ტრანზიტის გარეშე დაუტვირთავი დროებით ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზა, პირველ რიგში, აზარალებს მის ეკონომიკას, შემდეგ - რუსეთის პოლიტიკურ იმიჯს, შედარებით ნაკლებად - სომხეთს და უმნიშვნელოდ - საქართველოს, - ამის შესახებ "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი" (TCRC) წერს.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველო-რუსეთის დაპირისპირების პოლიტიკურ ასპექტებს თუ დროებით გვერდზე გადავდებთ და წინა პლანზე აფხაზეთის რკინიგზით სატრანზიტო გადაზიდვების სავარაუდო გახსნის ეკონომიკურ მდგენელს წამოვწევთ, მივალთ დასკვნამდე, რომ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკა „ჩიხური“ რკინიგზის არსებობის ვითარებაში ყველაზე მეტად ზარალდება.

„რუსეთისთვის ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის გახსნა მნიშვნელოვანია რამდენიმე მოსაზრებიდან გამომდინარე. პირველი - რუსეთი მაქსიმალურად ცდილობს აფხაზეთის ეკონომიკის საკვანძო მიმართულებები ნაბიჯ-ნაბიჯ გადაიყვანოს დოტაციურიდან რენტაბელურ რეჟიმზე.

ამისთვის, პირველ რიგში, აუცილებელია დროებით ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზა გახდეს მომგებიანი, ხოლო მომგებიანი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება, თუ იგი შეიძენს სატრანზიტო ფუნქციას, რადგანაც რუსეთზე დამოკიდებული სატვირთო გადაზიდვების სიმცირის გამო აფხაზეთის რკინიგზა მხოლოდ წამგებიანია.

რუსეთისთვის „ფიქტიური“ აღიარების გარდა, მნიშვნელოვანია შექმნას დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკის ძირითადი დარგების ფუნქციონირებისთვის მყარი საფუძვლები, რითაც თვალნათლივ წარმოაჩენს მის როლს აფხაზეთის აღორძინებაში.

მეორე - რუსეთისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია ინდოეთთან და ირანთან საქონელბრუნვის გაზრდა. სადღეისოდ რუსეთი აქტიურად ავითარებს „ჩრდილოეთ–სამხრეთ“ სატრანსპორტო დერეფანს, რომელიც ირან –აზერბაიჯან – რუსეთის გავლით უკავშირდება რუსეთის „ცენტრალურ“ რეგიონებს.

დროებით ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედების შემთხვევაში კი რუსეთს დამატებით ექმნება პერსპექტივა, დივერსიფიცირებული მარშრუტით, ინდოეთისა და ირანის ტვირთნაკადი მიმართოს რუსეთის „დასავლეთით“ განლაგებული რეგიონებისკენ.

სწორედ ამ თვალსაზრისით რუსეთმა შეიძინა არარენტაბელური სომხეთის რკინიგზა და ირიბად ყოველთვის ამჟღავნებს მზადყოფნას დაეუფლოს საქართველოს რკინიგზასაც. აფხაზეთის რკინიგზის გარანტირებულად განკარგვის პირობებში „სატრანსპორტო მარყუჟის“ შემოჭერით რუსეთი ადვილად დაეუფლება რეგიონის მნიშვნელოვან ტვირთნაკადებს, რაც უდავოდ მის სტრატეგიულ ამოცანას წარმოადგენს",- წერს TCRC.

როგორც "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი" აღნიშნავს, საქართველოსთვის დროებით ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის გახსნა მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ აფხაზეთის დაბრუნების პირობებში საქართველოს „უპირველეს“ ამოცანად უნდა იქნეს მიჩნეული იქ არსებული სატრანსპორტო კომუნიკაციების აღდგენა, რადგან გამართული კომუნიკაციების გარეშე წარმოუდგენელი იქნება აფხაზეთის ეკონომიკის სრულფასოვანი ფუნქციონირება.

