღნიშნავს, რომ გასულ მაღალი რისკის შემცველი გარემოებებიდან გამომდინარე, შემდგომი რეაგირებისთვის, პროკურატურას გადაეგზავნა 17 აუდიტის ანგარიში, ან კონკრეტული ინფორმაცია, აქედან 4 დაერთო უკვე მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეს ხოლო 13 შემთხვევაში დაიწყო გამოძიება ახალ სისხლის სამართლის საქმეზე.
მისივე თქმით, „პროკურატურაში გადაგზავნილი მასალები თანხობრივ გამოხატულებაში 80 მლნ ლარს შეადგენს“.
„2025 წელს ჩავატარეთ 44 აუდიტი, მათ შორის 5 ფინანსური, 26 შესაბამისობის, 3 უწყებათაშორისი და 10 ეფექტიანობის აუდიტი. ჩატარებული ფინანსური აუდიტებით დაიფარა 28.5 მლრდ ლარზე მეტი, რაც ნაერთი ბიუჯეტის 95%-ია. საერთო ჯამში, 2025 წელს, 36.5 მლნ ლარი შეადგინა ჩატარებული აუდიტებით გამოვლენილი დარღვევების თანხობრივმა მაჩვენებელმა, რომელიც სისტემური ხასიათის ნაკლოვანებებს მოიცავს და ძირითადად უკავშირდება საბიუჯეტო რესურსების არაეფექტიანი, არაეკონომიური და არამიზნობრივი გამოყენების შემთხვევებს, ასევე შესყიდვებისა და აქტივების მართვასთან დაკავშირებულ საკითხებს,“ - განაცხადა გაბიტაშვილმა.