RENTALS & Eristavi Estates-ის მმართველი პარტნიორი ზურაბ ერისთავი საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიმოხილვაში გამოკვეთილ აქცენტებს ეთახმება, რომლის მიხედვით, უძრავი ქონების გაყიდვებში ქართველები ყველაზე დიდ სურათს ქმნიან. ამის შესახებ უძრავი ქონების სააგენტოს მმართველმა პარტნიორმა გადაცემა "საქმიან დილაში" ისაუბრა.

„ქართველი ადამიანი ქართული ბაზრისთვის ყველაზე ორგანულია და ყველაზე მნიშვნელოვანი კლიენტია. შესაბამისად, ის ტენდენცია, რაც 20 წლის წინ დაიწყო და ოჯახების გაყოფა ხდება, ახალ წყვილებს სჭირდებათ შედარებით პატარა ბინები, ეს მიმართულება ყოველთვის აქტიურია. ამას ხელს უწყობს მაგალითად, საბანკო დაკრედიტებაზე წვდომა. ჩვენ გვქონდა გარკვეული შეზღუდვები, თუმცა ახლა ეს შეზღუდვები გაცილებით ნაკლებია. შესაბამისად, დაკრედიტების წილმაც მოიმატა. რაც შეეხება რუსულ გავლენას ამ ყველაფერზე. ნამდვილად შეინიშნებოდა დიდი აქტივობა. ყოველ შემთხვევაში იმ ფონზე, რასაც ადრე ვაკვირდებოდით, წილი ძალიან გაიზარდა. განსაკუთრებით გაიზარდა რუსეთის მოქალაქე, ეროვნებით ქართველების მიერ უძრავი ქონების შეძენის წილი საქართველოში“, - განაცხადა ერისთავმა.

მისივე თქმით, მოთხოვნა ეხება ყველა კატეგორიის ბინას, დაწყებული ეკონომ კლასიდან, დამთავრებული პრემიუმ კლასით.

„ჩვენი სეგმენტი პრემიუმ-კლასის უძრავი ქონებაა, ამ დონეზე ვაკვირდებით და მოთხოვნა ჯერჯერობით არსებობს. შემცირდა ბინებზე მოთხოვნა დაქირავების კუთხით ამ სეგმენტიდან, რადგან ეს ხალხი მეტნაკლებად დაბინავდა, გადანაწილდნენ სხვა ქვეყნებში. ისეთი ზეწოლა ბაზარზე აღარ არის. ახლა უკვე გაჩნდა დროებითი გადაწყვეტილების, ანუ ბინის დაქირავება, დაგირავების საკითხი. ამ პროცესსაც დიდი ხანია ვაკვირდებით და ძალიან ბევრ ადამიანს ვიცნობ, ვინც თბილისში ჩამოვიდა ბინის სანახავად, მაგრამ გადაწყვეტილება არ მიიღო, რისი საფუძველიც იყო რუსეთ-უკრაინის ომი.

ამ ხალხს ძირითადად უნდა აქ მშვიდად ყოფნა, უნდათ შვილები გამოარიდონ საფრთხეებს და ა.შ. ვერ ვიტყვით, რომ განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნაა, თუმცა იმ სურათთან შედარებით, რაც ადრე იყო, ახლა გაზრდილია. მოთხოვნა არსებობს ყველა სეგმენტში, თუმცა ეს არ ქმნის ბაზრის საერთო სურათს. ბათუმსა და თბილისში ამ ხალხის გამოჩენამ ნამდვილად გამოიწვია უძრავი ქონების გაძვირება“, - თქვა მან.

მისი თქმით, უძრავი ქონების ბაზარზე განვითარებული მოვლენები დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორ წარიმართება მოვლენები ჩვენს მეზობელ ქვეყნებში.

„თუ ჩვენ შევინარჩუნეთ ღია კარის პრინციპი რუსეთის მოქალაქეებისთვის და იქ მოვლენები კიდევ უფრო დაიძაბა, ვერ გამოვრიცხავთ, რომ ეს ხალხი ერთ ტალღად კიდევ შემოვიდეს.
გარდა ამისა, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს არა რუსეთის კუთხით ექნება გავლენა ევროპული და სხვა ქვეყნების ინვესტიციების თვალსაზრისით. არ მგონია, რომ ამ გადაწყვეტილებებმა რუსეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე იმოქმედოს. ეს უფრო გრძელვადიან პერსპექტივაში იმოქმედებს, საქართველოს სტაბილურობაზე ევროპის თვალით დანახული“, - თქვა მან.

Galt & Taggart-ის თბილისის უძრავი ქონების ბაზრის განახლებული მიმოხილვის მიხედვით, თბილისში უძრავი ქონების ბაზარი შემცირდა. მარტში დედაქალაქში 229 მლნ 400 ათასი დოლარის ღირებულების ბინები გაიყიდა, რაც წლიურად 8.4%-იანი კლებაა. აღსანიშნავია, რომ ჯამურად 2024 წლის პირველ კვარტალში 717 მლნ 400 ათასი დოლარის ღირებულების 9 506 ბინა გაიყიდა. ღირებულება 2.5%-ით არის გაზრდილი, რაოდენობრივად კი, 2%-ზე მეტით შემცირებაა. საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის თანახმად, თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე ყველაზე დიდ მოთხოვნას საქართველოს მოქალაქეები ქმნიან, რაც მთლიანი გაყიდვების 85%-ს შეადგენს. რაც შეეხება ქირას, 2024 წლის მარტში თბილისში საშუალო ზომის ბინის ქირამ კვადრატულზე 9.9 აშშ დოლარი შეადგინა, რაც თვიური 0.2%-იანი შემცირებაა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის დეკემბრიდან მოყოლებული ბინის საშუალო ქირას კლების ტენდენცია აქვს.

წყარო: bm.ge