Galt & Taggart-ის ეკონომისტი ლაშა ქავთარაძე ამბობს, რომ ირანში არსებულმა ვითარებამ შეიძლება ნავთობზე ფასი გაზარდოს, რაც საქართველოში ინფლაციის კუთხით დამატებით წნეხს აჩენს.
როგორც "საქმიან დილაში" ქავთარაძემ თქვა, ნავთობის 10 დოლარით გაძვირება, საქართველოში ინფლაციას დაახლოებით 0.5-0.7 პროცენტული პუნქტით ზრდის.
"რა თქმა უნდა, წელს გარკვეული გამოწვევები იქნება. ერთ-ერთი ასეთი გამოწვევა არის ირანში მიმდინარე სიტუაცია, რომელმაც შესაძლოა გავლენა იქონიოს ტურიზმის სექტორზე. თუმცა ეს გავლენა მინიმალური იქნება, გამომდინარე იქიდან, რომ 2025 წელს ირანიდან ტურისტული ნაკადებიდან მიღებული შემოსავლები მთლიანი ტურისტული შემოსავლების დაახლოებით 2.7%-ს (დაახლოებით 125 მლნ დოლარი) შეადგენდა.
თუ დავუშვებთ ყველაზე უკიდურეს სცენარს და ირანიდან ტურისტული ნაკადები მთლიანად შეჩერდება, ამის გავლენა ეკონომიკურ ზრდაზე შეიძლება იყოს დაახლოებით 0.25 პროცენტული პუნქტით შენელება, რაც უმნიშვნელოა.
თუმცა ირანში არსებული არასტაბილურობის არაპირდაპირი ეფექტი შესაძლოა გამოიხატოს საერთაშორისო ბაზრებზე ნავთობპროდუქტების ფასებში (მაგალითად, თუ ჰორმუზის სრუტე დაიკეტება). თუ ამის გამო ნავთობის ფასი გაიზარდა, ყოველი დამატებითი 10 დოლარით ზრდა ჩვენთან ინფლაციას დაახლოებით 0.5–0.7 პროცენტული პუნქტით გაზრდის. ეს ვითარება გაურკვევლობას ქმნის. აქედან გამომდინარე, ეროვნული ბანკი დააკვირდება და ალბათ თავს შეიკავებს მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის ცვლილებისგან (I-II სხდომაზე) და შემდგომ გამოჩნდება, როგორ წარიმართება ეს გლობალური ფაქტორი, ასევე საშინაო ფაქტორი (ინფლაციის დინამიკა) და ამის შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება, რაც იქნება ფრთხილი", - ამბობს ქავთარაძე.