ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სუს-ში გამოკითხვიდან გამოსვლის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ განიხილეს გაზმომარაგების საკითხი. მისი თქმით, კითხვები ეხებოდა იმას, საქართველოს აქტიური მონაწილეობა ევროპის ქვეყნების გაზით მომარაგებაში, შეიძლება თუ არა "ქმნიდეს რისკებს".

დავითაშვილის ცნობით, ასევე "განიხილეს მომავალში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება".

"განვიხილეთ საქართველოს გაზის მომარაგების საკითხი. ალბათ, იცით, რომ რამდენიმე წელია საქართველო ძალიან აქტიურ როლს ასრულებს ევროპის გაზით მომარაგების საკითხში. კერძოდ, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შეგვაქვს ევროპული ენერგეტიკული უსაფრთხოების საკითხში. ამაზე ჩვენ ვთანამშრომლობთ აზერბაიჯანის რესპუბლიკასთან. ვფიქრობ, რომ ძალიან დეტალურად და ამომწურავი ინფორმაცია მივეცი და შესაბამისად, ამას დასჭირდა დრო. ძალიან ლოგიკური კითხვები იყო. კითხვები იყო იმაზე, ჩვენი აქტიური ამ კუთხით მონაწილეობა, მომარაგების, შეიძლება ქმნიდეს ან არ ქმნიდეს რისკებს. აქედან გამომდინარე, ჩვენთვის ძალიან ლოგიკური იყო, რომ ყველა ეს საკითხი დეტალურად განგვეხილა. ეს არის ძირითადი საკითხი.

ასევე განვიხილეთ მომავალში როგორ მოხდეს სტაბილურად გაზმომარაგება. ჩვენ გვაქვს ხელშეკრულებები, რომლებსაც გარკვეული ვადები აქვს. გარკვეული ხელშეკრულებების გაგრძელება და გადახედვაა საჭირო". - თქვა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან.

ცნობისთვის, ეკონომიკის ყოფილი მინისტრი, ლევან დავითაშვილი და ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი, გიორგი ჩიქოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გამოკითხვაზე იმყოფებოდნენ.

როგორც ტაბულას სუს-ში უთხრეს, ისინი გამოკითხვაზე ანტიკორუფციულ სააგენტოში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დაიბარეს, რაც ერთ-ერთ მსხვილ ნავთობკომპანიასთან გაფორმებულ ხელშეკრულებას უკავშირდება.