საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის, ლევან ვეფხვაძის შეფასებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ახალი სტრატეგიული შეთანხმებები ტრანზიტისა და იმპორტის მიმართულებით ინვესტორებისთვის გრძელვადიანი განვითარების შესაძლებლობას ქმნის.

გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" ლევან ვეფხვაძე ელექტროენერგიის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საქართველო ევროპაში სატრანზიტო ქვეყანა გახდება, მათ შორის აზერბაიჯანული ელექტროენერგიის მიმართულებით. 

"როდესაც დიდი ჯაჭვის მოთამაშე ხდები, შენი ენერგოუსაფრთხოების ნაწილი მყარად უნდა იყოს უზრუნველყოფილი. თანამედროვე სამყაროში ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ისეთი ტერმინია, რომ ალბათ, პატარა ქვეყნებისთვის ამის თქმა საკმაოდ რთულია - ჩაკეტილ სისტემაში იმუშაო რთულია. 

აზერბაიჯანი საქართველოს სატრანზიტო საკითხებში  ძალიან სტაბილურ, გრძელვადიან პარტნიორად განიხილავს. ჩვენი სტრატეგიული პოზიციაა - 20 წლიანი, გრძელვადიანი გაცხადებული პარტნიორობა და სტაბილურობა შევინარჩუნოთ.

ამასთან, ქვეყნის  შიგნითაც ინვესტორებმა უნდა დაინახონ, რომ  ენერგეტიკული კუთხით მათი ინვესტიცია დაცული იქნება. მაგალითად, 10-15 წელიწადში ელექტრომობილების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზრდება. მოხმარება როდესაც იზრდება ინვესტორს შეიძლება გაუჩნდეს შიში -  რამდენად იქნება გარანტირებული ელექტრო მიწოდება, სადაც შეიძლება ინვესტიცია ჩადოს. ელექტროენერგია მომხმარებლისთვის, მათ შორის ინდუსტრიული მომხმარებლისთვის, ხელმისაწვდომი იმ რაოდენობით  უნდა იყოს, რისი საჭიროებაც ექნებათ", - აცხადებს ლევან ვეფხვაძე.

ცნობისთვის, 2026 წლის 18 მაისს საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ახალი სტრატეგიული შეთანხმებები გაფორმდა, რომლებიც ორ ქვეყანას შორის 20-წლიან თანამშრომლობას ითვალისწინებს.

bp.ge