„თუ რუსეთ-უკრაინის ომი შეწყდა და შეთანხმებას მიაღწიეს, მე ვფიქრობ, რომ საგრძნობლად გაიზრდება ტვირთნაკადი“, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელმა პაატა ცაგარეიშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებასთან დაკავშირებით სამშვიდობო მოლაპარაკებები კვლავაც მიმდინარეობს. 2022 წელს რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის შემდეგ, სატვირთო გადაზიდვების კუთხით საქართველოს დერეფნებზე მოთხოვნა გაიზარდა. „ბიზნესპრესნიუსი“ ამჯერად დაინტერესდა, ომის დასრულების შემთხვევაში, გადაზიდვების კუთხით როგორი იქნება საქართველოზე გავლენა.

როგორც ჩვენთან საუბრისას პაატა ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რუსეთ-უკრაინის ომის დასრულების შემთხვევაში, შესაძლოა, გადაზიდვების კუთხით შესაძლებლობა გაჩნდეს.

კერძოდ, მისი თქმით, ომის შემდგომ უკრაინას აღდგენის პროცესში დასჭირდება, მაგალითად, სამშენებლო მასალებით მომარაგება. ცაგარეიშვილის მოსაზრებით, მსგავსი ტვირთების გადატანის პროცესში შესაძლოა, საქართველოს დერეფნებზე მოთხოვნა გაჩნდეს.

„მე ასე ვუყურებ საკითხს - თუ ომი დასრულდა, უკრაინას დასჭირდება სამშენებლო მასალებით მომარაგება, თუ არა საქართველოს დერეფნის გავლით, სხვა საიდან უნდა წაიღონ, რუსეთის გავლით ხომ არ წაიღებენ? ამიტომ, შესაძლოა, ომის დასრულება გადაზიდვების კუთხით საქართველოსთვის შესაძლებლობა იყოს. თუნდაც ამ ერთი კომპონენტის გამო, შესაძლოა, ბევრად გაიზარდოს ტვირთები. მოხდება ჩვენი ტრაილერის თურქეთში შესვლა, რადგან დიდი მოთხოვნა იქნება კონსტრუქციებსა და თუ სამშენებლო მასალებზე, ხოლო ის პარკი, რაც თურქეთს აქვს, არ იქნება საკმარისი, რომ უკრაინა მოამარაგონ - თუ უკრაინის აღდგენაზე დადგა საკითხი, ბუნებრივია, საქართველო ჩაერთვება ამ გადაზიდვებში. ჯერ გაურკვეველია, როგორ დალაგდება ეს ყველაფერი, მაგრამ თუ ომი შეწყდა და შეთანხმებას მიაღწიეს, მე ვფიქრობ, რომ საგრძნობლად გაიზრდება ტვირთნაკადი“, - განაცხადა პაატა ცაგარეიშვილმა.

www.bpn.ge