საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია GREDA-მ, ბრიტანეთის საელჩოს მხარდაჭერით, ახალ საგანმანათლებლო პროექტი „მწვანე მომავალი - განახლებადი ენერგიის შესახებ ცნობიერების ამაღლება ახალგაზრდებში“ განახორციელა.
პროექტის მიზანი, რომელიც მთელი საქართველოს მასშტაბით განხორციელდა, რეგიონის სკოლების უფროსკლასელებში განახლებადი ენერგიის, კლიმატის ცვლილებისა და გარემოს დაცვის საკითხებზე ცნობიერების ამაღლება გახლდათ.
როგორც რადიო „კომერსანტის“ ეთერში GREDA-ს პროექტების მენეჯერმა მატა გორდეზიანი განმარტა, ეს არის რიგით მეორე საგანმანათლებლო პროექტი, რომელიც ბრიტანეთის საელჩოსთან ერთად განხორციელდა. ამასთან, მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში შეხვედრები 10 სკოლის 400-მდე მოსწავლესთან ჩატარდა.
„პროექტის მიზანი იყო ცნობიერების ამაღლება განახლებადი ენერგიის შესახებ. ეს არის ძალიან პერსპექტიული დარგი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი მსოფლიოსთვის. მოსწავლეებს გავაცანით დარგის შესაძლებლობები, რათა იფიქრონ კარიერის ამ მიმართულებით მოწყობაზე. კონცენტრირებული ვიყავით რეგიონებზე, რადგან რეალურად სწორედ რეგიონებია, სადაც ენერგეტიკული პროექტები ხორციელდება და ეს ბავშვები არიან მომავალი თაობის წარმომადგენლები, რომელმაც საქართველოში დაგეგმილი პროექტები უნდა განახორციელონ.
პროექტს ძალიან დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ბევრმა სკოლამ მოგვმართა თხოვნით, მსგავსი შეხვედრები მათთანაც ჩატარდეს. შესაბამისად, ჩვენც ყველანაირად შევეცდებით, ეს მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ“, - აცხადებს მატა გორდეზიანი.
რაც შეეხება დიდი ბრიტანეთის დაინტერესებას, როგორც საქართველოში ბრიტანეთის საელჩოს ეკონომიკური და კომერციული ოფიცერი ლევან ფანგანი აცხადებს, უაღრესად მნიშვნელოვანია მწვანე ენერგიის მიმართულებით მოსწავლეებისთვის ობიექტური, რეალური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებაში გავრცელებული არაერთი არასწორი ინფორმაციის ფონზე.
„მოხარულები ვართ, რომ მოგვეცა საშუალება, მხარი დაგვეჭირა „გრედასთვის“. რა თქმა უნდა, პირველი არის განათლება, განსაკუთრებით, განათლება მწვანე ენერგიის მიმართულებით და ბავშვი, სკოლის მოსწავლე არის გადაცემის ძალიან მნიშვნელოვანი არხი, რომელიც წარმოშობს ცვლილებებს, კადრებს, რომლებიც ამ მიმართულებით დასაქმდება, მით უმეტეს, ქვეყანაში, რომელსაც გაცხადებული მიზანი აქვს, რომ გახდეს ენერგო დამოუკიდებელი. მეორე, ბრიტანეთი თავად არის განახლებადი მწვანე ენერგიის ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა მსოფლიოში, რომლის ენერგიის 90% 2030 წლისთვის მწვანე იქნება. მესამე ფაქტორია რეგიონის მოცვა. იმაზე კარგი რა შეიძლება გააკეთო, როცა სკოლის მოსწავლეებს აძლევ საშუალებას, ისწავლონ უფრო მეტი ენერგეტიკაზე ისეთი პროფესიონალებისგან, როგორებიც „გრედას“ თანამშრომლები არიან.
მსგავსი აქტივობები გადამწყვეტ როლს თამაშობს პირველ რიგში, ცნობიერების ამაღლების კუთხით, რადგან ვფიქრობ, განახლებად ენერგიებთან დაკავშირებით არასწორი შეხედულებები არსებობს. გარდა ამისა, იმისთვის, რომ ამ მიმართულებით შედეგები დაიდოს, აუცილებელია კადრები. რაც ყველაზე ძალიან მომწონს „გრედას“ ღონისძიებებში, ეს არის ძალიან დეტალური, მარტივად ახსნილი ინფორმაცია, რომელსაც სკოლის მოსწავლეებს აწვდიან. ერთი მხრივ, ეს ამაღლებს ცნობიერებას და მეორე მხრივ, ეს არის კარიბჭე იმისთვის, რომ ადამიანები ენერგეტიკული საკითხებით დაინტერესდნენ. მაქსიმალურად ვცდილობთ, ორი ქვეყანა დავაკავშიროთ ერთმანეთთან იმისთვის, რომ საქართველომ ეკონომიკური სარგებელი მიიღოს, გაიზიაროს ცოდნა-გამოცდილება, რომელიც ბრიტანეთს უკვე აქვს“, - აცხადებს ლევან ფანგანი.