საქსტატის მონაცემებით, 2026 წლის III კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 4.1 მლნ ტონა ტვირთი გადაიტანა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 16.8%-იან ზრდას წარმოადგენს. ერთი წლის წინ, ამავე პერიოდში რკინიგზით 3.5 მლნ ტონა ტვირთი გადაიზიდა.
მთლიანი მოცულობის ზრდაში ყველაზე დიდი წილი ტრანზიტულ გადაზიდვებს უკავია. გასული წლის III კვარტალთან შედარებით, ამ გზით გადატანილი ტვირთის მოცულობა დაახლოებით ნახევარი მილიონი ტონით გაიზარდა და 2.56 მლნ ტონა შეადგინა. წლიური ზრდა 25%-ს გაუტოლდა. შედეგად, საქართველოს რკინიგზით გადაზიდული ტვირთის თითქმის ორი მესამედი უკვე ტრანზიტზე მოდის – მიმდინარე წლის III კვარტალში მისი წილი, გასული წლის 58.1%-ის ნაცვლად, 62.1% იყო.
ზრდის ტენდენციაა საერთაშორისო გადაზიდვებშიც. ამ მიმართულებით რკინიგზამ 1.32 მლნ ტონა ტვირთი გადაიტანა, რაც 2025 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს 15.8%-ით აღემატება. საერთაშორისო გადაზიდვების წილი მთლიან მოცულობაში 32.1%-ს შეადგენდა.
განსხვავებული სურათია ადგილობრივ გადაზიდვებში. თუ 2025 წლის III კვარტალში ქვეყნის შიგნით რკინიგზით 335.8 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა, მიმდინარე წლის ანალოგიურ პერიოდში მოცულობა 236 ათას ტონამდე შემცირდა. ეს წლიურად 29.7%-იანი კლებაა. შესაბამისად, ადგილობრივი გადაზიდვების წილი მთლიან მოცულობაში 9.5%-დან 5.7%-მდე შემცირდა.
რაც შეეხება საერთაშორისო გადაზიდვების გეოგრაფიას, რკინიგზით საქართველოში შემოტანილ ტვირთში ყველაზე დიდი წილი რუსეთსა და აზერბაიჯანზე მოდიოდა. კერძოდ, რუსეთიდან შემოტანილი ტვირთის წილი 22.2% იყო, აზერბაიჯანიდან – 22.1%. ერთი წლის წინ ამ მიმართულებით აზერბაიჯანი ლიდერობდა 32%-ით, რუსეთის წილი კი 29.1%-ს შეადგენდა.
საქართველოს რკინიგზით ქვეყნიდან გატანილი ტვირთის ძირითადი დანიშნულების ქვეყანა კვლავ სომხეთია. მასზე საერთაშორისო გადაზიდვების რეჟიმში ქვეყნიდან გატანილი ტვირთის 24.4% მოდიოდა. 2025 წლის III კვარტალში სომხეთის წილი 22.1% იყო. მიმდინარე წლის მონაცემებით, შემდეგ მოდიოდა ყაზახეთი 8%-ით და რუსეთი 7%-ით.
2026 წლის III კვარტალში პირველ ადგილზე თურქეთი აღმოჩნდა, რომელზეც ტრანზიტით გადატანილი ტვირთის 9.2% მოდიოდა. მეორე პოზიციას ნიდერლანდები იკავებდა 8.3%-ით, მესამეს კი ჩინეთი იყო 5.7%-ით. გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ლიდერი ნიდერლანდები იყო, რომლის წილიც 16.2%-ს შეადგენდა.