ყაზახეთიდან ნავთობის ექსპორტი მას შემდეგ შემცირდა, რაც უკრაინული დრონების თავდასხმებმა და შტორმმა ნოვოროსიისკში მდებარე "კასპიის მილსადენის კონსორციუმის" (CPC) საზღვაო ტერმინალის მუშაობა შეაფერხა. იანვარში შეფერხება იყო ქვეყნის უმსხვილეს ნავთობსაბადო თენგიზზეც - ამის შესახებ Euronews-ი წერს.
ნოვოროსიისკის ტერმინალი ყაზახური ნავთობის ძირითად ნაწილს ევროპული ნავთობგადამმუშავებელი ქარხნებისთვის განკუთვნილ ტანკერებზე ტვირთავს.
2025 წლის 29 ნოემბერს საზღვაო დრონებით თავდასხმამ მწყობრიდან გამოიყვანა ტერმინალის ერთ-ერთი ღრმაწყლოვანი ნავსადგომი, რომლის გამტარუნარიანობაც დღეში 800,000 ბარელამდეა.
13 იანვარს კი დრონები ორ ტანკერს - Matilda-სა და Delta Harmony-ს დაესხნენ თავს, რომლებიც ყაზახური ნავთობის ჩატვირთვას ელოდნენ.
ხელისუფლების ცნობით, ორივე ხომალდი იმ მომენტში ცარიელი იყო. მსხვერპლი ან ნავთობის დაღვრა არ დაფიქსირებულა.
მინისტრმა თავდასხმებით გამოწვეულ ფინანსურ ზარალზეც ისაუბრა და თქვა, რომ "ნავთობი ჯერ არც ტრანსპორტირებულია და არც გაყიდული. ის მომავალი საბაზრო ფასებით გაიყიდება. სრული მონაცემები და ციფრები მხოლოდ ტრანზაქციების დასრულების შემდეგ გვექნება".
ექსპორტზე ასევე იმოქმედა წლის დასაწყისში გიგანტურ საბადო თენგიზზე მომხდარმა დროებითმა შეფერხებამ. Chevron თენგიზს მსოფლიოში ყველაზე ღრმა "სუპერგიგანტ" საბადოს უწოდებს. ის დაახლოებით 11.5 მილიარდი ბარელის მოცულობის მარაგს ფლობს, თუმცა მოპოვება ტექნიკურად რთულია. თენგიზის სიმძლავრე დღეში 900,000 ბარელამდეა, თუმცა გათიშვამდე ის დღიურად დაახლოებით 360,000 ბარელს აწარმოებდა.
შეფერხებებმა შეამცირა CPC Blend-ის (მსუბუქი, დაბალგოგირდიანი ნავთობი, რომელიც ევროპელ გადამმუშავებლებს მოსწონთ) მიწოდება.
შესაბამისად, შემცირებულმა გადაზიდვებმა იანვარში ევროპაში ნავთობის ფასების ზრდას შეუწყო ხელი, რადგან მყიდველები იძულებულნი გახდნენ, ალტერნატიული ბაზრები მოეძებნათ.
ევროკავშირის ნავთობის იმპორტში ყაზახეთის წილი 12%-ზე მეტია და ის დიდი ხანია განიხილება, როგორც საკვანძო პარტნიორი მომარაგების დივერსიფიკაციის კუთხით. 2024 წელს ქვეყანამ თავისი დღიური წარმოების (1.8 მლნ ბარელი) უმეტესი ნაწილი სწორედ ევროპაში გაიტანა.
ამჟამად CPC-ის სამი ნავსადგომიდან ორი მუშაობს. CPC სისტემას წელიწადში 72 მილიონ ტონაზე მეტი ნავთობის გადატანა შეუძლია და მის აქციონერებს შორის არიან რუსეთი, Shell, Eni და სხვა საერთაშორისო კომპანიები.