ევროკომისიამ 2026 წლის შემოდგომის ეკონომიკური პროგნოზი (Autumn 2026 Economic Forecast) გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, მომდევნო წლებში საქართველოში საინვესტიციო აქტივობის შენარჩუნებაა მოსალოდნელი, რასაც, კერძო სექტორის მდგრადობასთან ერთად, გადავადებული სახელმწიფო საინვესტიციო პროექტების განახლებაც შეუწყობს ხელს.

ამავე შეფასებით, 2026 წლის პირველ ნახევარში მნიშვნელოვნად გაიზარდა საქონლის ექსპორტი (განსაკუთრებით ნავთობპროდუქტების ხარჯზე). იმპორტის შედარებით ნელი ზრდის ფონზე წმინდა ექსპორტმა ეკონომიკურ ზრდაში დადებითი წვლილი შეიტანა. მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი საპროგნოზო პერიოდში მშპ-ის 3%-ზე დაბალ დონეზე ნარჩუნდება.

ევროკომისიის ანგარიშის თანახმად, გლობალური ენერგორესურსებისა და მიწოდების ჯაჭვების ცვლილებების ფონზე ინფლაციური წნეხი შენარჩუნებულია: 2026 წელს საშუალო წლიური ინფლაცია 5.4%-ის დონეზეა მოსალოდნელი, რაც ძირითადად ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის ფონზე ენერგორესურსებზე გლობალური ფასების მატებით აიხსნება, თუმცა, ევროკომისიის პროგნოზით, 2027 წლის მეორე ნახევარში ინფლაცია მიზნობრივ 3%-იან მაჩვენებელს დაუბრუნდება.

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, ქვეყნის ფისკალური დისციპლინა და საგარეო ვალდებულებების მართვა პოზიტიურად აისახება მაკროეკონომიკურ სტაბილურობაზე. საქართველოს სახელმწიფო ვალი 2026 წლის ბოლოს მშპ-ის დაახლოებით 33%-მდე შემცირდება. საბიუჯეტო დეფიციტი 2026 წელს მშპ-ის დაახლოებით 1.3%-ია, ხოლო 2027-2028 წლებში 2%-ზე დაბლა შენარჩუნდება.