ამერიკის წარმომადგენელთა პალატამ "მეგობარი აქტი” მიიღო, რაც საქართველოს მთავრობის და პარლამენტის წევრების დასანქცირებას ითვალისწინებს. ამ ყველაფრის კანონად ქცევამდე ჯერ პროცედურებია გასავლელი, საბოლოო ნაბიჯი კი ტრამპის ხელმოწერაა. სანქციები პერსონალურია, თანაც ამერიკა საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორი ქვეყანა არ არის, ამიტომ "მეგობარი აქტის” დაკანონების შემთხვევაში საქართველოს ეკონომიკას არანაირი პრობლემა არ ემუქრება.
აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, 349 ხმით 42-ის წინააღმდეგ, "მეგობარი აქტი” გუშინ მიიღო. იმისთვის, რომ სასანქციო კანონპროექტი კანონად იქცეს, წინ კიდევ ორი ეტაპია - სენატში განხილვა და პრეზიდენტის ხელმოწერაა. ვინაიდან სენატში კანონპროექტს უკვე გავლილი აქვს საგარეო საქმეთა კომიტეტი, დარჩენილია კენჭისყრის ეტაპი.
სენატში აქტი საბოლოოდ ერთიდან ოთხი კვირის ვადაში უნდა განიხილონ, ანუ არაუგვიანეს 3 ივნისისა. სენატის მხარდაჭერის შემთხვევაში კი, პრეზიდენტ ტრამპს მასზე ხელმოწერისთვის 6 კვირა ექნება. აქედან გამომდინარე მაქსიმუმ 10 კვირის ვადაში იგი ან ძალაში უნდა შევიდეს, ან საბოლოოდ დავიწყებას მიეცეს.
კანონპროექტი ავალდებულებს აშშ-ს პრეზიდენტს დააწესოს სავიზო სანქციები შემდეგ პირებზე, თუ პრეზიდენტი დაადგენს, რომ ისინი შეგნებულად მონაწილეობდნენ მნიშვნელოვან კორუფციაში, ძალადობაში ან დაშინებაში საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის ჩასაშლელად:
ნებისმიერი პირი, რომელიც 2014 წლის 1-ელ იანვარს ან მის შემდეგ იყო საქართველოს პარლამენტის წევრი, ან ქართული პოლიტიკური პარტიის უმაღლესი თანამდებობის პირი; ნებისმიერი პირი, რომელიც საქართველოს მთავრობის სახელით მსახურობს ხელმძღვანელ თანამდებობაზე; და ასეთი თანამდებობის პირების ოჯახის ნებისმიერი წევრი, რომელიც სარგებელს იღებდა მათი ქცევით.
როგორც ირკვევა, სანქციები პერსონალურია და ის შესაძლოა, მთავრობის და პარლამენტის წარმომადგენლებსა და ასევე მათი ოჯახის წევრებზე გავრცელდეს.
რაც შეეხება ამ ყველაფრის საქართველოზე და მის ეკონომიკაზე ასახვას, ექსპერტები მიიჩნევენ, რომ "მეგობარი აქტის” კანონად ქცევის შემთხვევაში ქართულ სახელწმიფოს არანაირი პრობლემა არ ელის, რადგან როგორც ანალიტიკოსმა ნოდარ კაპანაძემ აღნიშნა, ამერიკა საქართველოს მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი ქვეყანა არ არის.
"საქართველოს ეკონომიკას რა უნდა ელოდეს? ამერიკა არანაირად არ არის მნიშვნელოვანი ეკონომიკური პარტნიორი, ამიტომ არაფერიც არ ელის ჩვენს ქვეყანას.
რუსეთის ფედერაციამ, თურქეთმა, ჩინეთმა ან აზერბაიჯანმა რომ მსგავსი აქტი გამოაცხადონ, მესმის, ამ შემთხვევაში, მოხდება რაღაც, რადგან ეს ქვეყნები ჩვენი მნიშვნელოვანი სავაჭრო პარტნიორები არიან. ამერიკის შეერთებული შტატების როლი კი ძალიან მცირეა. არც ამერიკული ინვესტიციები არის ამ ქვეყანაში ბევრი და არც საქართველოდან აშშ-ში ჩასულ მიგრანტებს ეხება ეს ამბავი. ასე რომ, წყნარად და მშვიდად ვიყოთ, რადგან, როგორც უკვე გითხარით, "მეგობარი აქტის” დაკანონებით საქართველოს ეკონომიკას არანაირი პრობლემა არ ელის”, - ამბობს ნოდარ კაპანაძე.
იგივე მოსაზრება აქვს სხვა ექსპერტებსაც. როგორც ანალიტიკოსმა ამირან სალუქვაძემ აღნიშნა, მნიშვნელობა არ აქვს რა მოცულობის ეკონომიკური ურთიერთობა აქვს ორ ქვეყანას, რადგან სხვა მიზნები არსებობს, რაც სანქციებს და საქართველოს ეკონომიკის ჩამოქცევას ითვალისწინებს.
