საქართველოში დასაქმებულთა დაახლოებით 2%-ს 9 ათას ლარზე მაღალი ხელფასი აქვს, ყველაზე მაღალი 600 ლარზე ნაკლები ხელფასის მქონე ადამიანების წილია, - ამის შესახებ ეკონომისტმა ირაკლი მაკალათიამ რადიო "კომერსანტის" ეთერში ისაუბრა. 

მისი თქმით,  საშუალო ნომინალური ხელფასით შრომის ბაზრის მდგომარეობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევაფასოთ. 

,,გვყავს ისეთი ადამიანები, რომლებსაც საშუალოზე ბევრად დაბალი ხელფასები აქვთ. ხშირ შემთხვევაში, მათგან არის ხოლმე უკმაყოფილება, რაც ძალიან ლოგიკურია. ასევე, გვყავს მაღალ ხელფასიანი ადამიანებიც. ამიტომ, ამ ერთი კონკრეტული მაჩვენებლით - საშუალო ხელფასით შრომის ბაზრის დინამიკა და შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობა არავითარ შემთხვევაში არ უნდა შევაფასოთ. ეს ძალიან ზოგადი მაჩვენებელია",- ამბობს მაკალათია. 

მაკალათია აღნიშნავს, რომ საქართველოში ყველაზე მაღალი ხელფასები საბანკო-საფინანსო სექტორში ფიქსირდება, მაშინ როცა სოფლის მეურნეობასა და განათლებაში ისინი ყველაზე დაბალია. 

,,თუ გვინდა, რომ ხელფასების დინამიკა და სტრუქტურა უფრო დეტალურად განვიხილოთ, სხვა სტატისტიკური მაჩვენებლები უნდა გამოვიყენოთ. სტატისტიკურ მაჩვენებლამდე სტრუქტურული ანალიზი გავაკეთოთ და სექტორების მიხედვით ვნახოთ, რა მდგომარეობაა ხელფასების მიმართულებით. შედეგად, კარგად დავინახავთ, რომ საფინანსო-საბანკო სექტორში ყველაზე მაღალია ხელფასების განაწილება, ხოლო სოფლის მეურნეობასა და განათლებაში - ყველაზე დაბალი. შესაძლებელია, შეფასება მოხდეს რეგიონულ ჭრილში და ვნახავთ მკვეთრ განსხვავებას თბილისსა და რეგიონებს შორის. თბილისის ხელფასი თუ შემოსავალი მკვეთრად აღემატება რეგიონების მაჩვენებლებს",- თქვა ირაკლი მაკალათიამ რადიო "კომერსანტის ეთერში.

ეკონომისტის თქმით,  9 ათას ლარიანი ხელფასი ქვეყანაში ცხოვრების მაღალ დონეს არ ნიშნავს; რადგან ასეთი ადამიანების წილი საქართველოს მოსახლეობის მხოლოდ 2%-ია. 

,,საქართველოში დასაქმებულთა დაახლოებით 2%-ს აქვს 9 ათას ლარზე მაღალი ხელფასი აქვს. საუბარია დასაქმებულების და არა მოსახლეობის 2%-ზე, რაც არ მიუთითებს მოსახლეობის ცხოვრების მაღალ დონეზე. 600 ლარზე ნაკლები ხელფასის მქონე ადამიანების წილი ყველაზე მაღალია ჩვენს ქვეყანაში, ეს კი იმაზე მეტყველებს, რა მდგომარეობაც გვაქვს შრომის ბაზარზე",- აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.