საქართველოს, პოლიტიკური თვალსაზრისით, "ცხელი" და მშფოთვარე ზამთარი დაუდგა:

ასეულობით ახალგაზრდის დაპატიმრების და აქციების დაშლის შემდეგ, ხალხი ახალ არჩევნებს და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვს. ამ ფონზე, დასავლეთმა ქართველ მაღალჩინოსნებს სანქციები დაადო, ლაპარაკია ახალ სანქციებზე და უვიზო მომოსვლის შეჩერებაზეც... როგორ აისახება ეს პროცესი საქართველოს ეკონომიკაზე? - ამ შეკითხვით ქართველ ეკონომისტებს და ბიზნესის წარმომადგენლებს მივმართეთ:

"ჩემი პროგნოზი მარტივია: თუ ყველაფერი ასე გაგრძელდება, მდგომარეობა გაუარესდება"

პაატა შეშელიძე: "ახალი ეკონომიკური სკოლის" დამფუძნებელი:

- ჯერჯერობით, დასავლეთის სანქციები მხოლოდ კერძო პირებს ეხება, ამიტომ ჩვენს ეკონომიკაზე ნაკლებად აისახება. თუმცა, თანამდებობის პირები რომ სანქცირდებიან, ეს ნეგატიური მუხტის მქონე მოვლენაა. ექნება თუ არა დემოკრატიის უკუსვლას უარყოფითი ეფექტი? - ამის თქმა ძნელია. მაგალითად: ჩინეთში ტოტალიტარული სისტემაა, მაგრამ მთელი ამერიკული ინვესტიციები იქ შედის. მეორე მხრივ, ცუდია, რომ საქართველოს ხელისუფლების კონტროლის გარეშე აქ არაფრის გაკეთება არ შეიძლება. თუ ამ ქვეყანაში ფულს დებ, მათი კონტროლის ქვეშ უნდა იყოს, ამის გამო, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები საქართველოში მკვეთრად შემცირებულია. ამას ისიც ემატება, რომ საქართველო პოტენციური კონფლიქტის ქვეყანაა და ამ კონფლიქტის განახლება ყოველთვის შეიძლება - ეს კიდევ ერთი, დამატებითი მოტივია, რომ ვიღაცას აქ ინვესტიციის ჩადება არ მოუნდეს. პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს ერთი მხრივ, პოლიტიკური სიტუაცია აბრკოლებს, ხოლო მეორე მხრივ, სამხედრო რისკი, რაც ბიზნესისთვის სირთულეებს ქმნის. ვინც მთავრობის მხარესაა და სიტუაციას აკონტროლებს, ორ რამესაა ჩაჭიდებული - ერთი, ეს არის ტრანზიტი და მეორე - მილსადენი და ნავთობსადენი, რომელიც ჩვენი ქვეყნის ეკონომიკისთვის უმნიშვნელოვანესია - სწორედ ამ ორ ელემენტზეა დამოკიდებული მთელი ეკონომიკა. ბოლო ხანებში ვხედავთ, როგორ გაუფასურდა ლარი და ეს ლოგიკურია: ქვეყანაში უცხოური ინვესტიციები არ შემოდის, წლის ბოლოა და ვალები გასასტუმრებელია, პოლიტიკური არეულობის ფონზე ძალიან ბევრი კომპანია სრული დატვირთვით ვერ მუშაობს, რაც ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკაზე. ცხადია, ბევრი პრობლემაა. თანამედროვე ეპოქაში, ეკონომიკა სტაბილურად უნდა მუშაობდეს და ამასთანავე, იყოს ღია, ჩვენ არც ერთი გვაქვს და არც მეორე, სწორედ ამის გამოხატულებაა საქართველოს ეკონომიკის მდგომარეობა და თუნდაც, ლარის კურსი. თუმცა, პრობლემები, რომელიც დღეს გვაქვს, ბევრად მძიმეა: ადამიანებს არა აქვთ ამ ქვეყანაში ცხოვრების სურვილი; არა აქვთ სურვილი, გრძელვადიანი მიზნები დაისახონ და ბევრი, ვისაც ამის საშუალება აქვს, წასვლაზე ფიქრობს. ის ხალხი, რომელიც ტექნოლოგიურ სფეროში მუშაობს და ვისი სამუშაო ადგილიც ლეპტოპია, ძალიან ადვილად გავა საქართველოდან. ცხადია, მათგან მიღებული შემოსავალი სხვა ქვეყნებში გადაინაცვლებს. ამიტომ, ფუნდამენტური საკითხია, ადამიანებს ამ ქვეყანაში ცხოვრება მოუნდებათ თუ არა. როდესაც ადამიანებს ფიზიკურად უსწორდებიან და ამაში პოლიციაა ჩართული, ეს ხალხში იმედგაცრუებას წარმოშობს და ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის იმიჯს მთელი მსოფლიოს წინაშე აზიანებს. მით უმეტეს, ამაში რუსული სპეცსამსახურებია ჩართული. როგორია ჩემი პროგნოზი? - სანამ ეს სიტუაცია იქნება, ვითარება გაუარესდება და გართულდება. შესაბამისად, ძალიან ბევრი ადამიანის ცხოვრება გაუარესდება და ამ ქვეყანაში მხოლოდ 50 თუ 100 ოჯახი იცხოვრებს ნორმალურად. თუნდაც ამიტომ, სიტუაცია უნდა შეიცვალოს.

