შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის და ზოგადად რეგიონალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რაც ყველასთვის გადამწყვეტია, - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიების განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, თავდაპირველად, პროექტი აქტუალური არ იყო, დროში საკმაოდ გაჭიანურდა და ევროპარლამენტისა და ევროსაბჭოს მხრიდან ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი ახლა, 2026 წელს მიენიჭა. მანვე აღნიშნა, რომ კონფლიქტმა და პოლიტიკურმა პროცესებმა კიდევ უფრო დააჩქარა საქართველოს მნიშვნელობა.

"შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ჩენს ქვეყანას ძალიან დიდ მნიშვნელობასა და დატვირთვას სძენს რეგიონში და არა მხოლოდ. ჩვენ ყოველთვის გვეუბნებოდნენ, რომ ევროპასთან არ გვაქვს ფიზიკური საზღვარი და დამაკავშირებელი საშუალება. სწორედ ეს პროექტი გვაძლევს ამ შესაძლებლობას და შანსს. 

ასეთი უნიკალური პროექტი მსოფლიოში არ არსებობს. ინფრასტრუქტურულად საკმაოდ რთულად განსახორციელებელი პროექტია, რადგან ტექნიკური თვალსაზრისით და გარემოს დაცვის სტანდარტების გათვალისწინებით საკმაოდ კრიტიკულია. მიუხედავად ამისა, ქართველებმა აიღეს პასუხისმგებლობა, რომ ეს მოცემულობა ადეკვატურად შეაფასონ და შანსი გამოიყენონ. 

მსოფლიოში ელექტროენერგია ყველაზე დიდი მოთხოვნის ქვეშ არის. სწორედ აქედან გამომდინარე ის პროდუქტი, რომლის წარმოების საშუალებაც ჩვენ გვაქვს - შესაძლებლობას გვაძლევს მოვახდინოთ ელექტროენერგიის ექსპორტი ევროპულ ბაზარზე. ევროპა ახლა ელექტროენერგიის სერიოზულ დეფიციტს განიცდის და ასეთ დროს ფასი ყოველთვის უფრო მზარდია. აქედან გამომდინარე, ეს პროდუქტი შეგვიძლია ვაწარმოოთ, გავიტანოთ ექსპორტზე და მივიღოთ ის შემოსავალი, რომელიც ქვეყანას სერიოზულ ეკონომიკურ დოვლათს მოუტანს. გარდა ამისა, პროექტი უზრუნველყოფს ჩვენი ქვეყნის და ზოგადად რეგიონალურ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას, რაც ყველასთვის გადამწყვეტია. ამასთან ჩვენი მიზანი არის ენერგოდამოუკიდებლობა. იმპორტდამოკიდებულება იზრდება და შესაბამისად, უკვე კრიტიკულად მნიშვნელოვანია ეს საშუალება გამოვიყენოთ და ვთქვათ, რომ ინვესტიციები უნდა მოვიზიდოთ როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო თვალსაზრისით", - აცხადებს მაია მელიქიძე.

ცნობისთვის, ევროპარლამენტმა და ევროსაბჭომ შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტს ორმხრივი ინტერესის პროექტის (PMI) სტატუსი მიანიჭა.

bp.ge