სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ხელმძღვანელი პაატა ცაგარეიშვილი მიიჩნევს, რომ ირანში მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს აქვს გარკვეული შესაძლებლობა, სახმელეთო ტვირთები მოიზიდოს.
რადიო „კომერსანტის“ ეთერში საუბრისას პაატა ცაგარეიშვილი აღნიშნავს, რომ ეს შესაძლებლობა, რომელიც საქართველოს სახმელეთო ტვირთების გადაზიდვის მიმართულებით უჩნდება, არ უნდა გაიფლანგოს ადმინისტრაციული ბარიერებიდან გამომდინარე.
„იმისთვის, რომ ტვირთი ირანში აღმოჩნდეს ცენტრალური აზიის გავლით, თურქმენეთიდან მეშხეთ-სერაქსის მიმართულება - ურიკების შემცვლელი სადგური უნდა გაიაროს და ამ ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის თურქმენეთმა მნიშვნელოვანი ინვესტიცია განახორციელა. გარდა ამისა, თურქეთმა ვანის ტბაზე 2 ბორანი დაამატა. ამდენად, ყველანაირი წინაპირობაა შექმნილი, რომ განვითარებულ ინფრასტრუქტურაზე დაუბრკოლებლად მოხდეს ცენტრალური აზია-ჩინეთის ტვირთების მოძრაობა. ასევე, ყაზახეთმა გააძლიერა ტვირთნაკადის მომსახურებაც. დღეს შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე კი გაურკვეველია, რა მოელის ამ ტვირთნაკადებს. ეს შესაძლებლობა, რომელიც სახმელეთო მიმართულებით გვიჩნდება, არ უნდა გაიფლანგოს ადმინისტრაციული ბარიერებიდან გამომდინარე“, - აცხადებს პაატა ცაგარეიშვილი.
ადმინისტრაციულ ბარიერებში პაატა ცაგარეიშვილი კასპიის ზღვაზე არსებულ არც თუ სახარბიელო ვითარებას გულისხმობს, რის შესახებაც, როგორც თავადვე აღნიშნავს, კვლევას ატარებს, რომელიც მალე დასრულდება.
„კასპიის ზღვაზე, გარდა ინფრასტრუქტურული შეფერხებებისა, არსებობს ადმინისტრაციული ბარიერებიც. მაგალითად, საქართველოში დატვირთული ვაგონი შუა აზიაში რომ ჩავიდეს, 70 დღეს სჭირდება. გარდა იმისა, რომ აქ პრობლემაა ვაგონების უკმარისობა, ბორნების საკითხი, კასპიის ზღვაზე წყლის ვარდნა და ასე შემდეგ, არის ადმინისტრაციული ბარიერებიც. კერძოდ, როცა აზერბაიჯანული მხარე აყოვნებს ქართული ვაგონების დატვირთვას და უპირატესობას თავის ვაგონებს ანიჭებს. ეს ყველაფერი ამ დერეფნის მოუქნელობაზე მიუთითებს. გარდა ამისა, არანაკლები პრობლემებია თურქმენეთისა და ყაზახეთის მიმართულებით, როცა ბოლო პერიოდში საბორნე ხაზზე გადაზიდვის ტარიფი 150 დოლარით გაძვირდა.
არსებული რეალობისა და წარსულის გამოცდილების გათვალისწინებით, დამატებითი სახმელეთო ტვირთის მოსაზიდად ქვეყნების კოორდინაცია და ადმინისტრაციული ბარიერების კიდევ ერთხელ გაანალიზებაა აუცილებელია“, - აღნიშნავს პაატა ცაგარეიშვილი.