სატრანზიტო მარშრუტების ცვლილება, რეგიონული კონფლიქტები და შიდა ინფრასტრუქტურული ხარვეზები - ეს ის მიზეზებია, რამაც ლოგისტიკური კომპანია „ტოპტრანსის“ დამფუძნებლის ზურაბ კვარაცხელიას შეფასებით, საქართველოს დერეფნის კონკურენტუნარიანობაზე უარყოფითი გავლენა მოახდინა.
ბოლო პერიოდში, ქართულ სატრანზიტო დერეფანში შემოსავლების კლება შეინიშნება. მიუხედავად იმისა, რომ ტვირთბრუნვის რაოდენობრივი მაჩვენებელი რეგიონულ დონეზე მკვეთრად არ შემცირებულა, კვარაცხელიას თქმით, ქვეყანამ დაკარგა ე.წ. „ძვირად ღირებული ტრანზიტი“.
მისი განმარტებით, ეს პროცესი რამდენიმე კომპლექსური ფაქტორით არის განპირობებული. ერთ-ერთ მიზეზი კი, ალტერნატიული გზების გააქტიურება და რუსეთის ფაქტორია.
დარგის წარმომადგენლის თქმით, ლოგისტიკა „ცოცხალი ორგანიზმია“ და გადამზიდავები მუდმივად ეძებენ უფრო იაფ და სწრაფ გზებს. 2022 წელს, უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, საქართველომ ტვირთების დიდი ნაკადი მიიღო, თუმცა, დღეს, ვითარება შეცვლილია.
„ალტერნატიული მიმართულებები გახდა უფრო აქტუალური. გრძელვადიანი ტრანზიტული ტვირთები, რომლებიც შედარებით მაღალი ღირებულების იყო, შედარებით მცირე რეგიონალურ მარშრუტებზე გადაერთვნენ. ჩვენი დერეფნის ფუნქცია, გარკვეულწილად სხვა მარშრუტებმა ჩაანაცვლეს, მაგალითად, ყაზახეთიდან მიმავალმა მარშრუტმა, რუსეთის გავლით“, - ამბობს ზურაბ კვარაცხელია.
მისივე თქმით, საქართველოს დერეფნის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა მაღალი თვითღირებულებაა, გადამზიდავებისთვის კი, გადამწყვეტია საზღვრებზე არსებული რიგები, რაც დამატებით ხარჯებთანაა დაკავშირებული. ასევე, საქართველოში საწვავის მაღალი ღირებულება, რაც, დერეფანს ნაკლებად მიმზიდველს ხდის მეზობელ ქვეყნებთან შედარებით.
კიდევ ერთი დამაბრკოლებელი გარემოება ბიუროკრატია და კონტროლია. ალტერნატიულ მარშრუტებზე კი, მაგალითად, რუსეთის სამხრეთით ან კასპიის ზღვის მიმართულებით, ნაკლები ბიუროკრატიული ბარიერი და კონტროლია, რაც გადამზიდავებისთვის პრიორიტეტულია.
ამასთან, ზურაბ კვარაცხელიას აზრით, შემაფერხებელია ინფრასტრუქტურული პრობლემებიც, განსაკუთრებით, აზერბაიჯანის პორტებში არსებული ხარვეზები, რაც მთლიან ჯაჭვს აფერხებს.
საქართველოს დერეფანში სატვირთო ავტომობილების მიერ გადახდილი თანხა 9 მილიონით შემცირდა. სახელმწიფო ხაზინის მონაცემებით, წელს 11 თვეში ბიუჯეტში გზათსარგებლობიდან 155.4 მლნ ლარი შევიდა, 5.5%-ით ნაკლები ვიდრე შარშან. ამასთან, წელს ნოემბერში საქართველოს დერეფანი 38 875 სატვირთომ გამოიყენა, საიდანაც, გადასახადის სახით ბიუჯეტში 13.6 მლნ ლარი შევიდა. მთლიანობაში წელს საქართველოს გზები ტვირთის გადასატანად 444 071 სატვირთომ გამოიყენა.