2026 წლის 1 ივლისიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის №285 დადგენილება, რომლითაც მტკიცდება „აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამა“. ახალი ინიციატივა სოფლის მეურნეობის მხარდაჭერის აქამდე არსებულ 15 სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამას (მათ შორის „დანერგე მომავალს“, „ქართულ ჩაის“, მექანიზაციისა და კოოპერატივების პროგრამებს) ერთიან სისტემაში აერთიანებს და ფუნდამენტურად ცვლის დაფინანსების არსს.
ცვლილება არ აუქმებს „შეღავათიან აგროკრედიტს“, თუმცა მას დამოუკიდებელ ინსტრუმენტად აღარ ტოვებს. უფრო კონკრეტულად ცვლილებები შედის შემდეგ პარამეტრებში:
1. ფილტრის შეცვლა: ჯერ სახელმწიფო, შემდეგ ბანკი
თუ აქამდე ბენეფიციარი ჯერ ბანკს მიმართავდა რისკების შესაფასებლად და მხოლოდ სესხის დამტკიცების შემდეგ ერთვებოდა სახელმწიფო სუბსიდირებაში, ახლა თანმიმდევრობა იცვლება:
-
პირველი ეტაპი (სახელმწიფო): ფერმერი განაცხადსა და ბიზნესგეგმას წარადგენს სოფლის განვითარების სააგენტოში, რომელიც აფასებს პროექტის ეკონომიკურ მიზანშეწონილობას.
-
მეორე ეტაპი (ბანკი): მხოლოდ სააგენტოს დადებითი ვერდიქტის შემდეგ ერთვება პროცესში კომერციული ბანკი, რომელიც წმინდა ფინანსურ რისკებსა და გადახდისუნარიანობას ამოწმებს.
2. დაფინანსება მხოლოდ შესრულებული სამუშაოს შემდეგ
იცვლება თანხის გაცემის პრინციპიც. სახელმწიფო სუბსიდიას წინასწარ ან სესხის პარალელურად აღარ გასცემს. ბენეფიციარმა ჯერ თავად უნდა განახორციელოს ინვესტიცია, რის შემდეგაც სააგენტო ჩაატარებს მონიტორინგს. თანხა მხოლოდ ხარჯების აუდიტორული დასკვნით დადასტურების შემდეგ ჩაირიცხება.
3. ლიმიტების მკვეთრი შემცირება
სახელმწიფო უარს ამბობს მსხვილი პროექტების მასშტაბურ თანაგადახდაზე.
-
დაფინანსების მაქსიმალური ზედა ზღვარი, რომელიც ცალკეულ სექტორებში (მაგ. მეღვინეობა/სასურსათო მრეწველობა) 10-15 მილიონ ლარს აღწევდა, 4 მილიონ ლარამდე მცირდება.
-
უშუალოდ სახელმწიფო თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობა ერთ პროექტზე 2 მილიონი ლარით განისაზღვრა.
4. პირობების გამკაცრება (პროცენტი და ვადები)
მცირდება თავად სუბსიდირების მოცულობაც და ხანგრძლივობაც:
-
საპროცენტო სუბსიდია: 11%-დან 8%-მდე შემცირდა.
-
სუბსიდირების ვადა: 48 თვიდან (4 წელი) 36 თვემდე (3 წელი) შემცირდა.
ვის არ შეეხება ცვლილება?
ახალი წესები არ გავრცელდება იმ ხელშეკრულებებსა და განაცხადებზე, რომლებიც სისტემაში 2026 წლის 1 ივლისამდე უკვე რეგისტრირებულია ან გაფორმებულია. ძველი აგროკრედიტებით გაცემული სესხები (მათ შორის რეფინანსირება) ძველი პირობებითვე გაგრძელდება.