კლიმატური ცვლილებებისა და გვალვების გამო, 2025 წლის რთველი მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა - განსაკუთრებით, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში, სადაც კატასტროფული გვალვები იყო.
ამის შესახებ საოჯახო მეღვინეობა "ხომლის მარნის" დამფუძნებელმა, თამაზ ომანაძემ BM.GE-სთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსავლის რაოდენობის ზუსტი პროგნოზი ჯერ შეუძლებელია.
„ისეთი მდგომარეობაა, რომ წინასწარი პროგნოზისგან თავს შევიკავებ, რადგან ამის პროგნოზირება ძალიან ძნელია. რთველი ოქტომბრის ბოლოს იწყებოდა. თუმცა, კლიმატის ცვლილებებმა რთველის პერიოდი უფრო ადრე გადმოსწია.
კატასტროფული გვალვები იყო რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთის რეგიონში. ახლა წვიმებს ველოდებით და ვიმედოვნებთ, რომ მოსავალს შედარებით გამოაცოცხლებს, რადგან გვალვების გამო ყურძენმა წვენი ვერ აკრიფა. ეს [მოსავალზე] უარყოფითად მოქმედებს“, - თქვა მან.
მეღვინეობა ბაზარზე მცირე მოცულობით არის წარმოდგენილი და მჭიდროდ არის ორიენტირებული მაღალი ხარისხის წარმოებაზე. ის ყურძენს იღებს ვენახიდან, რომელიც უკვე 14 წელია ბიო სერტიფიცირებულია. როგორც თამაზ ომანაძე აცხადებს, უახლოეს მომავალში ის გეგმავს საკუთარი ვენახის გაშენებასაც - უსახელაურის მიკროზონაში, მის საკუთრებაში არსებულ ნახევარ ჰექტარ მიწაზე, დაახლოებით 4,000 კვ.მ ფართობზე ვენახი იქნება გაშენებული.
„ჩვენ წარმადობის ზრდაზე მეტად, ხარისხზე ვართ ორიენტირებული. ყოფილა წლები, როცა ყურძნის ხარისხი არ აკმაყოფილებდა ჩვენს მოთხოვნას და ყურძენი საერთოდ აღარ დამიწურავს “, - თქვა მეღვინემ.
როგორც ის განმარტავს, რთველის წინა დღეებში ხდება ვენახის გადამოწმება, რათა მიიღოს გადაწყვეტილება მოსავლის კრეფაზე: „გადარჩევითი რთველი გვაქვს. ყურძენს დაახლოებით 4 დღის განმავლობაში ვკრეფთ, მაშინ როცა სხვა რეგიონებში შეიძლება ერთ დღეში დასრულდეს ყურძნის კრეფა“.
მიმდინარე კლიმატური სირთულეების ფონზე, რთველის მოცულობაზე ან ხარისხზე კონკრეტული პროგნოზის გაკეთება ჯერ კიდევ რთულია, თუმცა მეღვინე იმედს იტოვებს, რომ მოსავალი მეტ-ნაკლებად გადარჩება და ხარისხიან პროდუქციას მაინც შექმნის.
ინფორმაციისთვის, „ხომლის მარანი“ პრემიუმ კლასის, ორგანული ღვინის მიმწოდებელია, რომელიც 2010 წელს თამაზ ომანაძემ დააარსა. მარნის ვენახი ლეჩხუმში, საქართველოში, ხვამლის მთის კალთებზე უსახელაურის მიკროზონაშია განლაგებული.