„მანდარინი იყიდება 60-70 თეთრად, ვყიდით მუქთად, თუ ამას კარგად გაყიდვა ჰქვია, როგორც მთავრობა ამბობს… მეციტრუსის ხელში ამ 70 თეთრიდან 20 თეთრი თუ რჩება, მოსაკითხია კიდევ,“ – ამბობს  ქობულეთში, სოფელ აჭყვისთავში მცხოვრები კახა ნოღაიდელი.

ქობულეთელი მეციტრუსეების თქმით, წინასაახალწლოდ მანდარინის კლიენტები გამოჩნდნენ, თუმცა ფასი ძალიან დაბალია.

„წელს იმდენად დაბალი ფასია, ზოგს არც კი დაუკრეფია საერთოდ მანდარინი, სხვებთან არჩიეს მკრეფავად მუშაობა – დღეში 70-80 ლარია მკრეფავის გასამრჯელო, ზოგი კრეფს, ხეზე ხომ არ დავტოვებთო. ჩემთან, მაგალითად, არ ესხა, რაც დავკრიფე, ძალიან კარგი ხარისხის მანდარინი იყო და 70 თეთრად გავყიდე.

ამ ფასს რომ დაკრეფის ფასს გამოაკლებ, უნდა დავუმატოთ აზოტის თანხა, პლუს ორ-სამჯერ შეწამვლა სჭირდება, ფიზიკური შრომა. მანდარინის ფული ოჯახს მაქსიმუმ 2 თვე თუ გაჰყვება,“ – ამბობს კახა ნოღაიდელი.

რა გზებით ცდილობს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მეციტრუსის პრობლემების გადაჭრას, როცა მანდარინი ჯერ არ იყიდებოდა, ამჯერად კი, მეციტრუსეს წლის მოსავლის გაყიდვა დაბალ ფასად უწევს? – აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს პრესცენტრში გვითხრეს, რომ კომენტარს ვერ გააკეთებენ, თუმცა მოგვაწვდიან სტატისტიკას.

აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით, 17 დეკემბრის მდგომარეობით, ციტრუსის რეალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, უკვე ექსპორტირებულია 17 600 ტონა სტანდარტული მანდარინი, რომლის ღირებულება შეადგენს 10,2 მლნ დოლარს. გადამუშავდა 10 750 ტონამდე არასტანდარტული მანდარინი, რისთვისაც 3,8 მლნ ლარამდე სუბსიდია გაიცა. ამავე სამინისტროს მონაცემებით, წელს აჭარის რეგიონში 60 ათასი ტონა ციტრუსის მოსავალია, რაც 30%-ით მეტია გასულ წელთან შედარებით.

საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს მონაცემებით კი, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან 25 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოდან ექსპორტირებულია 2.4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 4.5 ათასი ტონა მანდარინი. 1 კილოგრამი მანდარინის საშუალო საექსპორტო ფასი 53 ცენტია.

„მთავრობა არ ჩანს მეციტრუსესთან, არაფერში არ იგრძნობა სახელმწიფო. ახლახან ჩემმა მეზობელმა, იმის გამო, რომ სხვა გამოსავალი არ ჰქონდა, 50 თეთრად გაყიდა მანდარინი. ესაა წარმატებული სეზონი?

დღეს მეციტრუსე სხვა საქმეზე რომ არ მუშაობდეს – მშენებლობა იქნება ეს, თუ სეზონური დასაქმება, მაგალითად, თურქეთში, მანდარინის ფულით ოჯახი ვერ გაიტანდა თავს, ეს გამორიცხულია,“ – ამბობს კახა ნოღაიდელი.

მეციტრუსე მიიჩნევს, რომ სახელმწიფომ აქტიური როლი უნდა ითამაშოს, რომ აღარაფერი ვთქვათ ცალკეულ საბიუჯეტო პროგრამებზე, რაც სოფლის სამინისტროს ახლაც აქვს და რაც წესით უნდა აუმჯობესებდეს მეციტრუსეების მდგომარეობას.

„ვისაც მიაქვს მანდარინი საზღვარგარეთ, ველაპარაკე და ისიც ამბობს, სახელმწიფო არაფერში არ გვეხმარებაო. აქედან გაგვაქვს მანდარინი და გადასახადს ვიხდით, რუსეთში შეგვაქვს და იქ ცალკე ვიხდით ფულს. მერე კიდევ ყუთები და შესაბამისი შეფუთვაო. ყველაფერი ხარჯია.

სუბსიდია უნდა იყოს მანდარინზე, როგორც ეს ვენახზეა. ციტრუსზე მხოლოდ არასტანდარტულზეა სუბსიდია 35 თეთრი, მაგრამ სოფლიდან ქალაქამდე ტრანსპორტირება რა უჯდება გლეხს, სადაც საწარმოა?“ – კითხულობს კახა ნოღაიდელი.

აჭარის ანტიკონსტიტუციური მთავრობის თავმჯდომარე აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრთან ერთად

„მკრეფავის დახმარება დამჭირდა, დღეში 70 ლარს ვუხდიდი მკრეფავს. როცა დაიწყო დაკრეფის სეზონი, მაშინ 80 თეთრად გავყიდე მანდარინი, ამ ბოლოს 65 თეთრად ჩავაბარე – დაიწია ფასი,“ – ამბობს მეციტრუსე ჯამბულ ჯინჭარაძე.

რას უნდა აკეთებდეს სოფლის მეურნეობის სამინისტრო მეციტრუსის აზრით? – მეციტრუსეების ნაწილი, მათ შორის, ჯამბულ ჯინჭარაძე მთავრობის კრიტიკას თავს არიდებს:

„სხვას ჰკითხეთ. მთავრობის საქმე მე არ ვიცი,“ – გვითხრა ჯამბულ ჯინჭარაძემ.

„ძირითადი ბაზარია ისევ რუსეთი. თავდაპირველად იყო პრობლემა, მაგრამ დალაგდნენ,“ – ამბობს კახა შავაძე, შპს „აჭარა ტრეიდინგ გრუპის“ დამფუძნებელი. ის წლების წინ მუშაობდა ექსპორტიორად, ამჟამად კი, ციტრუსის დამზადებაზე მუშაობს. კახა შავაძეს დეკემბრის დასაწყისში ჰქონდა მოლოდინი, რომ „კლიენტები გამოჩნდებოდნენ“.

„გასულ წელს იყო სადღაც 30, 000 ტონამდე ექსპორტი გაკეთებული ამ დროს. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით იქნებოდა 25 000, რომ არ ყოფილიყო ეს შეფერხებები…. ეს უკავშირდებოდა რუსეთის აზერბაიჯანელებთან დაკავშირებულ პრობლემებს.

რუსეთთან ექსპორტიორები დალაგდნენ, მათ შორის, ნაკლები კალიბრის მანდარინის გატანაზეც, ამას ჰქვია „ეკონომ პაკეტი“, როცა 50-ზე დაბალი კალიბრის მქონე მანდარინი გააქვთ.

გლეხს უნდა მაქსიმალური ფასი, ვაჭარს – მინიმალური. ეს ფასი ნაკლებია იმაზე, ვიდრე მოლოდინი იყო, იმიტომ რომ კონკურენცია მაღალია – თურქეთი შემოვიდა ამ ბაზარზე,“ – ამბობს კახა შავაძე.

კახა შავაძის აზრით, მეციტრუსეს არ უნდა ჰქონდეს მოლოდინი, რომ მანდარინის ფასი გაიზრდება. პირიქით, საახალწლო დღეების ჩავლის შემდეგ, მანდარინის ექსპორტზე გატანის მაჩვენებელიც იკლებს.

რატომ ვერ ეხმარება მიზნობრივი საბიუჯეტო პროგრამები სიტუაციის შეცვლას? – კახა შავაძის აზრით, ამას ანალიზი სჭირდება:

„ანალიზია საჭირო, რატომ არ მუშაობს ეფექტურად: კომპონენტები უნდა დაამატო, ან ახალი მოიფიქრო, ანალიზის გარეშე ვერ გეტყვით,“ – დასძინა შავაძემ.

batumelebi.netgazeti.ge