ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი ჩინეთის ავიაკომპანიის China Eastern Airlines - ის წარმომადგენლებს შეხვდა – ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს.
„შეხვედრაზე საუბარი წარიმართა საქართველოს ავიაბაზარზე ჩინეთის ავიაკომპანიის China Eastern Airlines - ის შესაძლო შემოსვლაზე. აღინიშნა, რომ საქართველოს მხარის მოლაპარაკებები ჩინეთის ავიაკომპანიასთან დასკვნით ეტაპზეა და მისი წარმატებით დასრულების შემთხვევაში, ქართული მხარის ამოცანაა, რომ ფრენები საქართველოსა და ჩინეთს შორის მიმდინარე წელსვე დაიწყოს.
აღინიშნა, რომ China Eastern Airlines - ის დელეგაცია საქართველოში ვიზიტისას გაეცნო ქვეყნის საავიაციო ინფრასტრუქტურას, მათ შორის, თბილისის საერთაშორისო აეროპორტს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებასაც, რომ საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულების გაფორმებამ დიდი სტიმული მისცა ორ ქვეყანას შორის სავაჭრო - ეკონომიკური ურთიერთობების გაძლიერებას, მათ შორის, ამოქმედდა უვიზო რეჟიმი, რამაც დამატებითი სტიმული მისცა ჩინეთიდან ტურისტული ნაკადების ზრდას.
შეხვედრას ასევე დაესწრნენ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორი გივი დავითაშვილი და საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ლევან მოსეშვილი.
აღსანიშნავია, რომ China Eastern Airlines - ი ჩინეთის მესამე ავიაკომპანია იქნება, რომელიც საქართველოში ფრენებს დაიწყებს. ამჟამად ორ ქვეყანას შორის პირდაპირი ავიამიმოსვლა ხორციელდება ურუმჩი-თბილისის საჰაერო ხაზზე 2 ავიაკომპანიის მიერ - Air China - 3 სიხშირით, China Southern Airlines - 5 სიხშირით.
რაც შეეხება ვიზიტების რაოდენობას, 2025 წლის პირველ კვარტალში საქართველომ ჩინელ ვიზიტორთა 13,875 ვიზიტს უმასპინძლა, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან განსხვავებით 40.1%-იანი ზრდაა. 2025 წელს ჩინეთი კვლავ მეთერთმეტე ადგილს იკავებს საქართველოში განხორციელებული საერთაშორისო ვიზიტების ტოპ 15 ქვეყანას შორის. 2024 წლის მონაცემებით, ჩინეთის რეზიდენტთა ვიზიტების რაოდენობა 2023 წელთან შედარებით საგრძნობლად, 83.4%-ით, გაიზარდა და 88,583 ვიზიტი შეადგინა“ – ნათქვამია ინფორმაციაში.