საქართველოში გზით სარგებლობის საფასური ევროზონისა და რეგიონის ქვეყნებთან მიმართებით შეუსაბამოდ მაღალია, - ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ თავის პუბლიკაციაში წერს.
მათივე ცნობით, ევროზონასა და რეგიონის უმეტეს ქვეყნებში გზით სარგებლობის საფასური დივერსიფიცირებულია და დამოკიდებულია სატრანსპორტო საშუალების წონაზე / ღერძების რაოდენობაზე, გზის კლასზე, ხმაურის დონეზე, გამონაბოლქვზე, ფასიანი გზით სარგებლობის პერიოდზე, ანუ იმაზე, თუ რამდენ დღეში დაფარავს სატრანსპორტო საშუალება სატრანზიტო მონაკვეთს. საქართველოში ასეთი კლასიფიკაცია არ არსებობს, შესაბამისად, გადასახადი უნიფიცირებულია. კერძოდ, ტრანზიტად მოძრავი სატვირთო ავტოტრანსპორტი საქართველოს ტერიტორიის გადაკვეთისას იხდის ფიქსირებულ 350 ლარის საფასურს.
„იმისათვის, რომ შედარებითი ანალიზი ჩავატაროთ და დავადგინოთ ერთ კილომეტრზე გზით სარგებლობის ოდენობა – აუცილებელია საქართველოსთვის საშუალო სატრანზიტო მანძილის დადგენა. კერძოდ, გავაშუალედოთ ძირითადი სატრანზიტო დერეფნების მანძილები – სარფი – ლარსი – 499 კმ, ფოთი – ლარსი – 450 კმ, სარფი – სადახლო – 433 კმ, ფოთი – სადახლო – 404 კმ, სარფი – წითელი ხიდი – 436 კმ, ფოთი – წითელი ხიდი – 387 კმ, ლარსი – სადახლო – 240 კმ.
საქართველოს სატრანზიტო მონაკვეთების გაშუალედებული, საშუალო მანძილი შეადგენს 407 კმ-ს.
თუ გზათსარგებლობის საფასურის თანხას, 350 ლარს, გავყოფთ საშუალო სატრანზიტო მანძილზე – 407 კმ-ზე, მივიღებთ სატვირთო ავტოტრანსპორტის მიერ საქართველოს ტერიტორიის სატრანზიტო დერეფნის ერთ კილომეტრზე გადახდილ თანხას, რომელიც შეადგენს 86 თეთრს, რაც კილომეტრზე 28 ევრო ცენტის ტოლფასია.
ერთ კილომეტრში გზით სარგებლობის გადასახადის მაჩვენებელი, თუ მხედველობაში არ მივიღებთ შვეიცარიასა და ავსტრიას, მნიშვნელოვნად აღემატება როგორც ევროზონის, ასევე რეგიონის ქვეყნების ფასიან გზებზე დაწესებულ საფასურს (იხ. დიაგრამა)“, - წერია „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ პუბლიკაციაში.

ვრცლად: transcor.ge