განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები და გულწრფელად გილოცავთ ამას. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ასეთი შედეგების მიღწევა უდავოდ არის მთავრობის - მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობის შედეგი, - ამის შესახებ უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა შავკატ მირზიოევმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული ერთობლივის მოლაპარაკებების დროს განაცხადა. 
მისივე თქმით, საქართველო უზბეკეთისთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიის რეგიონში.
„მადლობას ვუხდი ჩვენს ქართველ მეგობრებს თბილი  მიღებისთვის. გულწრფელ მადლობას გიხდით უზბეკი ხალხისა და ჩემი სახელით მაღალი რანგის სახელმწიფო  ორდენით - ოქროს საწმისით დაჯილდოებისთვის.  ქართულ-უზბეკური ურთიერთობების აყვანა სტრატეგიული პარტნიორობის დონეზე დიდი მიღწევაა. განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია საქართველოს შთამბეჭდავი ეკონომიკური მიღწევები და გულწრფელად გილოცავთ ამას. მსოფლიოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის მიუხედავად ასეთი შედეგების მიღწევა უდავოდ არის მთავრობის - მთელი თქვენი გუნდის თანმიმდევრული და ეფექტური მუშაობის შედეგი. დღეს საქართველო დამსახურებულად მიეკუთვნება ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყანათა რიგს. რა თქმა უნდა, ამ წარმატების უკან დგას შორსმჭვრეტელი პოლიტიკოსების ძალისხმევა  თქვენი ხელმძღვანელობით. საქართველო ჩვენთვის მნიშვნელოვანი პარტნიორი და სანდო დასაყრდენია სამხრეთ კავკასიაში. ბოლო წლებში ჩვენს ორ სახელმწიფოს შორის თანამშრომლობა დინამიურად ვითარდება ყველა მიმართულებით და ეს მხოლოდ დასაწყისია,“- აღნიშნა უზბეკეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.