საქსტატის მონაცემებით, 2025 წელს საქართველოში საშუალო თვიური შემოსავლები (ფულადი და არაფულადი სახსრები) ერთ შინამეურნეობაზე, წინა წელთან შედარებით, 12.4%-ით გაიზარდა და 2 131 ლარი შეადგინა, ხოლო საშუალო თვიური შემოსავლები ერთ სულზე 12.5%-ით გაიზარდა და 664 ლარს გაუტოლდა.
შინამეურნეობების შემოსავლების ძირითად წყაროს წარმოადგენს ფულადი შემოსავლები და ტრანსფერტები, რომლის წილიც 2025 წელს, წინა წელთან შედარებით, 0.1 პ.პ.-ით გაიზარდა და 90.5% შეადგინა. აღნიშნული მაჩვენებელი ქალაქის ტიპის დასახლებებში 94.2%-ს, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 83.2%-ს შეადგენდა.
ქალაქის ტიპის დასახლებებში საშუალო თვიური შემოსავლები ერთ შინამეურნეობაზე 12.9%-ით გაიზარდა და 2 233 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 11.3%-ით გაიზარდა და 1 954 ლარს გაუტოლდა.
ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილი დაქირავებული შრომიდან მიღებულ შემოსავლებს უჭირავს, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 1.7 პ.პ.-ით გაიზარდა და 49.3% შეადგინა. თვითდასაქმებიდან მიღებული შემოსავლების წილი 0.7 პ.პ.-ით გაიზარდა და 13.3%-ს გაუტოლდა. პენსიებიდან, სტიპენდიებიდან და სოციალური დახმარებებიდან მიღებული შემოსავლების წილი წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 0.3 პ.პ.-ით შემცირდა და 21.9% შეადგინა. ფულადი შემოსავლებისა და ტრანსფერტების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში.
2025 წელს საქართველოში საშუალო თვიური ხარჯები, წინა წელთან შედარებით, 11.6%-ით გაიზარდა და ერთ შინამეურნეობაზე გაანგარიშებით 1 936 ლარი, ხოლო ერთ სულზე - 603 ლარი შეადგინა.
საქსტატის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს, წინა წელთან შედარებით შინამეურნეობების სამომხმარებლო ფულადი ხარჯების წილი მთლიან ხარჯებში 0.5 პ.პ.-ით შემცირდა და 69.3% შეადგინა.
საშუალო თვიური ხარჯები ერთ შინამეურნეობაზე ქალაქის ტიპის დასახლებებში 11.1%-ით გაიზარდა და 2 015 ლარი შეადგინა, ხოლო სოფლის ტიპის დასახლებებში 12.2%-ით გაიზარდა და 1 799 ლარს გაუტოლდა.
სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურაში ყველაზე მაღალია სურსათზე, სასმელზე და თამბაქოზე გაწეული ხარჯები, რომლის წილი წინა წელთან შედარებით 0.6 პ.პ.-ით გაიზარდა და 38.7% შეადგინა. სამომხმარებლო ფულადი ხარჯების სტრუქტურა განსხვავდება ქალაქისა და სოფლის ტიპის დასახლებებში.