ტელეკომპანია "იმედის" მფლობელი, ირაკლი რუხაძე ფიქრობს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მას, როგორც აშშ-ის მოქალაქეს "ვერ დაასანქცირებს". რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, ამით იგი გამოეხმაურა წერილს, რომელიც შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივან მარკო რუბიოს კონგრესიდან გაუგზავნეს. წერილი რადიო თავისუფლებას ანონიმურმა წყარომ მიაწოდა.
"რა თქმა უნდა, მე სანქციები არ მახარებს. არ მგონია, რომ მე სანქციები მემუქრება, შემიძლია, ვრცლად ავხსნა, რატომ მგონია... მაგრამ საერთოდ, ამ სიტუაციაში რომ ვარ და ამ ფორმაში, არ მახარებს იმიტომ, რომ მე დამასანქცირა უკრაინამ, რომელიც ძალიან მიყვარს... უზარმაზარი ბიზნესი მაქვს აწყობილი უკრაინაში, ვგიჟდები უკრაინაში სიარულზე, ყოველთვის მიყვარდა და წარმოუდეგენელი ტრაგედია იყო, როდესაც რუსეთი შეიჭრა უკრაინაში. [...]" - ამბობს ირაკლი რუხაძე და ამტკიცებს, რომ "აშშ თავის მოქალაქეს არ ასანქცირებს". რუხაძე ირწმუნება, რომ სიაში, რომელიც შეერთებული შტატების მომავალ სახელმწიფო მდივანს გაუგზავნეს, ჩაწერეს იმ ბიზნესმენთა სახელები, რომლებიც საქართველოს ეკონომიკის "უზარმაზარ ნაწილს" აკონტროლებენ.
"მე ამერიკა ვერ დამასანქცირებს იმიტომ, რომ სანქციის აზრი იკარგება... შეიძლება სხვა ქვეყანამ დამასანქციროს, ამერიკა ვერ. მე სადაც მოქალაქე ვარ, ის ქვეყანა ვერ დამასანქცირებს. იქ [წერილში] შეყარეს დიდი სია ხალხის, რომელიც ერთად აღებული ვაკონტროლებთ ეკონომიკის უზარმაზარ ნაწილს. ეს გაიზრდება იმიტომ, რომ მიდის მცდელობა, რომ დაანგრიოს საქართველოს ეკონომიკა. ჩვენ ვიცით, რომ თუ ეკონომიკა კარგად მიდის, ხალხი მთავრობას არ ცვლის...", - ამბობს იგი.
რადიო თავისუფლებამ ირაკლი რუხაძეს, ასევე ჰკითხა ანონიმური წყაროს მიერ მიწოდებული კიდევ ერთი წერილის შესახებ, რომელიც ეხება უშუალოდ ტელეკომპანია იმედის მფლობელს. მეორე წერილი 15 იანვრით თარიღდება და შეერთებული შტატების მომავალ გენერალურ პროკურორთან, პამელა [პემ] ბონდთან არის გაგზავნილი იმ დღეს, როდესაც კონგრესში მისი მოსმენა გაიმართა.
"წერილში, რომელიც ჩვენ გვაქვს ნანახი, პამელა ბონდს სთხოვენ, რომ შეისწავლონ თქვენი ბიზნეს საქმიანობა, რომელიც "თაღლითურად" არის მოხსენიებული. აქვე ნათქვამია, რომ თქვენ ხართ აშშ-ის მოქალაქე და ამის გათვალისწინებით, გაცილებით მეტი პასუხისმგებლობა გეკისრებათ შეერთებული შტატების ხაზინის მიერ დასანქცირებულ პირებთან ურთიერთობაში. იცოდით, რომ ასეთი წერილი არსებობდა?" - ჰკითხა რუხაძეს ჟურნალისტმა, რაზეც მან უპასუხა, რომ არ იცის, მაგრამ "დარწმუნებულია" და "იცის" ვინ დაწერა, რადგან იგი "დაემუქრა".
"სახელს და გვარს არ დავასახელებ, რადგან 100%-ით ვერ გეტყვით, დამემუქრა. ორი დღით ადრე ვკამათობდით ამ თემაზე და მივწერო ვიღაცას... მე ვუთხარი, რომ ჩემი აზრი შეიძლება მქონდეს... შენო ამერიკის მოქალაქე ხარო... ისიც ამერიკის მოქალაქეა და შენო შენი ქვეყნის წინააღმდეგ მიდიხარო. მეო მივწერო წერილს პროკურორსო. ახლა, არ ვიცი, იმან მიწერა თუ არა", - ამბობს რუხაძე.
ჟურნალისტმა ირაკლი რუხაძეს, ასევე ჰკითხა, რომ იმავე წერილში, საუბარია ტელეკომპანია "იმედზეც":
"["ტვ იმედი"] რეგულარულად გადასცემს [ბიძინა] ივანიშვილის პროპაგანდას ჩვენი ქვეყნის შეურაცხმყოფელი თემებით და ადანაშაულებს აშშ-ს მთელი მსოფლიოს პრობლემებში. ასახავს ეს "იმედის" საქმიანობას?" "რა თქმა უნდა, არ ასახავს, მე ძალიან მიყვარს ამერიკა. უბრალოდ მე სულ ვიძახი, რომ ამერიკა საქართველოში იცავს ამერიკის ინტერესს და არა საქართველოს ინტერესს. [...]", - ამბობს რუხაძე.
მისივე სიტყვებით, ეს წერილი მას" საერთოდ არ ადარდებს".
"რას მიზამენ? მიჩივლებენ სასამართლოში? მიჩივლონ. მე მადარდებს, როდესაც უსასამართლოდ... სანქცია რატომ არის წარმოუდგენლად უსამართლო ინსტრუმენტი? იმიტომ, რომ ინგლისმა რომ დამასანქციროს, ან ევროპამ, მე სასამართლოს უფლება არ მაქვს", - ამბობს ის.