გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის დირექტორი ირაკლი გულედანი მეთევზე ფერმერებს შეხვდნენ.
სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის ქსელში, როგორც ცენტრალურ, ისე რეგიონალურ და ზონალურ დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებში, თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მიმართულებით ყველა საჭირო კვლევა უკვე დანერგილია. ფერმერებთან შეხვედრის მიზანს სწორედ თევზის დაავადებების დიაგნოსტიკის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლება და კვლევებზე მეტი ინფორმაციის მიწოდება იყო.
შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს დარგში არსებული გამოწვევებზე და სამომავლო გეგმებსა და თანამშრომლობის აუცილებლობაზე, რათა მოხდეს დაავადებების პრევენცია და, შესაბამისად, აღმოიფხვრას თევზის პროდუქტებთან დაკავშირებული ადამიანის ჯანმრთელობისთვის საზიანო რისკები.
შეხვედრაზე მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანმა აღნიშნა, რომ გამოწვევაა ვეტერინარების, მათ შორის, თევზის დაავადებების სპეციალისტების (იქთიოპათოლოგების) სიმცირე. შესაბამისად, დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაცია და ახალგაზრდების დაინტერესება სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია.
შეხვედრას ესწრებოდნენ შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილე მიხეილ ფავლენიშვილი, ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე ბუზალაძე, სოფლის განვითარების სააგენტოს, სურსათის ეროვნული სააგენტოსა და სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის წარმომადგენლები.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს