ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საფრანგეთის უმსხვილესი ბიზნესგაერთიანების MEDEF - ის დელეგაციასთან გამართა შეხვედრა. მასში 20-მდე მსხვილი ფრანგული ბიზნესჯგუფი და კომპანიაა წარმოდგენილი, რომლებიც პროექტებს ახორციელებენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში, მათ შორის, ცენტრალურ აზიასა და სამხრეთ კავკასიაში.

მინისტრმა საფრანგეთის ბიზნესდელეგაციის წევრებს საქართველოს ეკონომიკის ტენდენციები, აგრეთვე მიმდინარე და სამომავლო რეფორმები და მსხვილი პროექტები გააცნო. საუბარი შეეხო ისეთ სექტორებს, როგორიცაა ტრანსპორტი და ლოგისტიკა, პორტები, ენერგეტიკა, ტურიზმი და სხვ.

როგორც მარიამ ქვრივიშვილმა განაცხადა, საქართველო მიესალმება ეკონომიკის სხვადასხვა სექტორებში ფრანგული ინვესტიციის განხორციელებას. მინისტრმა განსაკუთრებული აქცენტი შუა დერეფნის მარშრუტის განვითარების პროცესში საქართველოს როლზე გააკეთა, კერძოდ, ამ მიზნით მიმდინარე სატრანსპორტო, ლოგისტიკურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, მათ შორის რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტზე, რომლის ფარგლებშიც დაგეგმილია სავაგონე შემადგენლობისა და სალოკომოტივო პარკის განახლება. ასევე საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვან ნავსადგურსა და თბილისის ახალ საერთაშორისო აეროპორტს ვაზიანში.

მინისტრის ინფორმაციით, უახლოეს წლებში საქართველოს მთავრობა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურაში 7 მლრდ დოლარის ინვესტირებას გეგმავს, რაც დარგის კომპლექსურ განვითარებას შეუწყობს ხელს.

დასასრულს, მინისტრმა საფრანგეთის ბიზნეს დელეგაციასთან შეხვედრას ნაყოფიერი უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ მსხვილი ფრანგული კომპანიები უფრო მეტად დაინტერესდებიან საქართველოში სატრანსპორტო - ლოგისტიკური სისტემის მოდერნიზებით და აღნიშნულ პროცესში ჩაერთვებიან, აგრეთვე განახორციელებენ ინვესტიციებს ეკონომიკის სხვა სექტორებში.

შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა თამარ იოსელიანმა, გენადი არველაძემ და ირაკლი ნადარეიშვილმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.