პარლამენტის დეპუტატი რომან გოცირიძე სარეიტინგო კომპანია Fitch-ის მიერ საქართველოს რეიტინგის კომპონენტის ცვლილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისი შეფასებით, საქართველოს რეიტინგი 2019 წლის მდგომარეობას დაუბრუნდა.

,,Fitch-ის რეიტინგი, რომელიც მანამდე იყო BB-, 2019 წელს შეიცვალა და გახდა BB, პერსპექტივის მაჩვრნებლით “სტაბილური”. შემდგომ პერიოდში მისი, პერსპექტივა ანუ იგივე ქვერეიტინგი, ერთი საფეხურით გაუარესდა პანდემიის გამო და BB “ნეგატიური” გახდა.

პანდემიის მერე ისევ დაუბრუნდა “ სტაბილურ” საფეხურს, ხოლო 2023 წლის იანვარში მოლოდინები სტაბილურიდან “პოზიტიურამდე” აიწია.

გუშინ, რუსული კანონის, ეროვნული ბანკის დამოუკიდებლობის შეზღუდვის, ანტიდასავლური კამპანიისა და პოლიტიკური დაძაბულობის გამო, აღნიშნული რეიტინგის პერსპექტივა პოზიტიურიდან კვლავ სტაბილურს, ანუ 2019 წლის მდგომარეობას დაუბრუნდა. ეს ცუდი სიგნალია ინვესტორებისათვის.

ქვეყანა ათი წელიწადია ვერ გასცდა BB რეიტინგს, რომელიც 2014 წელს მიენიჭა (BB-). ეს არაა საინვესტიციო რეიტინგი, რაც ხელს უშლის როგორც ქვეყანას, ასე ბიზნესს იაფი რესურსების მოზიდვაში.

ხელისუფლება დემაგოგიას ეწევა და აცხადებს, რომ რეიტინგი არ შეცვლილაო. ეს სწორია, მართლაც არ შეცვლილა ათი წელიწადია, მაგრამ მისი პერსპექტივის მაჩვენებელი შეიცვალა გაუარესებისაკენ, ერთი საფეხურით, რაზეც თვალს ხუჭავენ'',- აღნიშნავს რომან გოცირიძე.