რუსული დამოუკიდებელი გამოცემა „აგენსტვო“ წერს, რომ საქართველოს ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის დამფუძნებლის, მაკა ასათიანის ვაჟი, კახა ჟორდანია რუსეთში ერთობლივ ბიზნესს მართავს რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) უფროსის პირველი მოადგილის, ვლადიმირ ალექსეევის ვაჟთან ერთად. 

რუსული გამოცემის ცნობით, ეს კავშირი რუსეთის ხელისუფლების მიერ აგენტად გამოცხადებულმა საგამოძიებო გამოცემა „პროექტმა“ აღმოაჩინა კვლევის ფარგლებში, რომელიც წელს, შემოდგომაზე გამოქვეყნდება.

საქართველოს ახალგახსნილი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა საერთაშორისო მედიის ყურადღების ქვეშ მას შემდეგ მოექცა, რაც სააგენტო „როისტერსმა“ გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუსულმა კომპანია „რუსნეფტმა“ 2025 წლის ოქტომბერში ნავთობის პირველი პარტია გაუგზავნა საქართველოში, ყულევში გახსნილ ახალ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას.

„რუსეთი ცდილობს [ნავთობის] ექსპორტის დივერსიფიკაციას, ამავდროულად კი, ებრძვის უკრაინის გამო დასავლეთის სანქციებით გამოწვეულ გამოწვევებს“ – წერს „როიტერსი“.

ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის პროექტის პრეზენტაცია 2024 წლის 22 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების წინ გამართა მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ. პროექტს „ბლექ სი პეტროლიუმი“ ახორციელებს, რომლის დამფუძნებელი და ძირითადი აქციონერი მაკა ასათიანია, ყოფილი მოდელი. საჯარო რეესტრის ბოლო მონაცემებით „ბლექ სი პეტროლიუმის“ ქონება იპოთეკითაა დატვირთული. იპოთეკარები არიან – სააქციო საზოგადოება „ბაზისბანკი“, სააქციო საზოგადოება „ბანკი ქართუ“, სააქციო საზოგადოება „ხალიკ ბანკი საქართველო“ და სააქციო საზოგადოება „საქართველოს განვითარების ფონდი“.

რუსული მედია წერს, რომ მაკა ასათიანის ვაჟი პირველი ქორწინებიდან, კახა ჟორდანია, ადრე ნავთობის ბიზნესში იყო ჩართული. 2016 წლიდან 2023 წლამდე ის ფლობდა რუსულ ნავთობტრეიდერ Oil Energy Group-ს, რომლის წლიური შემოსავალი იმ დროს 17,5 მილიარდ რუბლს აღწევდა.

ასევე, 2018 წლიდან ჟორდანია ფლობს 25%-იან წილს СДО-Логистик-ში, რომელიც ნავთობპროდუქტების საავტომობილო ტრანსპორტირებით არის დაკავებული. კომპანიის შემოსავალმა 2024 წელს 838 მილიონი რუბლი შეადგინა. მისი ბიზნესპარტნიორი და „СДО-Логистик“-ის ძირითადი აქციონერი (51%) არის ვინმე სერგეი ალექსეევი. როგორც „პროექტმა“ გაარკვია, აღნიშნული პირი არის რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის (ГРУ) მთავარი სამმართველოს უფროსის პირველი მოადგილის, გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ალექსეევის შვილი.

„ალექსეევი საზოგადოების ყურადღების ცენტრში ევგენი პრიგოჟინის ამბოხების დროს მოექცა. თავდაპირველად, [რუსული გასამხედროებული დაჯგუფების] ვაგნერის წევრებისთვის გაკეთებულ ვიდეომიმართვაში მან მათ ქმედებებს „ქვეყნისა და პრეზიდენტის ზურგში დანის ჩარტყმა“ უწოდა. დონის როსტოვში პრიგოჟინთან პირისპირ შეხვედრის დროს ალექსეევი აღარ იყო ისეთი მტკიცე: ამბოხებულების ლიდერის მოთხოვნაზე გენერალური შტაბის უფროსის ვალერი გერასიმოვის გადაცემის შესახებ, მან განაცხადა: „წაიყვანეთ“ – წერს გამოცემა.

რაც შეეხება სერგეი ალექსეევს – გამომძიებელი ჟურნალისტები წერენ, რომ ბიზნესში ჩართვამდე ის მუშაობდა „რუსნეფტში“, სწორედ იმ კამპანიაში, რომელმაც მიაწოდა ნავთობი ახალ ქართულ ქარხანას.

„2024 წლის თებერვალში ალექსეევი უმცროსის ბიზნესინტერესები პირდაპირ გადაიკვეთა მამის საქმიანობასთან — რომელიც სირიაში საომარი მოქმედებების დროს სამხედრო დაზვერვას ხელმძღვანელობდა. იმავე თვეში ძალოვნის შვილმა სირიის მოქალაქე მოჰამად ჯაბერთან ერთად დააარსა მცირე კომპანია „См-Агро“, რომელიც როსტოვის ოლქში ხილს აწარმოებს.

მოჰამედ ჯაბერი საკუთარ სამშობლოში ცნობილია როგორც კონტრაბანდისტი და პროასადისტური შეიარაღებული დაჯგუფების — „უდაბნოს ფალკონების“ — ლიდერი. ეს დაჯგუფება ნავთობის ობიექტების დაცვით იყო დაკავებული. მისი დაჯგუფება რუსეთიდან იღებდა იარაღსა და სამხედრო ტექნიკას, მონაწილეობდა ბრძოლებში ლატაკიაში და პალმირაში. თავად ჯაბერი, როგორც „ფალკონების“ მეთაური, ფოტოზე პოზირებდა ადამიანის მოკვეთილი თავით. 2014 წელს მან რუსეთის მოქალაქეობა მიიღო” – წერს „პროექტი“.

batumelebi.netgazeti.ge