საქართველომ ოქტომბერში ელექტროენერგიის იმპორტი თურქეთიდან დაიწყო. ესკოს ოპერატიული მონაცემებით, 5-11 ოქტომბერს ქვეყანაში მეზობელი სახელმწიფოდან 11.4 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგია შემოვიდა.
ელექტროენერგიის იმპორტის მიმართულებით წელს ტენდენცია გასული წლისგან განსხვავებულია. 2026 წლის აპრილის შემდეგ რუსეთიდან საქართველოში ელექტროენერგია აღარ შემოსულა. გასულ წელს კი რუსული ელექტროენერგიის იმპორტი აგვისტოდან დაიწყო და მთელი შემოდგომის განმავლობაში გრძელდებოდა. თურქეთი იმპორტის წყაროებს შორის მხოლოდ 2025 წლის დეკემბერში გამოჩნდა.
ამასთან, წელს საქართველოსა და თურქეთს შორის ელექტროენერგიის გაცვლის ე.წ. ბარტერული მექანიზმი ამოქმედდა. შეთანხმების მიხედვით, 2026 წლის მაისი-ივლისის პერიოდში საქართველოდან თურქეთში ელექტროენერგიის მიწოდება უნდა განხორციელებულიყო, სანაცვლოდ კი მიღებული ენერგიის ეკვივალენტური მოცულობა საქართველოს სექტემბერ-ნოემბერში უნდა დაუბრუნდეს.
მსგავსი მექანიზმი ქვეყნებს შორის 2018 წელსაც მოქმედებდა და ელექტროენერგიის ურთიერთგაცვლას ითვალისწინებდა.