ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის გენერალური დირექტორის პოსტზე დავით ვარდიაშვილი წარადგინა, რომელიც 2022 წლიდან დღემდე სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის თანამდებობას იკავებდა.  ახალი დირექტორის წარდგენას დაესწრო ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ინგა ფხალაძე.

როგორც მინისტრმა განაცხადა, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიას აქვს მნიშვნელოვანი ფუნქცია - ის უზრუნველყოფს საქართველოს ტერიტორიაზე არსებული მაგისტრალური გაზსადენების გამართულ და სტაბილურ ფუნქციონირებას და ხელს უწყობს ბუნებრივი გაზის შეუფერხებელ და უსაფრთხო მიწოდებას.

მარიამ ქვრივიშვილმა ყურადღება გაამახვილა გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამაზე, რომელსაც აღნიშნული კომპანია 2013 წლიდან ახორციელებს და მისი დასრულების შემდეგ, ქვეყნის მოსახლეობის 93 პროცენტს ბუნებრივ აირთან წვდომა ექნება.

„სახელმწიფოს ძალისხმევით, ბოლო 12 წლის განმავლობაში ბუნებრივი გაზი ხელმისაწვდომი გახდა ისეთი დასახლებებისთვის, რომლებიც მანამდე არასოდეს ყოფილა გაზიფიცირებული. გაზიფიცირების სახელმწიფო პროგრამამ სარგებელი მოუტანა არა მხოლოდ საოჯახო მეურნეობებს, არამედ ხელი შეუწყო მიკრო და მცირე ბიზნესების განვითარებას, განსაკუთრებით, რეგიონებში,“ - განაცხადა მინისტრმა.

მარიამ ქვრივიშვილის თქმით, კომპანიის ახალი ხელმძღვანელს აქვს ენერგეტიკულ სექტორში, განსაკუთრებით, გაზის ინდუსტრიაში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის დიდი ხნის გამოცდილება. მან დავით ვარდიაშვილს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მინისტრმა ასევე მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ ხელმძღვანელს გაწეული საქმიანობისთვის.

დავით ვარდიაშვილს ეკავა ხელმძღვანელი პოზიციები „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემასა“ და „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციაში“. გარდა ამისა, 2016 – 2017 წლებში დავით ვარდიაშვილი იყო შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე, ასევე მას აქვს საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურსა და შემოსავლების სამსახურში ხელმძღვანელ პოზიციებზე მუშაობის გამოცდილება.

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს