"ღვინის ქვეყანას ღვინის ბოთლი არ გვაქვს. უამრავი თანხა გადის ქვეყნის გარეთ, იმისათვის, რომ მინა შემოვიტანოთ, ასევე საცობებს ვეძებთ სხვა ქვეყნებში,"- ამის შესახებ " ლილო მოლის", "კალასის ", "ჯორჯია ჩერამიკე არტისტიკეს", „სევსამორას", "სევსამორა ვინერისა" და "სევსამორა ვილას" დამფუძნებელმა გიორგი გაგუამ, "პალიტრანიუსის" გადაცემაში "სანდრო ვეფხვაძე შენობით ბიზნესთან" განაცხადა.
გია გაგუამ ასევე ისაუბრა „მართალი ღვინოების" წარმოების ტექნოლოგიასა და მის პოპულარიზაციაზე. ბიზნესმენი შეეხო სუბსიდირების ნაწილსაც და განაცხდა, რომ "რქაწითელსა და საფერავს სუბსიდირება არ სჭირდება, სუბსიდირება უნდა გავუკეთოთ ისეთ ჯიშებს, რომლებიც საქართველოში ნაკლებად გავრცელებულია".
„ბიზნესპრესნიუსი" გთავაზობთ ინტერვიუს მცირე შემოკლებით:
მოდი, დავიწყოთ მოკლე ისტორიით. საიდან იწყება "სევსამორას" ისტორია და საიდან გაჩნდა ინსპირაცია ამ სახელწოდების, რომელიც ისტორიული, მითოლოგიური კომპონენტებითაა გამდიდრებული?
ეს ისტორია იწყება 2015 წლიდან, როდესაც დავინტერესდი ამ საქმიანობით. საგურამო აღმოჩნდა ის ადგილი, რომელიც ჩემთვისაც და ჩემი ოჯახისთვისაც მისაღები იყო, რადგან ამ ადგილთან ბევრი რამ მაკავშირებს. აქ გადავწყვიტე გამეკეთებინა ღვინის მარანი, რადგან ეს მიდამო ისტორიულად ძალიან საინტერესოა. ეს ადგილი ითვლება ქართულ მეღვინეობაში ერთ-ერთ წამყვან რეგიონად. ქართლის რეგიონში იყო ნაპოვნი ის წიწვები, რომელმაც ასეთი პოპულარობა მოგვიტანა და რომელმაც ღვინის სამშობლოს სტატუსი მოგვცა. როდესაც გადავწყვიტე ნატურალური მეღვინეობა მეწარმოებინა, ეს ადგილი იდეალურად მივიჩნიე. აქ არის "გურამიშვილის მარანი", აქ მოღვაწეობდა ილია და ცნობილია მისი მეღვინეობის წიგნი. 2015 წელს იწყება ჩვენი ისტორია.
სახელს რაც შეეხება, ბევრი ვეძებე. მინდოდა სახელი ყოფილიყო თავიდანვე ასოცირებული ადგილობრივ ისტორიასთან. სტრაბონის"გეოგრაფიაში" ამოვიკითხეთ ამ რეგიონის დახასიათება, სადაც წერს, რომ მცხეთას, აღმოსავლეთის მხარეს,მტკვრისა და არაგვის შესართავთან იცავს ციხესიმაგრე "სევსამორა". ეს არის სრულიად ადგილობრივი სახელი და საკმაოდ მომგებიანად ჟღერს. ჩვენ აქ ხუთ ჰექტარზე გავაშენეთ ვენახები და სამ წელში მივიღეთ ბიო-მეღვინეობის სტატუსი, გვაქვს სერტიფიკატიც. პირველი ღვინოები ჩვენმა მარანმა 2018 წელს გამოუშვა. ქართული ნატურალური, ნამდვილი ღვინოები - ეს არის ჩვენი ხელწერა. ჩვენ მას "მართალ ღვინოებსაც" ვუწოდებთ.
სამწუხაროდ, ხარისხობრივი კომპონენტის დაჭერა გვიჭირდა ხოლმე, მაგრამ არსებობს ბაზარზე ბიზნეს სუბიექტი, რომელიც ხარისხობრივ ნაწილს აქცევს ძალიან დიდ ყურადღებას. რა არის "მართალი ღვინო"? ხარისხობრივად, ტექნოლოგიურად, ეს რომ განგვიმარტოთ…
"მართალი" შეგვიძლია ვუწოდოთ ღვინოს, რომელშიც ტექნოლოგიურად მინიმალური ჩარევა ხდება ადამიანის ხელიდან. ამ შემთხვევაში, ღვინოში დამატებითი ფაქტორების ჩარევა არის,ფაქტობრივად, მოშორებული. ქართული ტრადიციული ტექნოლოგია ითვალისწინებს, ჭაჭაკლერწი ქვევრში დაყენებას ღვინის. ის საფუარები, რომელიც აუცილებლად სჭირდება ფერმენტაციას ანუ ღვინის დუღილს, წარმოდგენილია ველური საფუარების სახით ყურძნის კანზე. როდესაც ის არის ჭაჭაკლერწთან ერთად ჩაწურული ქვევრში, ის საფუარები გადაამუშავებენ შაქარს ალკოჰოლად, სხვა შემთხვევაში, როცა კლასიკურად ყენდება ღვინო, მხოლოდ წვენი რჩება. რადგან მოშორებულია ჭაჭის ნაწილი, მასში საფუარები აღარ არის და ამ ტექნოლოგიას სჭირდება დახმარება. ხელოვნური საფუარების საშუალებით, მეღვინე იძულებულია გააღვიძოს მისი ღვინის სიცოცხლის დასაწყისი. ხელოვნური საფუარები სხვადასხვა შტამებზეა დამზადებული და ღვინოს არომატებში და გემოებში სერიოზულ ჩარევას იწვევს. ეს ყველაფერი გამორიცხულია ქართული ტრადიციული ტექნოლოგიის გამოყენებისას."მართალ ღვინოებს" ამას ვუწოდებთ ზუსტად.
ზოგისთვის ეს არის "ნოუ ჰაუ". შენს მაგალითზე ვხედავთ, რომ ამის კეთება შესაძლებელი ყოფილა, რომ საქართველოში დავდოთ ხარისხი. მაგრამ არსებობენ ბაზრის მოთამაშეები, რომლებიც შესაძლოა, აფუჭებდნენ საერთაშორისო იმიჯს. ეს რამდენად დიდი პრობლემაა ხარისხიანი პროდუქციის პროვაიდერისთვის?
ხშირ შემთხვევაში, სამწუხაროდ, თვითონ სახელმწიფოებრივი დაკვეთა განაპირობებდა ხოლმე ღვინის ხარისხის გაფუჭებას. ხარისხის გაფუჭება საბჭოთა კავშირის პერიოდში იწყება ძირითადად, როდესაც მასიური წარმოების დაკვეთა იყო მოსკოვიდან. ისინი ქარხნებს უკვეთავდნენ რაც შეიძლება დიდ რაოდენობას, შესაბამისად, როდესაც ხუთ წლედის გეგმა დგებოდა, არ შეიძლებოდა, რომ შენ ხუთ წლედში უცბად ვენახი გაგეშენებინა იმდენი, რამდენიც საჭირო იყო. პირველი მოსავალი 4-5 წელიწადში მოდის, შესაბამისად , ვერ მოხერხდებოდა ამ გეგმის შესრულება. ამიტომ ხდებოდა ღვინის გაბევრება.
ეს ქართველების მოგონილი არ არის. ყურძენზე ხდება შაქრის დაყრა და გაბევრება. ეს ამბავი საფრანგეთიდან მოდის. შემდეგ უკვე მე-18 საუკუნის ბოლოდან საქართველოშიც დაიწყო ამ ტექნოლოგიით ღვინის გაბევრება. შემდეგ მიხვდნენ, რომ ეს მათი სფეროსათვის იყო მავნებელი. დღევანდელ დღესაც, სწორედ დამკვეთი უკეთებს ინსპირაციას ამ დაბალხარისხიანი ღვინის წარმოებას.
ჩვენ ვართ პატარა ქვეყანა. ჩვენ არ გვაქვს რესურსი ვაწარმოოთ ის წარმადობა, რაც თუნდაც იტალიას, საფრანგეთს, ესპანეთს აქვს. ერთადერთი მიმართულება, რითაც შეიძლება დავიჭიროთ კონკურენტული უპირატესობა, ეს არის ხარისხი. საქართველომ, ამ გზაგასაყარზე - რაოდენობა და ხარისხი, სუფთა ბიზნესურად, რა გზით უნდა იაროს?
ჩვენი ნიშა უნდა იყოს, პირველ რიგში, ხარისხი და ის განსაკუთრებული ტექნოლოგია, რომელიც ისტორიულად შემორჩა ქართულ მეღვინეობას ანუ რასაც ჩვენ ვეძახით ქარვის ღვინოებს. ეს არის ქვევრის ღვინოები, ნატურალური ტექნოლოგიით დამზადებული. თუ ჩვენ ვამაყობთ, რომ აქ არის ღვინის სამშობლო, საქართველოში ჩამოსულმა სტუმარმა უნდა ნახოს ის ნამდვილი, "მართალი ღვინოები". აქ ჩამოსულები ხშირად მეკითხებიან: " თუ ასეთი კარგი ღვინოები გაქვთ, იქ ჩვენთან რა მოდის?". მე მაქსიმალურად ვცდილობ დავიცვა კოლეგიალურობა, მაგრამ გვერდს ვერ ავუვლით, რომ იმ ღვინოების ნაწილი, რომელიც საზღვარგარეთ გადის, სამწუხაროდ, კრიტიკას იმსახურებს მომხმარებლისაგან. თუმცა, უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან ბევრი მეღვინეობა გამოჩნდა, რომელსაც უჭირს რეალიზაცია, მაგრამ ესენი აკეთებენ ნამდვილ ქართულ ღვინოებს ქვეყანაში.
ჩვენ ნელ-ნელა გამოვდივართ იმ მანკიერებიდან, რასაც ჰქვია რუსულ ბაზარზე ტოტალური დამოკიდებულების მაჩვენებელი. ჩვენ უნდა გაგვიგონ გემო ისეთმა ბაზრებმა როგორიც არის იტალია და სხვა ქვეყნები. მაინტერესებს ღვინის ეროვნული სააგენტოს ნაბიჯები რამდენად პრო-ბიზნესურია, რამდენად ეხმარება ქართველ მეწარმეს, რომ საკუთარ წარმოებას პოპულარიზაცია გაუკეთოს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში?
სამწუხაროდ, ჩვენი ღვინოები გეოგრაფიულად არ არის კარგად ათვისებული. ერთ-ორ ბაზარზე ვართ ძირითადად, მათ შორის ექსპორტის 70% მოდის რუსულ ბაზარზე, რაღაც ნაწილი მიდის ჩინეთში და ძალიან მცირე პროცენტი რჩება იმ ქვეყნებში, რომლის მომხმარებელიც ყველაზე მეტად გვინდა, რომ მოვხიბლოთ. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო მნიშვნელოვან სამუშაოს ასრულებს, პრესაშიც მეტად არის გაშუქებული, მაინც გარკვეულწილად ორიენტირებულია მასიურ წარმომადგენლებზე, რადგან მილიონობით შემოსავალი შემოაქვს ქვეყნისთვის. კარგი იქნება, თუ მცირე საწარმოებს უფრო მეტ ყურადღებას დაუთმობენ.
სუბსიდირების თემა მინდა შემოვიტანო ჩვენს დიალოგში. მე ვამართლებდი ამას, იმისათვის, რომ დარგი გადაგვერჩინა. რეალურად, ეს აქტი საჭირო იყო. დღეს რომ მკითხო, მგონია საჭირო აღარ არის. რა იქნებოდა შენეული რეცეპტი, რომ დავასტიმულიროთ პატარა მეწარმეები?
მეც დაგეთანხმები, რომ სუბსიდირების თემა ბევრ შეკითხვას იწვევს. რაში სჭირდება "რქაწითელს" და "საფერავს" სუბსიდირება? მთელი ვენახების 80% უკავიათ მათ. მე სუბსიდირებას გავუკეთებდი ისეთ ჯიშებს, რომლებიც საქართველოში ნაკლებად არის გავრცელებული და რომელსაც ესაჭიროება ჩვენი დახმარება. ბევრია ასეთი ჯიში. მე სუბსიდირებას დავაწესებდი კონკრეტულ ჯიშებზე, რომ სტიმული იყოს მეწარმისთვის, რომ კონკრეტულად ის ვენახი გააშენიანოს. სუბსიდირება უნდა გავუწიოთ მეღვინეობის ისეთ ნაწილს, რომელიც უფრო პრობლემურია და განვითარება სჭირდება, რეალურად ძალიან დიდი პოტენციალი გვაქვს.უნდა აღვნიშნო, რომ ჯიღაურის კვლევითი ცენტრი, არის უნიკალური ამ სფეროსათვის, მათი დახმარებით გადარჩენილია და აღარ ემუქრება გადაშენება ბევრ ქართულ ჯიშს. თუმცა, მხოლოდ სასათბურე პირობებში გქონდეს ეს ჯიშები არარის საკმარისი, სასურველია მისგან წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაცია მოხდეს.
როგორ გესახება ქართული ღვინის საერთაშორისო მარკეტინგი?
მარკეტინგი ურთულესი ამბავია. ჩემს ღვინოებს უკვე აწერია, რომ ეს არის პროდუქტი ღვინის სამშობლოდან. ეს არის ინსპირაცია მომხმარებლისთვის. რომ დალევს შეხედავს სადაური ღვინოა. "Made in Georgia" შეიძლება ბევრს არაფერს ეუბნებოდეს, მაგრამ როდესაც აწერ, რომ ის არის ღვინის სამშობლოდან, ის ინტერესდება. შეიძლება „დაგუგლოს“ კიდეც და აღმოაჩენს, რომ ჩვენ გვაქვს ღვინის უძველესი ისტორია. ეს პოპულარიზაცია არაფრით არ უნდა გავაჩეროთ. პოპულარიზაციას ქართულ ღვინოს ვუკეთებთ ხარისხით და ისტორიით. ეს ორი ფაქტორი ყოველთვის უნდა აღინიშნოს. სადაც არ უნდა მოხდეს ქართული ღვინის წარდგენა, აუცილებლად უნდა იყოს რაღაც ფორმატით აღნიშვნა, რომ ეს არის ღვინის სამშობლოდან. ეს ჯდება მეხსიერებაში და ადამიანი აუცილებლად დადებითად განეწყობა.
ჩვენ გარდა იმისა, რომ კონკურენციაში შევდივართ ტრადიციულ ღვინის ბაზრებთან, ასევე კონკურენციაში ვართ ახალ ღვინის ბაზრებთან. უმეტესობას დაბალბიუჯეტიანი ღვინოები აქვს. ამდენად, ჩვენ ძირითადად დახლებზე გვიწევს ომი. პირველი ნაწილი მარკეტინგი, რომ კონკურენტუნარიანი ვიყოთ სატარიფო ბრძოლაში და მეორე უკვე ხარისხობრივი ომი დახლებზე. მინდა ეს ორი კომპონენტი გავშალოთ. როგორია შენეული რეცეპტი?
მეღვინის გადასახედიდან მარკეტინგი ცოტა რთულია. თუმცა, ჩემს მოსაზრებას ვიტყვი. პირველი და მთავარი დესპანები არიან დიპლომატიური სამსახურები. ღვინის ეროვნული სააგენტო რომ ჩაერთოს და მიაწოდოს, თუნდაც თვალსაჩინოებები, რომლებიც მაგიდაზე იქნება, ბუკლეტები, ფლაერები, სადაც იქნება ქართული ღვინის ხარისხი, ისტორია, იქნება ძალიან კარგი. ასევე, იძენენ ხოლმე კონკრეტულ პროდუქციას, რომლებიც სჭირდებათ ხოლმე მიღებებზე. იქაც რომ იყოს ეს ნაწილი წარმოდგენილი საშუალო და მცირე მეწარმეებისგან, იქნებოდა ძალიან კარგი. ამის დაფინანსება სახელმწიფოს ადვილად შეუძლია. ჩემს შესაძლებლობებში, ეს წარმოუდგენლად მიმაჩნია, რომ ავდგე და გავაგზავნო 20 ბოთლი ღვინო. ამას სჭირდება მთელი პროცედურები, განბაჟება და ა. შ. როცა სახელმწიფო ამას გააკეთებს, ამ ბიოროკრატიულ ნაწილს ასცდება. ეს იქნება ძალიან კარგი რეკლამა. რაც არ უნდა მსოფლიოს ველაპარაკოთ იმაზე, რომ კარგი ღვინო გვაქვს, ის მომხმარებლამდე თუ არ მივიდა, ვერაფერს გავხდებით. იმ დიპლომატიურ ნაწილში, ყველას აქვს ძალიან კარგად შესწავლილი ღვინის გემოები და არომატები. სწორედ ისინი გახდებიან ჩვენი ელჩები.
რაც შეეხება დახლების ომს, აქ ვერაფერს გააკეთებს მცირე მეწარმე. აქ უნდა ჩაერთოს სახელმწიფო. შეუძლია სახელმწიფოს დიდ სუპერმარკეტებში ორი კვადრატული იყიდოს, სადაც ქართული ღვინო იქნება წარმოდგენილი. თუ იმას მოვახერხებთ, რომ იქვე იქნება წარმომადგენელი, რომელიც ადგილზე აუხსნის მომხმარებელს, ეს იქნება უკეთესი. ეს შეიძლება მთელი წელი არა, მაგრამ ერთი- ორი თვის განმავლობაში რომ მიმდინარეობდეს, ძალიან კარგი რეკლამა იქნება.
მინდა ადამიანური რესურსის ნაწილს მივუბრუნდე. ადამიანი ახსენე, რომელიც უწევს "ფრომოუშენს" ქართულ ღვინოს, სომელიე, ქვევრის დამზადების ტექნოლოგია, მინის დამზადების კულტურა, საცობების, ლეიბლის დამზადების... ეს არის მთელი ინდუსტრია. მაინტერესებს საქართველოში, ამ მხრივ, სად ვართ როგორც სექტორი და რა არის შენეული კონტრიბუცია?
რაც შეეხება წარმოების ნაწილს, რომელიც ემსახურება ღვინის ბიზნესს, ძალიან უკან ვართ. საქართველოდან მილიონობით ბოთლი გადის და ფაქტობრივად, აქ ბოთლი არ იწარმოება. მინას ვერ ვაწარმოებთ. უამრავი თანხა გადის ჩვენი ქვეყნის გარეთ, იმისათვის რომ მინა შემოვიტანოთ. ღვინის ბოთლი არ გვაქვს ღვინის ქვეყანას, ეს ერთი. ასევე საცობებს ვეძებთ სხვა ქვეყნებში. მადლობა ღმერთს, რომ კარგი სტამბები გვაქვს საქართველოში და ეტიკეტებს ვამზადებთ. რაც შეეხება საგანმანათლებლო კუთხეს, ყველაზე კარგი იქნებოდა თუ სასტუმროებში გასვლითი ღონისძიებები იქნებოდა, რომელსაც ღვინის სააგენტო დააფინანსებს. მომსახურეობის ნაწილში სწორად უნდა მოხდეს ღვინის მიწოდება, დასხმა და ა.შ. კარგი იქნება, თუ ამას სომელიები ასწავლიან და გადაამზადებენ კადრებს.მომსახურეობის კულტურის ამაღლება აუცილებელია. ქართულ ღვინოს სჭირდება სწორი ახსნა, მას ბევრი საუბარი სჭირდება.