ირანში მიმდინარე საომარი მოქმედებების ფონზე რეგიონში სატრანსპორტო დერეფნების ბალანსი შეიძლება მნიშვნელოვნად შეიცვალოს, რაც შუა დერეფნის და საქართველოს როლს დამატებით სტრატეგიულ მნიშვნელობას ანიჭებს.
"სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი ფიქრობს, რომ არსებული გაურკვევლობის მიუხედავად, მიმდინარე პროცესები საქართველოს დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვისა და რეგიონული ლოგისტიკური ჰაბის პოზიციის გაძლიერებისთვის ახალ შესაძლებლობას უქმნის. ამის შესახებ მან "საქმიან დილაში" ისაუბრა.
„პროცესები ნაკლებად პროგნოზირებადია და ამ ეტაპზე მხოლოდ ჰიპოთეტურ გათვლებზე შეგვიძლია დაყრდნობა. თუ შუა დერეფნის განვითარების დინამიკას გადავხედავთ, 2022 წელს საქართველოს გავლით გადაზიდვების მოცულობა დაახლოებით 50%-ით გაიზარდა. ეს მნიშვნელოვანი წინსვლა იყო, თუმცა მომდევნო წლებში 2023, 2024 და 2025 წლებში ამ ზრდის შენარჩუნება ვერ მოხერხდა და გარკვეული კლების ტენდენციაც დაფიქსირდა. ეს მიუთითებს, რომ საქართველომ სრულად ვერ გამოიყენა არსებული ეკონომიკური შესაძლებლობის ფანჯარა.
ამავდროულად, ბოლო წლებში ცენტრალური აზიის ქვეყნებმა აქტიურად დაიწყეს ირანის მიმართულებით სატრანსპორტო და ლოგისტიკური თანამშრომლობის გაღრმავება. მაგალითად, 2023 წელს აშხაბადმა და თეირანმა საზღვარზე ახალი ეკონომიკური ზონის შექმნა დააანონსეს. იმავე წელს ყაზახეთმა, თურქმენეთმა და ირანმა კონკურენტულ სატარიფო პოლიტიკაზე იმუშავეს.
2024 წელს ყაზახეთმა, თურქეთმა, ჩინეთმა და ირანმა საკონტეინერო გადაზიდვებისთვის ახალი სატარიფო სისტემა წარადგინეს. 2025 წელს გაფართოვდა მეშხედის სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა თურქმენეთ-ირანის საზღვარზე;
2026 წელს ყაზახეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ქვეყანა შუა დერეფნის პარალელურად ირანის მიმართულებითაც აძლიერებს გადაზიდვებს - ეს ყველაფერი მიუთითებს, რომ ცენტრალური აზიის ქვეყნები აქტიურად ცდილობენ ირანის გავლით სამხრეთის ნავსადგურებთან დაკავშირებას. თუმცა თუ ირანში არსებული არასტაბილურობა გაგრძელდება, ეს ავტომატურად გაზრდის შუა დერეფნის მნიშვნელობას და საქართველოს შეუძლია დამატებითი ტვირთნაკადების მოზიდვა, განსაკუთრებით ყაზახეთსა და უზბეკეთში წარმოებული სამრეწველო პროდუქციის მიმართულებით.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ირანს სტრატეგიულად სჭირდება შავი ზღვის ნავსადგურებთან წვდომა საქართველოს გავლით. წარსულშიც, 2018 წლამდე, ირანიდან ნედლი ნავთობი ბათუმის ნავსადგურში შემოდიოდა. შესაბამისად, მომავალში არ არის გამორიცხული, რომ ირანის ჩრდილოეთ ნავსადგურებიდან ტვირთები აზერბაიჯანისა და საქართველოს რკინიგზის გავლით ისევ შავი ზღვის მიმართულებით გადაიზიდოს.
ამ პროცესში მნიშვნელოვანი ფაქტორია რუსეთის მიერ ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის განვითარებაც. რუსეთი დაახლოებით 1.6 მილიარდი დოლარის ინვესტიციით აშენებს 180-კილომეტრიან სარკინიგზო მონაკვეთს ირანის ტერიტორიაზე. თუმცა რეგიონში არსებული არასტაბილურობის ფონზე, ამ პროექტის ეფექტიანობაც გარკვეული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება, რაც დამატებით შესაძლებლობებს ქმნის შუა დერეფნისთვის. ამ ახალი შესაძლებლობების გამოყენებისთვის საქართველოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის განვითარება და ინვესტიციების მოზიდვა. განსაკუთრებით საყურადღებოა, რომ 2025 წელს ტრანსპორტისა და ლოგისტიკის სექტორში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მხოლოდ 165 მილიონი დოლარი იყო, რაც შემცირებულ მაჩვენებელს წარმოადგენს. აუცილებელია რკინიგზის მოძრავი შემადგენლობის განახლება, ელმავლების განვითარება და სანავსადგურო ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რათა ქვეყანა მზად იყოს დამატებითი ტვირთების მისაღებად“, - განაცხადა „საქმიანი დილის“ ეთერში პაატა ცაგარეიშვილმა.
ინფორმაციისთვის, ირანმა ჰორმუზის სრუტე ჩაკეტა.
მსოფლიოს წამყვანმა ნავთობკომპანიებმა და სავაჭრო ხომალდების მესაკუთრეებმა სრუტის გავლით ნედლი ნავთობისა და საწვავის გადაზიდვა დროებით შეაჩერეს. უმსხვილესი კომპანიების ხელმძღვანელებმა გემების უსაფრთხო ზონებში გაჩერების განკარგულება უკვე გასცეს, რაც სულ მცირე, რამდენიმე დღეს გასტანს.
ჰორმუზის სრუტე გლობალური ნავთობის მიწოდების მეხუთედს ატარებს და მისი გამოყენებით ქვეყნებს წიაღისეულ საწვავსა და გაზს სპარსეთის ყურის არაბული ყველა ქვეყანა, მათ შორის, საუდის არაბეთი, კატარი და არაბთა გაერთიანებული საამიროები იყენებენ.