საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაცია - GREDA, 7 წელზე მეტია, საქართველოს განახლებადი ენერგიის წყაროების განვითარებასა და პოპულარიზაციაზე ზრუნავს.
გუნდის მთავარი მიზანი განახლებადი ენერგიის სექტორში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებაა.
აღნიშნული მიზნების განსახორციელებლად, GREDA აქტიურად თანამშრომლობს როგორც პროფილურ, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და საჯარო სექტორთან.
„კომერსანტის დილასთან“ GREDA-ს იურისტმა, ლევან კოკაიამ იმ სამართლებრივ მიმართულებებზე ისაუბრა, რომელზედაც განახლებადი ენერგიის ასოციაცია ბენეფიციარებთან და საჯარო უწყებებთან თანამშრომლობს.
„გრედას“ საქმიანობის ერთ-ერთი ფუნდამენტური მიმართულება მისი წევრების სამართლებრივი მხარდაჭერაა. თუმცა, ამ მხარდაჭერის ქვეშ ჩვენ არ მოვიაზრებით იმ ტიპის მხარდაჭერას, როგორსაც მაგალითად იურიდიული კომპანიები სთავაზობენ თავიანთ კლიენტებს.
ჩვენ იურიდიული მხარდაჭერის ქვეშ მოვიაზრებთ სექტორის ადვოკატირებას ამ სიტყვის ფართო გაგებით.
ამ პროცესში შეიძლება გამოიყოს სამი ძირითადი აქტივობა:
- ჩვენს წევრებს პერმანენტულად ვაწვდით ფართო ანალიტიკას, რა საკანონმდებლო და სამართლებრივი ცვლილებები შევიდა განახლებადი ენერგიების მარეგულირებელ მოქმედ კანონმდებლობაში და აღნიშნულ სიახლეებს გადავცემთ ანტიკური განმარტებით.
ჩვენ ხშირად მოგვმართავენ ბენეფიციარები და წევრები კითხვით, თუ რა სარგებლის მიღება შეუძლიათ მათ ამ საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, ან როგორ შეუძლიათ ეს ცვლილებები თავიანთ საქმიანობაში დანერგონ. ვერ ვიტყოდი, რომ მთლად კონსულტაცია გავცემთ, მაგრამ ნორმების განმარტებას ვცდილობთ, რაც შესაბამისად დიდი სარგებლის მომტანია ჩვენი წევრებისთვის.
- მეორე მიმართულებაა, იმ მარეგულირებელ სამართლებრივ აქტებში არსებული შესაძლო ხარვეზების იდენტიფიცირება, რომლებიც არეგულირებს ჩვენს წევრებს, ანუ კომპანიებსა და ცალკეულ სახელმწიფო უწყებებს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს. უფრო დეტალურად, ჩვენ ვპოულობთ საკანონმდებლო ხარვეზებს და ვახორციელებთ შესაბამის კვლევას, ანალიზს და მივმართავთ პასუხისმგებელ სახელმწიფო უწყებებს, არა მხოლოდ ნორმების კრიტიკით, არამედ ვაწვდით ჩვენი ასოციაციების შემუშავებულ ალტერნატივებს, თუ რა მიმართულებით აჯობებდა ესა თუ ის ურთიერთობა დარეგულირდეს, რატომ სჯობს ჩვენ მიერ შეთავაზებული ალტერნატივა და რა სარგებელს მოუტანს ორივე მხარეს.
- მესამე მიმართულება არის საკუთრივ ჩვენი საკანონმდებლო აქტიურობა, ამ მიმართულებით ჩვენ გვაქვს დამუშავებული არა ერთი კანონპროექტი. მათგან გამოვყოფდი განახლებადი ენერგიების ზემოქმედების არეალში მცხოვრებ ადგილობრივ თემებზე, გრძელვადიანი სარგებლის განაწილების შესახებ საქართველოს კანონპროექტს, რომელიც დამუშავებულია მთლიანად ჩვენი ასოციაციის მიერ, ჩვენივე ინიციატივით.
ამ კანონპროექტის გარდა ჩვენ არ მოვიაზრებთ მხოლოდ ერთ განზოგადებულ კანონპროექტს, არამედ მოვიაზრებთ მთლიან საკანონმდებლო პაკეტს, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მომიჯნავე კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილებების შეტანის კუთხით“,- ამბობს GREDA-ს იურისტი.
ლევან კოკაიას თქმით, GREDA-ს წევრი ორგანიზაციებისთვის ყველაზე დიდი ზიანის მომტანი დროში გაწელილი ბიუროკრატიაა, რომელიც საბოლოო ჯამში კომპანიას არა მხოლოდ რეპუტაციულად, არამედ ფინანსურადაც აზარალებს.
,,ძირითადად ასოციაციის წევრ კომპანიებს რაც აწუხებთ ეს არის გადამლაშებულ ბიუროკრატიასთან ურთიერთობა და ამის შედეგად იმ ზიანის იდენტიფიცირება, რაც მათ ადგებათ. ჩვენ ვერ გამოვრიცხავთ ბიუროკრატიის არსებობას, მაგრამ ის უნდა იყოს გონივრული. ერთ-ერთი ასეთი შეიძლება იყოს ურთიერთობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან გარემოზე ზემოქმედების ანგარიშის წარდგენის თვალსაზრისით. ჩვენი სექტორისთვის დროში გაწელილი ბიუროკრატია ძალიან დიდი ზიანის მომტანია, განსაკუთრებით კი მომავლის პროექტებისთვის.
როცა კომპანია მოიპოვებს უფლებას ამა თუ იმ ტერიტორიაზე ააშენოს ელექტროსადგური, მას და კომპანიას შორის იდება შესაბამისი მემორანდუმი, სადაც ინვესტორს ეკისრება მთელი რიგი ვალდებულებები, რომ მან დროულად უნდა განახორციელოს სავალდებულო ღონისძიებები, მაგალითად, ცალკეული კვლევები და სხვ. თუ ინვესტორი კონკრეტულ ვადებშივერ მოასწრებს, მას შეიძლება დაეკისროს პირგასამტეხლო, ანუ ფინანსურად დაზარალდეს. როცა ინვესტორი მოწადინებულია და ცდილობს ვალდებულებები შეასრულოს და მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, რაღაც დროში რომ ვერ მოესწრება და დაჯარიმდება, რა თქმა უნდა, ეს უდიდესი ზიანი არის კომპანიისთვის“,- თქვა ლევან კოკაიამ.
ქრისტინა კვაჭანტირაძე