მთავრობამ მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს კურიერებად, ტაქსის მძღოლებად და გიდებად მუშაობა აუკრძალა - ამის შესახებ ირაკლი კობახიძის მიერ ხელმოწერილ დადგენილებაში წერია, რომელიც შრომით იმიგრანტებსა და თვითდასაქმებულ უცხოელებზე შრომითი საქმიანობის უფლების გაცემის წესს ამტკიცებს.
დადგენილების თანახმად, საქართველოში მუდმივი ბინადრობის ნებართვის არმქონე ნებისმიერ უცხოელს, რომელსაც სურს იმუშაოს კურიერად, მძღოლად ან სხვა ტიპის მომსახურების სფეროში, ესაჭიროება „შრომითი საქმიანობის უფლება“.
ამ უფლების გაცემაზე პასუხისმგებელია დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტო. თუმცა, მთავრობამ გამოიყენა კვოტირების მექანიზმი და რამდენიმე პოპულარულ სფეროში კვოტა ნულოვანია.
პროფესიები, სადაც მუშაობა აიკრძალა
ახალი წესის №3 დანართის მიხედვით, შემდეგ საქმიანობებზე დაწესდა ნულოვანი კვოტა, რაც პრაქტიკულად ნიშნავს ამ სფეროების ჩაკეტვას უცხოელებისთვის:
- საკურიერო მომსახურება - კვოტა 0;
- მგზავრების გადაყვანა (ტაქსი/ტრანსპორტი) კვოტა 0;
- გიდების სერვისი - კვოტა 0.
კანონის მე-6 მუხლის თანახმად, სააგენტო ვალდებულია უარი თქვას უფლების გაცემაზე, თუ პროფესია კვოტირებულ სიაშია და ლიმიტი ამოწურულია. ვინაიდან კურიერებისა და მძღოლების კვოტა ნულია, ნებართვის მოპოვება სამართლებრივად შეუძლებელი ხდება.
კანონში არსებობს მე-5 მუხლის ზ პუნქტი, რომელიც მაღალკვალიფიციურ კადრებს (რომელთა ხელფასი 15 000 ლარს აღემატება) ბარიერების გარეშე მუშაობის საშუალებას აძლევს. თუმცა, კურიერები, ტაქსის მძღოლები და გიდები ამ კატეგორიაში ვერ ხვდებიან, რაც ნიშნავს, რომ მათთვის არანაირი ლეგალური გზა დასაქმებისთვის არ რჩება.
მათთვის, ვინც უკვე მუშაობს საქართველოში, დაწესდა გარდამავალი პერიოდი:
- თვითდასაქმებულები (კურიერები/მძღოლები): აღსრულების მექანიზმი მათზე 2026 წლის 1 მაისიდან გავრცელდება.
- რეგისტრირებული იმიგრანტები: მათ, ვინც უკვე ბაზაშია, სტატუსის მოსაწესრიგებლად ვადა 2027 წლის 1 იანვრამდე მიეცათ.
რაც შეეხება მომსახურების საფასურს, იმ სფეროებში, სადაც კვოტა დაშვებულია (მაგალითად, სამთო გამყოლები - 200 კაცი), მომსახურება ფასიანია:
- სტანდარტული განხილვა (30 დღე) - 200 ლარი;
- დაჩქარებული განხილვა (10 სამუშაო დღე) - 400 ლარი.
მიღმა ამისა, სააგენტო ვაკანსიის წინასწარი გამოქვეყნების ვალდებულებისგან ათავისუფლებს:
- საერთაშორისო კომპანიებს და ინოვაციურ სტარტაპებს;
- საერთაშორისო ექსპერტებს განათლების სფეროში;
- პოზიციებს, სადაც ხელფასი 15 000 ლარზე მეტია (დარიცხული) და მოითხოვს უმაღლეს განათლებას.