"რაც შეეხება საქართველოსთვის დროებით ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზის გახსნით რუსეთიდან სომხეთში ან პირიქით დამატებითი ტვირთნაკადების ტრანზიტად გატარების შედეგად მიღებულ ეკონომიკურ სარგებელს, ასეთი ტვირთების მოცულობა მცირეა - დაახლოებით 1.5 - 2 მლნ ტონაა წელიწადში.

სომხეთის ტვირთი, სხვა ალტერნატივის არარსებობის გამო, აფხაზეთის რკინიგზის დაკეტვის შემთხვევაშიც ირიბად, როგორც დღეს მაინც იმოძრავებს ჩვენი ნავსადგურებისა და საავტომობილო გზების მეშვეობით. საქართველო ამით ფაქტობრივად, არაფერს არ დაკარგავს.

საქართველოსთვის დროებით ოკუპირებული აფხაზეთის გავლით ტრანზიტით მიღებული ეკონომიკური ეფექტი მნიშვნელოვანი იქნებოდა მაშინ, თუ ამ დერეფნით ცენტრალური აზიისა და ჩინეთის ტვირთების გადაზიდვა განხორციელდებოდა, რაც ნაკლებად სავარაუდოა, რადგან ცენტრალური აზიის ქვეყნებს სხვადასხვა დერეფნების გასწვრივ უკვე გააჩნიათ ტვირთების გადაზიდვებისთვის „დამკვიდრებული მარშრუტები“ და ტრანსპორტირებისა / გადატვირთვისთვის საჭირო დამატებითი ინფრასტრუქტურა (ტერმინალები, გადამამუშავებელი საწარმოები, ლოგისტიკური ცენტრები და ა.შ.). შესაბამისად, ცენტრალური აზიის ტვირთების გარეშე საქართველოსთვის აფხაზეთის რკინიგზის ამოქმედებით და სატრანზიტო გადაზიდვებიდან მიღებული ეკონომიკური ეფექტი უმნიშვნელო იქნება.

სომხეთის სტრატეგია უფრო გამჭვირვალეა. სატრანსპორტო იზოლაციისგან თავის დასაღწევად მას ესაჭიროება გადაზიდვების მარშრუტების დივერსიფიცირება. სომხეთის საექსპორტო პროდუქციას ევროპულ ბაზარზე ძირითადად ძვირადღირებული მადნები, ხოლო რუსეთის ბაზარზე მოთხოვნადი ალკოჰოლური სასმელები წარმოადგენენ. რაც შეეხება იმპორტირებულ პროდუქციას - ძირითადად ხორბალია.

სომხეთი საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის გამოყენებით ლარსზე გამავალი საავტომობილო გზით სარგებლობს. ლარსზე გამავალი დერეფანი სეზონური პირობების გამო ხშირად იკეტება. ამ გარემოებებიდან გამომდინარე, სომხეთის დაინტერესება მაღალია აფხაზეთის რკინიგზის გახსნით. უფრო მეტიც, სომხეთი მუდმივად გამოხატავდა მზადყოფნას აფხაზეთის რკინიგზის აღდგენის სამშენებლო კონსორციუმში მხარის სახით ჩართვასთან დაკავშირებით.

ბოლო პერიოდში, ზანგეზურის დერეფნის გახსნის ალბათობა, მნიშვნელოვნად ამცირებს სომხეთის სწრაფვას დროებით ოკუპირებული აფხაზეთის მონაკვეთის სატრანზიტო მიმართულების დებლოკირებასთან დაკავშირებით.

ყველაზე მეტად, შეიძლება ითქვას სასიცოცხლოდ, რკინიგზით სატრანზიტო გადაზიდვების უზრუნველყოფა დროებით ოკუპირებული აფხაზეთის ეკონომიკისთვის არის მნიშვნელოვანი. სადღეისოდ სატრანზიტო გადაზიდვების არარსებობის გამო აფხაზეთის რკინიგზა წამგებიან საწარმოს წარმოადგენს.

იმისთვის, რომ თვალნათლივ დავინახოთ, თუ რას წარმოადგენს დროებით ოკუპირებული აფხაზეთის რკინიგზა, აუცილებელია გაანალიზებული იქნეს რკინიგზის ინფრასტრუქტურის არსებული მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები",- წერს "სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.