"ეს იყო ბენზინი და არა დიზელი, 300 ტონა ბენზინი, და გალის იქით არ გასულა. თუ კიდევ იქნება მოთხოვნა, კიდევ შევიტანთ. სურვილი სულ არის, რომ რაღაცები გაკეთდეს, მაგრამ თუ ახლა ჯვარზე გაგვაკრეს, აღარ მინდა მერე არაფერი". - უთხრა ბიზნესპრესნიუსს შპს სოლიდუსის მფლობელმა გიორგი არველაძემ ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანის შესახებ.
ამასთან ერთად, გამოცემას არველაძემ უთხრა, რომ ყველაფერი "კანონით გათვალისწინებული მექანიზმის ფარგლებში მოხდა".
"დიდი ხანია აფხაზებთან ერთად ვსაქმიანობ, მყავს აფხაზი პარტნიორები. ყოველთვის ვეძებ ახალ შესაძლებლობებს. ჰოდა, ეს მოხდა იმიტომ, რომ საწვავი აღარ არის ბაზარზე, მარაგებს ვერ ანაწილებენ. ჩასული ვიყავი და აფხაზ პარტნიორებთან მქონდა საუბარი, რომ ჩვენ აქედან გალის მოსახლეობას მივაწვდიდით ბენზინს. 300 ტონა შევიტანეთ, 10 მანქანა, სულ სამი დღის განმავლობაში... ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისი იქმნებოდა, ეს რომ არ შეგვეტანა, 20-ლიტრიანი კანისტრებით დაიწყებდა 40 ათასი ქართველი გადმოსვლას ზუგდიდში. ამიტომაც გადაწყდა, რომ ჯობდა მე შემეტანა ჩემს აფხაზ მეგობრებთან ერთად - ეს პირველი ტრანზაქციაა 33 წლის განმავლობაში. ყველაფერი კანონით გათვალისწინებული მექანიზმის ფარგლებში მოხდა". - თქვა ბიზნესპრესნიუსთან არველაძემ.
ცნობისთვის, კომპანია ქონექთმა 15 აგვისტოს რესპოლის განცხადება გაავრცელა. განცხადება სოლიდუსის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში გაყიდულ საწვავს ეხება, რომელიც კომპანიამ რესპოლისგან შეიძინა. რესპოლი ქართულ ბაზარზე ქონექთის ბრენდის სადგურებით ოპერირებს.
კომპანია განცხადებაში ადასტურებდა, რომ სოლიდუსმა საწვავი მათგან შეიძინა, მათივე განცხადებით, "ის, თუ სად განახორციელებს შპს „სოლიდუსი“ ნაყიდი ნავთობპროდუქტების რეალიზაციას" მათთან "არ თანხმდება". კომპანიის განცხადებითვე, ისინი სრულად იცავენ საქართველოს კანონმდებლობასა და საერთაშორისო რეგულაციებს.
"დამატებით ვაზუსტებთ, აღნიშნული მიწოდება იყო სახელშეკრულებო ვალდებულების ფარგლებში და დამატებით მიწოდებას შპს სოლოდუსზე აღარ ვგეგმავთ". - წერს რესპოლი გავრცელებული განცხადების კომენტარში.
tabula.ge