სსიპ სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ირმა აფხაზავამ შეხვედრა გამართეს, რომელსაც აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და სსიპ აგროსერვის ცენტრის წარმომადგენლები, ასევე ცენტრის დარგობრივი მიმართულებების ხელმძღვანელები და სპეციალისტები ესწრებოდნენ.


მხარეებმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილეს აჭარის რეგიონში აგრარული დარგების განვითარებისათვის აუცილებელ პრიორიტეტებზე. განხილვის ძირითად თემებს წარმოადგენდა ცოდნისა და პრაქტიკული უნარების გაძლიერება, თანამედროვე აგროტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობა, წარმოების ეფექტიანობის ზრდა და ხარისხიანი პროდუქციის მიღების შესაძლებლობების გაუმჯობესება.


„ჩვენი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი რეგიონების გაძლიერებაა. აჭარის მიმართულებით თანამშრომლობა უკვე წლებია აქტიურად მიმდინარეობს და მზად ვართ, არსებული საჭიროებების შესაბამისად კიდევ უფრო გავაძლიეროთ ჩვენი ჩართულობა; უზრუნველვყოთ დარგობრივი მხარდაჭერა, ცოდნის გაზიარება და პრაქტიკაზე ორიენტირებული აქტივობების განხორციელება,“ - აღნიშნა სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის დირექტორმა ლევან უჯმაჯურიძემ.


აღნიშნული მხარდაჭერის ფარგლებში, მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით ცენტრში წარმოებული კარტოფილის უვირუსო სუპერელიტური სარგავი მასალა გადაეცემა აჭარის მაღალმთიანი რეგიონის ფერმერებს, რაც ხელს შეუწყობს რეგიონში სარგავი მასალის მწარმოებელი ფერმერული მეურნეობების ჩამოყალიბებას. 


„სამეცნიერო-კვლევით ცენტრთან თანამშრომლობა გვაძლევს შესაძლებლობას, პრაქტიკაში დავნერგოთ თანამედროვე მიდგომები და ეფექტიანად ვუპასუხოთ რეგიონში არსებულ გამოწვევებს,“ - აღნიშნა აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ირმა აფხაზავამ.


შეხვედრის შედეგად დაიგეგმა შემდგომი კოორდინირებული მუშაობა, რაც მოიცავს ცენტრის სპეციალისტების რეგიონში ვიზიტებს, ადგილზე მდგომარეობის შეფასებასა და მიზნობრივი აქტივობების განხორციელებას.

ინფორმაციას სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ავრცელებს