მიმდინარე წლის დასაწყისიდან აგვისტომდე ევროკავშირში 75 ათასზე მეტი რეისი სამ საათზე მეტი ხნით გადაიდო ან წინასწარი გაფრთხილების გარეშე გაუქმდა.

მიუხედავად იმისა, რომ ეს შემთხვევები წლის პირველ ნახევარში განხორციელებული ყველა ფრენის მხოლოდ 1.1%-ს შეადგენს, დაზარალებულთა რაოდენობა მაღალია ავიარეისების საერთო მოცულობის ზრდის გამო. პრეტენზიების მართვის კომპანია Skycop-ის შეფასებით, ამ პერიოდში დაახლოებით 10 მილიონი მგზავრი დაზარალდა.

პლატფორმის მონაცემებით, მოუთხოვნელი კომპენსაციების საერთო მოცულობამ 2.2 მილიარდ ევროს მიაღწია. ამის მიუხედავად, კომპენსაციის მიღების უფლების მქონე მგზავრების თითქმის ორი მესამედი მასზე უარს ამბობს. მიზეზად ხშირად სახელდება ის, რომ მათ არ იციან საკუთარი უფლებების შესახებ, მიაჩნიათ, რომ პროცესი რთულია, ან ფიქრობენ, რომ ძალიან დიდი დრო გავიდა.

ევროკავშირის დირექტივა EU261-ის თანახმად, მგზავრებს, რომლებიც საბოლოო დანიშნულების ადგილზე სამ საათზე მეტი დაგვიანებით ჩადიან (თუ დაგვიანება არ იყო გამოწვეული განსაკუთრებული გარემოებებით, როგორიცაა ამინდი ან გაფიცვები), უფლება აქვთ მიიღონ ფიქსირებული კომპენსაცია 250-დან 600 ევრომდე. თანხის ოდენობა ფრენის მანძილზეა დამოკიდებული. მათ ასევე უფლება აქვთ, ლოდინის პერიოდში მიიღონ მომსახურება, მათ შორის კვება, საცხოვრებელი და ტრანსპორტირება, მიუხედავად იმისა, მიეცემათ თუ არა ფულადი კომპენსაცია.

აღსანიშნავია, რომ გადადებული ან გაუქმებული ფრენების პროცენტული მაჩვენებელი 2024 წელთან შედარებით შემცირდა (მაშინ დაახლოებით 1.5% იყო), თუმცა დაზარალებული მგზავრების საერთო რაოდენობა კვლავ მაღალია. ფრენების გადადება და გაუქმება 2025 წელს რამდენიმე ფაქტორმა გამოიწვია: ავიაგადამზიდების გაფიცვები, პერსონალის ნაკლებობა, ტექნიკური გაუმართაობები და ამინდის უკიდურესი პირობები.

ამჟამად ევროკავშირი განიხილავს EU261 დირექტივაში ცვლილებების შეტანას. შემოთავაზებული ცვლილებების მიხედვით, კომპენსაციის მისაღებად საჭირო მინიმალური დაგვიანების დრო გაიზრდება: მოკლე მანძილის ფრენებზე 3-დან 4 საათამდე, ხოლო შორ მანძილზე – 6 საათამდე. თუ ეს ცვლილებები დამტკიცდა, მომავალში ნაკლები მგზავრი შეძლებს კომპენსაციის მიღებას.

ავიანიუსი