"პირველ რიგში დავიწყებ ამ აქტის სახელწოდებით, აქ მეგობრული არაფერია. მეგობრები ნებისმიერ საკითხს წყვეტენ მოლაპარაკების მაგიდასთან და ხშირად მის გარეშეც კი, უბრალოდ, სატელეფონო ზარით და ა.შ. საქართველოს და ამერიკას შორის არ არსებობდა საკითხი, რომლის მოგვარებაც არ შეიძლებოდა, მაგრამ გამოიკვეთა ინტერესის შეუთავსებლობა, როცა წლების განმავლობაში საზოგადოების უმეტეს ნაწილს და ამ უმეტესი ნაწილისგან არჩეულ ხელისუფლებას თავზე ახვევდნენ მიუღებელ დღის წესრიგს, ღირებულებებს, რაც განსაკუთრებით გააქტიურდა ბოლო წლებში, უკრაინაში რუსეთის აგრესიის ფონზე.
ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ეს აქტი ბოლომდე გაფორმდება თუ არა. დოკუმენტი, ჩემთვის, როგორც ერთი მოქალაქისთვის, არის მიუღებელი, ამიტომ მის არსებობას მნიშვნელობა არ აქვს.
მე არ ვიცი მსოფლიოში მსგავსი ქვეყანა, რომლის მთელი პოლიტიკური ოპოზიციური ფლანგი ჩართული იყოს ანტისახელწმიფოებრივ საქმიანობაში და ასე ღიად და აშკარად არღვევდეს სისხლის სამართლის კოდექსის ყველა მძიმე მუხლს, რომლებიც გამოყოფილია ცალკე თავად და ჰქვია სახელმწიფოს წინააღმდეგ დანაშაული, როდესაც პოლიტიკოსი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებთან და ორგანიზაციებთან ერთად მოქმედებს საკუთარი სახელმწიფოს ინტერესების წინააღმდეგ. ეს პირდაპირ დასჯადია! როცა სასურველ შედეგს ვერ აღწევენ არჩევნების გზით, შემდეგ იწყება მავნებლობა ქვეყნის გარეთ, რადგან სხვაგვარად ისინი ხელისუფლებაში ვერ მოვლენ.
გამოიყენეს ყველა ბერკეტი და გაიარეს ყველა გზა, დარჩათ ერთადერთი და ამის იმედათ არიან, რომ იქნება როგორმე ეკონომიკა ჩამოაქციონ და დააზიანონ სახელმწიფო. ოპოზიცია გარე ძალების მეშვეობით კი არ უნდა აწარმოებდეს პოლიტიკურ ბრძოლას, არამედ საკუთარი ძალებით, ქვეყნის შიგნით.
ნებისმიერი ქვეყანა მეგობარი იქნება, ყოფილი მეგობარი თუ ოკუპანტი, თითს არ უნდა გვიქნევდეს და მსგვასი აქტებით არ უნდა ცდილობდეს ქვეყნის შიდა პოლიტიკაზე გავლენის მოხდენას. ეს არის ელემენტარული თავმოყვარეობა, რომელიც სამწუხაროდ, ბევრს არ გააჩნია.
რაც შეეხება ეკონომიკაზე ასახვას, არანაირი მნიშვნელოვანი გავლენა არ იქნება. ჩვენ წლებია ამერიკას ვთხოვთ, რომ გაზარდონ ინვესტიციები, მოგვანიჭონ უვიზო მიმოსვლა, დააწესონ თავისუფალი ვაჭრობა, მაგრამ ახლა გვეუბნებიან, რომ თუ ჭკვიანად მოვიქცევით და მათი თითის დაქნევას დავემორჩულებით, მაშინ იფიქრებენ ამ ბერკეტების ამოქმედებაზე.
ოპოზიციის ოცნებაა, როგორმე ეკონომიკური სანქციები დაუწესონ საქათველოს და ამან შემდგომში იმოქმედოს ეკონომიკურ მაჩვენებლებზე, რასაც უნდა მოჰყვეს მოსახლეობის მდგომარეობის გაუარესება.
ბოლო წლებში საშუალოდ ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვაქვს და შეიძლება ყოფილიყო მეტი, 10% კი არა 12-13%. ერთ წელიწადი არ ხდება მოსახლეობის მდგომარეობის გამოსწორება. წლებია საჭირო, რომ გავიდეთ ჩვენთვის მისაღებ ეკონომიკურ მაჩვენებლებზე და ამ დროს ვიღაცები ცდილობენ ძირი გამოუთხარონ და ჩამოშალონ ყველაფერი. ასე ქვეყანა ვერ შედგება. არ შეიძლება პოლიტიკური სუბიექტები ოცნებობდნენ იმას, რომ მის ქვეყანას დაუწესონ ეკონომიკური სანქციები, რათა ამ გზით გააბრაზონ მოსახლოების უმეტესობა.
როგორც გითხარით, ის კი არ არის მნიშვნელოვანი, თუ რა მოცულობის სავაჭრო ურთიერთობა აქვს ამერიკას და საქართველოს, არამედ არსებობს სხვა მიზნები, მათ სურთ "მეგობარი აქტის” მიღების შემდეგი ეტაპი იყოს ეკონომიკური სანქციები - ამის მიღწევა უნდათ”, - ამბობს ამირან სალუქვაძე.