ბოლო პერიოდში საქართველოსა და აშშ-ს შორის შეინიშნება ურთიერთობების მკვეთრი გაუარესება, თუმცა აღსანიშნავია, რომ მოცემული პროცესი დღეს არ დაწყებულა. მოცემული პროცესის ნიშნები ჯერ კიდევ „ქართული ოცნების“ მმართველობის მეორე ვადის პერიოდში იკვეთება, - ამბობს უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, გიორგი გობრონიძე, რომელსაც საშინაო და საგარეო პოლიტიკის აქტუალურ თემებზე „ინტერპრესნიუსი“ ესაუბრა.
გობრონიძის თქმით, ეს უკავშირდება პროცესს, როდესაც ერთი მხრივ საქართველოს ხელისუფლება ვერ ახერხებს მაშინდელი პრემიერ მინისტრის, მამუკა ბახტაძის მიერ, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეისთვის მიცემული საჯარო დაპირების შესრულებას, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის საკითხში და ამერიკული მხარის ჩართულობის უზრუნველყოფას.
"ამ პროცესების ფონზე საქართველომ დაიწყო ჩინეთის სახალხო რესპუბლიკასთან ურთიერთობების ინტენსიფიკაციას. ამ მოქმედებებით ნათელი ხდება, რომ საქართველოს მმართველი ჯგუფი იწყებს საგარეო პოლიტიკური ვექტორის რევერსიას და დასავლური ვექტორიდან.
პროცესი დააჩქარა რუსეთ უკრაინის ომმა, რომელიც დღეს მეორე მსოფლიო ომის შემდგომ ყველაზე დიდი კრიზისია ევროპის კონტინენტზე. მოლოდინები უკრაინის სწრაფი და ეფექტური კონტრ შეტევის შესახებ არ გამართლდა, დასავლეთში კი უფრო და უფრო ხშირად ისმის მოწოდებები უკრაინისთვის დახმარების შეჩერებასთან დაკავშირებით. მოსკოვმა მიუხედავად კოლოსალური დანაკარგებისა, შეძლო არათუ ფრონტის ხაზის შენარჩუნება, არამედ წარმატებას მიაღწია არაერთი მიმართულებით. დღეისთვის რუსეთის ფედერაცია საბრძოლო მოქმედებათა თეატრში 800 000-ზე მეტი მებრძოლითაა წარმოდგენილი, მას აქვს აშკარა რიცხობრივი უპირატესობა მძიმე ტექნიკის, ავიაციის, შორ და საშუალო მანძილზე მოქმედი რაკეტების კომპონენტში.
მას აქვს საკუთარი, თუნდაც მოძველებული, მაგრამ პოსტ საბჭოთა რეგიონის სტანდარტებით საკმაოდ მძლავრი სამხედრო-სამრეწველო კომპლექსი, მაშინ, როდესაც უკრაინა მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული გარე დახმარებაზე. ერთ-ერთი მიზეზი, საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური ვექტორის შემობრუნებისა, დიდი ალბათობით იყო სწორედ იმის შიში, რომ ის ვერ შეძლებდა დასავლეთიდან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას," - ამბობს გობრონიძე და ამატებს, რომ კიდევ ერთი მიზეზი, საქართველოს ხელისუფლების მიერ საგარეო პოლიტიკური ვექტორის შემობრუნებისა, დიდი ალბათობით იყო სწორედ იმის შიში, რომ ის ვერ შეძლებდა დასავლეთიდან უსაფრთხოების გარანტიების მიღებას
"მეტიც ევროკავშირისა და ნატოს ცალკეულ ქვეყნებს, მაგალითად ბალტიისპირეთის სახელმწიფოებს აქვს არც თუ უსაფუძვლო მოლოდინი, რომ უკრაინაში წარმატების მიღწევის შემთხვევაში, კრემლის შემდეგი სამიზნე სწორედ თვითონ აღმოჩნდებიან.
ამდენად ეს ქვეყნები გააკეთებენ ყველაფერს, რომ რუსეთი რაც შეიძლება დიდ ხანს დარჩეს უკრაინაში, ხოლო იქიდან გასვლის შემთხვევაში შეექმნას პრობლემები სხვა სტრატეგიულ მიმართულებებზე, მაგალითად სამხრეთით, სადაც გადაიტანს ყურადღებას და ამგვარად დასავლეთით ექსპანსიაზე ან საბოლოოდ აიღებს ხელს, ან მოხდება საფრთხის ხანგრძლივი დროით გადავადება.
