იურიდიული კომპანია „კოჟორიძე და იურისტების“ დამფუძნებლის და მმართველი პარტნიორის კახა კოჟორიძის შეფასებით, საქართველოში პოტენციურ ინვესტორებს არასტაბილური გარემო და დაუცველობის განცდა აფრთხობთ.
„ვაშლის დარგვა თუ გინდა და იცი, რომ იქ მუდმივად ნახირი ივლის და გადაგიჯეგავს, ვაშლს არ დარგავ... ჯერ ღობეს შემოარტყამ ნაკვეთს და მერე გააშენებ ხეხილს. დაცვის ფუნქცია სწორედ სასამართლოს აქვს“ - ასე ხატოვნად უპასუხა გამოცდილმა იურისტმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილის“ წამყვანის კითხვას - რა აფრთხობთ ინვესტორებს საქართველოში.
კახა კოჟორიძის ინფორმაციით, მიმდინარე წლის განმავლობაში, კომპანია „კოჟორიძე და იურისტების“ პორტფელში მსხვილი ინვესტიციის მაგალითი არ ჰქონიათ. „უფრო სტანდარტული ტრანზაქციები გვქონდა - ძირითადად, უძრავი ქონების კუთხით ინვესტირება, რომელიც ასევე შემცირებულია. რაღაც დიდი პროექტი, რომელშიც ინვესტირება გადაწყვიტა ინვესტორმა, არ გვქონია“, - აღნიშნა მან.
„საქართველოში უსამართლობას უნდა დავუსვათ წერტილი“, - ამბობს „კოჟორიძე და იურისტების“ მმართველი პარტნიორი, რომელსაც მიაჩნია, რომ სახელმწიფოს ყველაზე მთავარი ფუნქცია სწორედ სამართლიანი გარემოს უზრუნველყოფაა.
„თუ იცი, რომ შეიძლება, წაგართვან ბიზნესი ან სასამართლო ვერ უზრუნველყოფს შენს დაცვას ხელისუფლებისგან ან კიდევ კრიმინალისგან, გრძელვადიან კი - არა, მოკლევადიან ბიზნესზეც ვერ იფიქრებ და ეს ყველაფერი აისახება ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაზე, სიღარიბის დონეზე და შემდეგ უკვე ყველა ადამიანზე.
ჩვენი ინტერვიუც რომ ავიღოთ - დაახლოებით, 25 წუთი ვისაუბრეთ პოლიტიკასა და სამართლებრივ გარემოზე და მხოლოდ 5 წუთი - ბიზნესზე. რატომ? იმიტომ, რომ დღეს ეს არის პირველადი საწუხარი ადამიანებისთვის და მათ შორის ბიზნესისთვის.
სახელმწიფოს უპირველესი ფუნქციაა არა ხრეშის დაყრა და კანალიზაციის მილის გაყვანა, რა თქმა უნდა, ესეც უნდა გააკეთოს [მთავრობამ], მაგრამ ადამიანებს ჯერ სამართალი სჭირდებათ და შემდეგ - სხვა დანარჩენი. თავისი კანალიზაციის მილი შეიძლება თვითონ გააკეთოს მოქალაქემ, მაგრამ სამართლის აღსრულებაზე ექსკლუზიური უფლება მხოლოდ სახელმწიფოს აქვს. სამართალი არის ის მთავარი პური, რაც უნდა აჭამოს სახელმწიფომ თავის მოქალაქეს. საზოგადოება, რომელსაც ეს საზრდო არ აქვს, ვერ განვითარდება, ამიტომ მიდიან ადამიანები ქვეყნიდან და ამიტომ იცლება ჩვენი გენოფონდი. ხომ ყველას გვესმის, რომ ჩვენ თანამოქალაქეებს აქ ურჩევნიათ ყოფნა, მაგრამ ემიგრაციაში უწევთ წასვლა, თუმცა სახლებს იქ არ იშენებენ - ფულს საქართველოში აგზავნიან ანუ აქ უნდათ ცხოვრება“, - განაცხადა კახა კოჟორიძემ.