"ასეთ პირობებში ქვეყანაში ტურისტი არ შემოვა, ეს აქსიომაა"

შალვა ალავერდაშვილი, ჰოტელიერი:

- მე ტურიზმის სფეროს წარმომადგენელი ვარ და დანამდვილებით ვიცი: რაც უფრო დროულად დამშვიდდება ქვეყანა, მით უკეთესი მდგომარეობა შეექმნება ტურიზმს. ისიც ვიცი, რომ თბილისის ცენტრში თავმოყრილი სასტუმროების დიდი ნაწილი რთულ მდგომარეობაშია, რადგან ბევრი ჯავშანი გაუქმდა. ჯერჯერობით, ჯავშნები ზამთრის კურორტებზე არ გაუქმებულა და იმედია, არც გაუქმდება, თუმცა ჩვენი სფეროსთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ქვეყანაში მშვიდობა და სტაბილურობა იყოს. ამის გარეშე ტურიზმი ვერ განვითარდება და ქვეყანა სერიოზულ შემოსავლებს დაკარგავს. რასაკვირველია, ევროპული გზა ყველას გვინდა, რადგან თუ ევროპასთან ურთიერთობა დალაგებული გაქვს, სხვა ქვეყნებიდანაც ბევრი ტურისტი შემოდის. ამიტომ, დროულად უნდა მოხდეს სიტუაციის განმუხტვა და დეესკალაცია. თუ სიმშვიდე იქნება, ტურიზმიც განვითარდება, მაგრამ ასეთ პირობებში ქვეყანაში ტურისტი არ შემოვა - ეს აქსიომაა. გამოსავალი მთავრობამ უნდა მოიფიქროს: ახალი არჩევნები დაინიშნება თუ რაღაც სხვა ფორმას გამონახავენ, არ ვიცი, მაგრამ მთავარია, ქვეყანაში სიმშვიდე იყოს.

"მე ამას "გოლეთიანის ეფექტი" დავარქვი"

სოსო არჩვაძე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი:

- რა თქმა უნდა, ნეგატიური ფონი და რეპუტაციული ფაქტორი ეკონომიკაზე ცუდად მოქმედებს. როცა ხელისუფლების ამა თუ იმ შტოს მიმართ სანქციები დაწესდება, ეს უარყოფით გავლენას ახდენს მთელი ქვეყნის იმიჯსა და ეკონომიკაზეც. რაც შეეხება ვალუტის კურსს, აქ ორი ფაქტორია მხედველობაში მისაღები: ერთი - ემოციური და მეორე - ეკონომიკური. ჯერჯერობით, წინა პლანზე ემოციური ფაქტორია გამოსული. ცუდია, რომ უცხოური ინვესტიციების მოცულობა შემცირდა, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ამ პროცესში სავალო ვალდებულებების შემცირებას დიდი ადგილი უკავია. ჩემი აზრით, სერიოზული დამაიმედებელი ფაქტორია ისიც, რომ უცხოეთიდან შემოსული ინვესტიციების დიდი ნაწილი გადამამუშავებელ მრეწველობასა და ენერგეტიკაზე მოდის. როდესაც ინვესტიციებს ასეთ მნიშვნელოვან დარგებში დებენ, ესე იგი, ინვესტორებს იმედი აქვთ, რომ საქართველოში ბიზნესის კეთება შესაძლებელია. აქედან გამომდინარე, უიმედო მდგომარეობა ნამდვილად არა გვაქვს: ერთობლივი ძალისხმევით და საზოგადოებრივი კონსენსუსით უნდა მოვახერხოთ და ეკონომიკის ზრდის პროცესი შევინარჩუნოთ. ნათქვამია, შეძახილმა ხე გაახმოო და ჩვენზეა დამოკიდებული: თუ მოვინდომებთ, რომ ქართული ეკონომიკა და ლარი ჩავწიხლოთ, ის მართლა გაუფასურდება და თუ მოვინდომებთ, რომ ეკონომიკური სტაბილურობა შევინარჩუნოთ, შევინარჩუნებთ. რაც შეეხება წინსვლას, ადგილობრივი წარმოების და აგრარული სექტორის განვითარების გარეშე, საქართველოს ეკონომიკის წინსვლა მე ვერ წარმომიდგენია. ცხადია, ეკონომიკის განვითარებისთვის სიმშვიდე და სტაბილურობაც საჭიროა. ამის დასტურად, შეგახსენებთ, რა მოჰყვა ნამახვან ჰესის საწინააღმდეგო აქციებს, რომელსაც ვარლამ გოლეთიანი ხელმძღვანელობდა: საქართველომ მრავალმილიონიანი ზარალი განიცადა ჰესის მშენებლობის ჩაშლის გამო. მე ამას "გოლეთიანის ეფექტი" დავარქვი, რადგან ნებისმიერი არეულობა ეკონომიკაზე ცუდად აისახება. რა მდგომარეობა გვაქვს ახლა? - ჯერჯერობით, კატასტროფულს ვერ ვხედავ, მაგრამ ახლა, ყველაფერი სწორად გადადგმულ ნაბიჯებსა და სწორ ეკონომიკურ პოლიტიკაზეა დამოკიდებული.

"შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალია ის, რომ ხელისუფლებამ სწორი გადაწყვეტილებები მიიღოს"

რამაზ გერლიანი, ეკონომიკის დოქტორი:

- სანქციები მთელ ეკონომიკაზე ნეგატიურად აისახება და ბიზნესგარემოზეც უარყოფითად მოქმედებს. მნიშვნელობა არა აქვს, რამდენ პირს დაუწესდა სანქცია, ინდივიდუალურია თუ კოლექტიური, ამ ინფორმაციის გახმაურებაც კი, ნეგატიურად მოქმედებს ეკონომიკაზე. ფაქტია, რომ ლარის კურსიც დაეცა, რაც იმპორტზე დამოკიდებული ქვეყნისთვის კარგი არ არის. ლარის კურსის გაუარესება ბიზნესს პრობლემებს უქმნის და ინფლაციაზეც აისახება. შექმნილი სიტუაცია ეკონომიკაზეც ნეგატიურად მოქმედებს და ძალიან ძვირად უჯდება ეროვნულ ბანკს და ჩვენს ქვეყანას, რადგან მისი რეზერვები იხარჯება. ბუნებრივია, მხოლოდ ეროვნული ბანკი ლარის კურსს ვერ უშველის. ასე რომ, საგანგაშო მდგომარეობა ჯერჯერობით არ გვაქვს, მაგრამ რისკები რეალურია. მოქმედებს თუ არა დაძაბული პოლიტიკური სიტუაცია ეკონომიკაზე? - რა თქმა უნდა, მოქმედებს. მარტო საქართველოში კი არა, პოლიტიკა და ეკონომიკა მთელ მსოფლიოში კავშირშია ერთმანეთთან: დადებითი პოლიტიკური გადაწყვეტილება ეკონომიკაზეც დადებითად მოქმედებს და პირიქით. ამიტომ, შექმნილი სიტუაციიდან გამოსავალია ის, რომ ხელისუფლებამ სწორი ნაბიჯები გადადგას და ყველაფერი ქართველ საზოგადოებასთან შეთანხმებით გადაწყვიტოს: უმრავლესობა თუ ითხოვს, რომ ხელახალი არჩევნებია საჭირო, ხელისუფლებამ ხალხის ნება უნდა შეასრულოს. საქართველოს მოსახლეობა და ბიზნესი ძალიან დიდ იმედს ამყარებს ევროპის ცივილურ, კონკურენტუნარიან ბაზარზე და ამ იმედის მოკვლას ვერავის აპატიებს.შეცდომა იყო, როცა გვითხრეს, ევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გადაიდოს და დაპაუზდესო. პოლიტიკოსი, რომელსაც ასეთი შეცდომა მოუვა, დათმობაზე უნდა წავიდეს და სწორედ ეს დათმობა იქნება არჩევნები. მე ამას ვამბობ არა როგორც ეკონომისტი, არამედ როგორც მოქალაქე, რომელმაც კარგად იცის, რომ ქაოსში მყოფი ქვეყანა წინ ვერ წავა.

წყარო: "გზა"