„საქართველოს რკინიგზაში მიმდინარე რეფორმებისა და განახლების პირველადი შედეგები უკვე თვალსაჩინოა, 2025 წელს კომპანიის წმინდა მოგება დაახლოებით 2-ჯერ გაიზარდა, რაც ეფექტიანი მართვისა და სწორი განვითარების შედეგია“, - აცხადებს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანი.
მისივე თქმით, მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა კომპანიის ეფექტიანობისა და მომგებიანობის მაჩვენებელიც, რაც ადასტურებს, რომ საქართველოს რკინიგზა დღეს არა მხოლოდ მეტ ტვირთს ემსახურება, არამედ უფრო ეფექტიანად მუშაობს.
„ეს პოზიტიური ტენდენცია 2026 წელსაც გაგრძელდა. წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში ტვირთბრუნვა 8%-ით გაიზარდა, ხოლო მარტი-მაისის პერიოდში ზრდამ უკვე 20%-ს მიაღწია. რაც აჩვენებს, რომ საქართველოს რკინიგზის სერვისებზე და ჩვენს სატრანზიტო მარშრუტზე მოთხოვნა იზრდება“, - აღნიშნა მინისტრის მოადგილემ.
თამარ იოსელიანის განმარტებით, საქართველოს რკინიგზა მომავალ განვითარებაზე არის ორიენტირებული, დაგეგმილია 50 ახალი ლოკომოტივისა და 1 500 ვაგონის შეძენა, რისთვისაც 1 მილიარდ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება.
„ეს გაზრდის ქვეყნის სატრანსპორტო შესაძლებლობებს და კიდევ უფრო გააძლიერებს საქართველოს როლს საერთაშორისო სატრანზიტო მარშრუტებში“, - აღნიშნა თამარ იოსელიანმა.
საქართველოს რკინიგზის წლიური ანგარიშის თანახმად, 2025 წელს კომპანიის წმინდა მოგება მნიშვნელოვნად გაიზარდა და 152.7 მლნ ლარი შეადგინა, მაშინ როცა 2024 წელს ეს მაჩვენებელი 68.2 მლნ ლარი იყო.
ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს