რუსეთის დედაქალაქში ტაქსის ტარება არასდროს ყოფილა მოგებიანი საიდისთვის, ტაჯიკი მიგრანტისთვის, რომელიც მოსკოვის რეგიონში ცხოვრობს, თუმცა საცხოვრებელ ხარჯებს მაინც აუდიოდა.

ახლა კი, მისი თქმით, ბენზინის ფასი ბოლო კვირების განმავლობაში 30 პროცენტზე მეტით გაიზარდა - ლიტრი 45 რუბლიდან 60 რუბლამდე გაძვირდა. მისი შემოსავალი დღეისათვის ერთი მეოთხედითაა შემცირებული.

„მუშაობ, იხდი ქირას და ბენზინის საფასურს - ეს ყველაფერი შენი ხარჯებია“, - უთხრა საიდმა რადიო თავისუფლებას.

ფასები ასე მკვეთრად მხოლოდ რუსეთის დედაქალაქში არ იზრდება.

„როგორც ჩანს, რუსეთი სრულმასშტაბიანი საწვავის კრიზისის ზღვარზეა“, - დაწერა გასულ თვეში მოსკოვის ერთ-ერთმა უდიდესმა ტაბლოიდმა და ჩამოთვალა რეგიონები, რომლებიც დეფიციტისა და ფასების ზრდის შესახებ იტყობინებიან.

დეფიციტს ძირითადად არაეკონომიკურ ფაქტორს მიაწერენ: უკრაინის ძალების მიერ დრონებით წარმოებულმა თავდასხმების კამპანიამ რუსეთის ნავთობგადასამუშავებელი სიმძლავრეების 17 პროცენტი გაანადგურა.

თუმცა, რუსი მომხმარებლები უფრო ფართო ეკონომიკური შენელების შედეგებსაც გრძნობენ. რუსეთის ეკონომიკა წლების განმავლობაში იზრდებოდა - მთავრობა ბევრს ხარჯავდა უკრაინაში ომის წარმოებაზე, ახლა კი რუსეთის ეკონომიკა შეჩერების პირასაა.

ცენტრალურ ბანკმა 12 სექტემბერს კვლავ შეამცირა საპროცენტო განაკვეთები ინფლაციის შესამცირებლად და ეკონომიკის აღსადგენად. კრემლი კი იმედოვნებს, რომ ეს შენელება უკრაინის ომის მხარდაჭერას არ შეამცირებს.

„კრიზისი გრძელდება, ვითარდება, იზრდება, ძლიერდება“, - განუცხადა რადიო თავისუფლების თათრულ-ბაშკირულ სამსახურს რუსმა ეკონომისტმა იგორ ლიპსიცმა.

„ამის სრულად დამალვა შეუძლებელი ხდება და სრული ტყუილიც არ აწყობთ, რადგან შემდეგ მოულოდნელად მოსახლეობა გაიღვიძებს და იტყვის: „რატომ არ გვითხარით, რომ ქვეყანაში ცუდი სიტუაციაა?“

სხვა ეკონომისტებისთვის ეს შენელება არც კატასტროფულია და არც მოულოდნელი.

„ეს ზრდის მოსალოდნელი შენელებაა. ამჟამად, ეს ძალიან ჰგავს რბილ დაშვებას და არა რაიმე სახის მწვავე კრიზისს“, - თქვა ლაურა სოლანკომ, ფინეთის ბანკის განვითარებადი ეკონომიკის ინსტიტუტის ეკონომისტმა.

ეკონომიკური დაშვება

ორ წელზე მეტია, რუსეთის ეკონომიკა წინ მიიწევს, როგორც სატვირთო მანქანა ძლიერი ძრავით, მაგრამ მონჯღრეული ბორბლებით.

თავად სატვირთო მანქანა შექმნა ეროვნული ინდუსტრიის გადაიარაღებამ, რომელიც მთლიანად უკრაინასთან ომისკენაა მიმართული. ნავთობისა და გაზის გაყიდვებით გაძლიერებულმა კრემლმა ეკონომიკა რუბლებით აავსო და პრიორიტეტად აქცია ტანკების, ქვემეხების, ჭურვების, დრონების, ფორმებისა და ჯარისკაცების აღჭურვილობის წარმოება.

2025 წელს, სამთავრობო მონაცემებით, თავდაცვასა და უსაფრთხოებაზე დანახარჯების მთლიანმა რაოდენობამ ყველა ხარჯის 41 პროცენტს მიაღწია - ეს ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ცივი ომის შემდეგ.

პარალელურად მთავრობამ ჯარისკაცებს მაღალი ხელფასები და შეღავათები დაუწესა, რათა რაც შეიძლება მეტი მამაკაცი ჩაწერილიყო მოხალისედ.

ამან რუსეთის ღარიბი რეგიონები ნაღდი ფულით კი აავსო, მაგრამ გაამრუდა, დაამახინჯა შრომის ბაზრები, ხელფასები გაიზარდა და ინფლაციაც თითქმის 10 პროცენტამდე მიჰყვა.

ამან, თავის მხრივ, ცენტრალური ბანკი აიძულა, ინფლაციის შესამცირებლად გაეზარდა სესხების განაკვეთები - რაც გავლენას ახდენს ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ავტო სესხები და იპოთეკური სესხები.

შედეგი?

მიმდინარე წლის პირველ სამ თვეში მშპ წინა სამ თვესთან შედარებით 0.6 პროცენტით შემცირდა. ეს პირველი შემცირებაა 2022 წლის შემდეგ, როდესაც დასავლური სანქციებისა და ქვეყნიდან დასავლური კომპანიების გასვლის ფონზე ეკონომიკა 1.4 პროცენტით შემცირდა.

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მთავარმა მრჩევლებმა საჯაროდ განაცხადეს შენელების შესახებ. ფინანსთა მინისტრმა ანტონ სილუანოვმა პუტინს უთხრა, რომ ეკონომიკა მხოლოდ 1.5 პროცენტით გაიზრდებოდა.

რამდენიმე დღის შემდეგ, ეკონომიკის მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა განაცხადა, რომ ეკონომიკა „მოსალოდნელზე სწრაფად გრილდებოდა“, სახელმწიფო საბანკო გიგანტ „სბერბანკის“ ხელმძღვანელმა გერმან გრეფმა კი შესაძლო „სტაგნაციაზე“ ილაპარაკა.

პუტინმა სცადა გაექარწყლებინა შიშები ეკონომიკის მასშტაბურ შენელებასთან დაკავშირებით..

„დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოოდ ჩვენ შევძლებთ პრობლემების მოგვარებას, ეკონომიკური ზრდის საჭირო ტემპის მხარდაჭერას ინფლაციის მინიმუმამდე შენარჩუნებით“, - თქვა მან ვლადივოსტოკში ბიზნეს ფორუმზე.

„ყველას ესმის, რომ თუ ეკონომიკას ინფლაცია გადაფარავს, ეს კარგად არ დასრულდება“.

თოფები კარაქის ნაცვლად

12 სექტემბერს ცენტრალურმა ბანკმა გამოაცხადა ძირითადი განაკვეთის ოდნავ შემცირება - წელს მესამედ. ინფლაცია 8.2 პროცენტზე დარჩა, რაც ბანკის სამიზნე მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

„შემდეგი სტაგნაციაა - ნულოვანი ან 1 პროცენტიანი ზრდა - რასაც რეცესია მოჰყვება“, - თქვა ბოგდან ბაკალეიკომ, ყოფილმა რუსმა ჟურნალისტმა და ეკონომიკურმა კომენტატორმა.

ბაკალეიკოს თქმით, თუ სტაგნაცია ან რეცესია უმუშევრობის ზრდას გამოიწვევს, ეს პოტენციურად უფრო მეტ ადამიანს უბიძგებს უკრაინაში იბრძოლონ, რათა ისარგებლონ თავდაცვის სამინისტროს მიერ შემოთავაზებული ხელფასებითა და შეღავათებით.

რუსები „ან ფულის, სამსახურისა და საკვების გარეშე დარჩებიან, ან თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტს გააფორმებენ, რადგან ამისთვის ფული ყოველთვის იქნება“, - განუცხადა მან Current Time-ს.

„ასე რომ, ეკონომიკური პრობლემები ვლადიმერ პუტინს რეალურად ხელს უწყობს“.

დამატებითი პრობლემები

ეკონომიკის შენელება ამწვავებს ბიუჯეტის დეფიციტს, რომელიც 2025 წელს ისედაც 5 ტრილიონ რუბლს (60 მილიარდი დოლარს) აღწევს. თუმცა, კრემლს არ გამოუჩენია ომის ხარჯების შემცირების სურვილი.

„რუსეთის მიერ საომარი რეჟიმის შენარჩუნების შესაძლებლობა დიდწილად დამოკიდებულია ნავთობის ფასებსა და სანქციების რეჟიმის ტრაექტორიაზე“, - ნათქვამია პეტერსონის საერთაშორისო ეკონომიკის ინსტიტუტის მიერ გასულ თვეში გამოქვეყნებულ ანგარიშში.

„თუ რუსეთი ბრძოლის ველზე წარუმატებლობას განიცდის და შეზღუდულ რესურსებთან მოუწევს გამკლავება, ის, შესაძლოა, იძულებული გახდეს შეცვალოს მიდგომა - ან შეტევა შეამციროს, ან მეტი ღიაობის გამოიჩინოს მოლაპარაკებების მიმართ“.

გასულ თვეში, საინფორმაციო სააგენტო „როიტერმა“, ანონიმურ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით, დაწერა, რომ გადასახადების ზრდა გარდაუვალი იყო. რუსულმა ბიზნეს გამოცემამ The Bell-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამჟამად განიხილება დამატებული ღირებულების გადასახადის ორი პროცენტული პუნქტით, 22 პროცენტამდე გაზრდა.

ამან შეიძლება სამომხმარებლო ფასები გაზარდოს, რაც ეწინააღმდეგება ცენტრალური ბანკის მიერ ინფლაციის შემცირების მცდელობას.

დამოუკიდებელმა ეკონომისტმა ვლადისლავ ჟუკოვსკიმ ასევე იწინასწარმეტყველა დამატებითი ღირებულების გადასახადის ზრდა. ის ბოლოს 2019 წელს გაიზარდა - პუტინის მეოთხე ვადით ხელახლა არჩევიდან სულ რაღაც რამდენიმე თვის შემდეგ.

„ეს არის ყველაზე მტაცებლური გადასახადი, ყველაზე დამღუპველი ეკონომიკისა და მოსახლეობისთვის, რადგან ის გროვდება, ასე ვთქვათ, ყველა ეკონომიკური აქტივობიდან - ქვეყნის შიგნით არსებული ყველა წარმოებიდან და მოთხოვნიდან“, - განუცხადა მან Current Time-ს.

„ეს ძირს უთხრის რუსეთის ინდუსტრიას, სამოქალაქო ინდუსტრიას, რადგან ისინი უბრალოდ იძულებულნი იქნებიან, ეს წარმოების ხარჯები... საბოლოო მომხმარებელზე გადაიტანონ“, - თქვა მან.

„შედეგად, ფასები კიდევ მინიმუმ 10-15 პროცენტით გაიზრდება“, - თქვა ჟუკოვსკიმ. „მოსახლეობისთვის ეს არის დარტყმა საფულეზე, ცხოვრების დონის ვარდნა, რეალური მსყიდველობითი უნარის შემცირება“.

ავტორი: მაიკ ეკელი

წყარო: რადიო თავისუფლება