აღნიშნულის ფონზე, საქართველო აკეთებს იმას, რასაც მთელი ისტორიის მანძილზე, - ახლა საქართველო ხელს უწყობს რეგიონში ახალი დიდი ძალის დამკვიდრებას, რათა მოხდეს საფრთხის უშუალო წყაროს დაბალანსება. სწორედ ამით შეიძლება აიხსნას საქართველოსა და ჩინეთის სტრატეგიული პარტნიორობის დაწყება. ეს უკანასკნელი დაინტერესებულია შუა დერეფნის წარმატებული ამოქმედებით, რომელიც საშუალო ვადიან პერსპექტივაში უნდა იქცეს, როგორც ჩრდილოეთის, ისე - სამხრეთ დერეფნის ალტერნატივად. ამისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ყველა საკვანძო ეკონომიკურ ინფრასტრუქტურას, აკონტროლებდეს თვითონ, ან მის მიმართ მეგობრულად განწყობილი ჯგუფები.
ალბათობის მაღალი ხარისხით საქართველოს ხელისუფლებამ ვერც კი გააცნობიერა, თუ როგორ დააზიანა ჩინეთის მონაწილეობით „შუა დერეფნის“ პროექტის გააქტიურებით ამერიკული ინტერესები და არა მხოლოდ კავკასიის რეგიონში," - ამბობს გობრონიძე და ყურადღებას ამახვილებს იმაზეც, რომ აშშ-მ საკმაოდ დიდი რესურსები და ძალისხმევა ჩადო სამხრეთის დერეფანზე სამხედრო კონტროლის შესაძლებლობების განვითარებაში. ის ხაზს უსვამს, რომ მალაკას სრუტე, ინდოეთისა და წყნარი ოკეანეების დამაკავშირებელი რგოლი, სადაც ჩინეთის საზღვაო ტვირთების უმეტესობა მოძრაობს სრულად კონტროლდება აშშ-ს მიერ და წარმოადგენს მისთვის რეგიონული ინტერესების, მათ შორის ტაივანის უსაფრთხოების დაცვის ერთგვარ ინსტრუმენტს.
"იმ შემთხვევაში, თუ ჩინეთი წარმატებით გაართმევს თავს ანაკლიის პორტის მშენებლობას, ის შეძლებს სავაჭრო მარშრუტების დივერსიფიცირებას, შედეგად კი მალაკას სრუტის მნიშვნელობა მოიკლებს, როგორც ჩინეთის, ისე აშშ-თვის. ამგვარად საქართველოს ხელისუფლებამ, დიდი ალბათობით ისე, რომ თავადაც არ ჰქონდა გაცნობიერებული ანაკლიაში ჩინური ჯგუფების შემოშვებით დაარტყა აშშ ინტერესებს არა მხოლოდ კავკასიის რეგიონსა და შავი ზღვის აუზში, არამედ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც.
ძალიან ცოტა მოიძებნება ისეთი ქვეყანა, რომელმაც მოახერხა აშშ გლობალური ინტერესების იმგვარი დაზიანება, როგორც საქართველომ, შესაბამისად აშშ-მ პირველივე შესაძლებლობისთანავე გადახედა საქართველოსთან სტრატეგიულ ურთიერთობებს. ამგვარი შესაძლებლობა კი გააჩინა პოლიტიკურმა კრიზისმა.
რამდენადაც მოხდა საქართველოსა და დასავლეთის ინტერესების დაზიანება, თბილისმა მზერა აღმოსავლეთს მიაპყრო, მმართველი გუნდი ცდილობს მოახდინოს ძალაუფლების კონსოლიდაცია და გადაუხვიოს დემოკრატიულ კურსს, რომელსაც არც მანამდე მისდევდა დიდად," - განაცხადა გობრონიძემ და დასძინა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რომ საქართველოს ახალი მეგობრებიდან, ჩინეთმა, ირანმა და ნაწილობრივ რუსეთმა, დააყენოს განხილვის დღის წესრიგში ქართული დემოკრატიის ხარისხი.
რაც შეეხება, აშშ-საქართცველოს ურთიერთობის გადატვირთვას, გობრონიძე დარწმუნებულია, რომ ამ ეტაპზე ქართულ-დასავლური ურთიერთობები იმდენად დაზარალდა, მათ გამოსწორებას ხელისუფლების შეცვლის პირობებშიც კი, შესაძლოა 10 წელიწადზე მეტი დასჭირდეს.
"პარალელურად გასათვალისწინებელია, რომ საქართველომ აიღო ახალ პარტნიორ ჩინეთთან ვალდებულებები. ამიტომაც დღეს ქვეყანა გადის ერთგვარ დიპლომატიურ ბეწვის ხიდზე და ძალიან ახლოსაა იმასთან, რომ უფსკრულში გადაიჩეხოს.
ყველაფერი მაინც რუსეთ-უკრაინის ომის შედეგებზე იქნება დამოკიდებული. თუ მიუხედავად სიძნელეებისა უკრაინამ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით შეძლო რუსეთის დამარცხება, მაშინ ჩვენ ვნახავთ საქართველოს ხელისუფლების ფუნდამენტურ გარდასახვას უმოკლეს დროში, ხოლო თუ რუსეთმა მიაღწია წარმატებას, მაშინ ხელისუფლება გააგრძელებს არჩეულ კურსს" - განაცხადა უსაფრთხოების საკითხების მკვლევარი, გიორგი გობრონიძე.