„ქართველი მძღოლების ჩანაცვლება მოხდება რუსეთის მოქალაქე მძღოლებით ან საერთოდ რუსული სატრანსპორტო საშუალებებით, რაც გააძვირებს როგორც ექსპორტს, ისე იმპორტს და ეს სურსათის ფასებზეც აისახება", - ამის შესახებ "ბიზნესპრესნიუსთან" „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ვახტანგ ბეჟიტაშვილმა განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციაში ქართველი სატვირთო ავტომობილების მძღოლებისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდა. ცვლილებების მიხედვით, ის მძღოლებს რუსეთის ტერიტორიაზე ყოფნის ვადად 180 დღის ნაცვლად, 90 დღე განესაზღვრათ. ეს დრო კი მძღოლებისთვის საკმარისი არ არის. რიგ შემთხვევებში, ქართველების დადეპორტებაც მოხდა. შედეგად, ისინი 5 წლის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ვეღარ შევლენ.

როგორც ვახტანგ ბეჟიტაშვილი „ბიზნესპრესნიუსთან“ აცხადებს, რუსეთი ამით ცდილობს, უკრაინასთან ომის გამო დაწესებული სანქციების პირობებში, როცა დასავლურ ქვეყნებში ვეღარ ახერხებს გადაზიდვების განხორციელებას, საქართველოში მაინც შეძლოს სატრანსპორტო გააქტიურება, რაც მათ ეკონომიკას დაეხმარება.

„ქართველ მძღოლებს ჩვენს ეკონომიკაში შეაქვთ საკმაოდ დიდი წვლილი. ლოჯისტიკის კუთხით ექსპორტის ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილია ტრანსპორტირება. ასევე ეს მანქანები როგორც გადიან ქვეყნიდან და ტვირთი გააქვთ, ასევე შემოაქვთ იმპორტირებული საქონელიც. პროფესიონალი კადრების დეფიციტი ისედაც აღინიშნებოდა და კიდევ უფრო გაუარესდება მდგომარეობა. ძალიან ბევრი ადამიანი მოხვდა ამ სიტუაციაში… შეიძლება ითქვას, რომ ბევრმა ადამიანმა გარკვეული კუთხით სამსახური დაკარგა.

რუსეთს თავისი სატრანსპორტო საშუალებები მას შემდეგ, რაც ომშია გახვეული და სანქცირებულია, ფიზიკურად ევროპაში ვეღარ შეჰყავს.. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო არ არის ძალიან დიდი ბაზარი მათი ტრანსპორტისთვის, მაქსიმალურად ცდილობს, რომ აითვისოს. სხვა გზა მათ მანქანებს ფიზიკურად უკვე აღარ აქვს. ცდილობენ, თავიანთი ტრანსპორტი აქეთ გადმოამისამართონ, რაც მათ გაჭირვებულ ეკონომიკას ცოტათი მაინც წაადგება. ჩვენი ეკონომიკის დაზარალების ხარჯზე, ცდილობენ, ამოწიონ თავიანთი ეკონომიკური სიტუაცია.

ეს უარყოფითი ტენდენცია შეეხება როგორც ექსპორტს, ისე იმპორტს. გარკვეულწილად ქართველი მძღოლების ჩანაცვლება მოხდება რუსეთის მოქალაქე მძღოლებით ან საერთოდ რუსული სატრანსპორტო საშუალებებით. შესაბამისად, ძალიან დაარტყამს ისედაც არასახარბიელო მდგომარეობაში მყოფ ქართულ ტრანსპორტს. თავისთავად ცხადია, ლოჯისტიკური კუთხით ექსპორტიც გაძვირდება და იმპორტიც, რაც კონკურენტულ ფასზე აისახება ჩვენი ექსპორტისთვის, ღირებულებები გაიზრდება და შესაძლებელია, მოცულობების შემცირებაც გამოიწვიოს. ასევე გააძვირებს იმპორტსაც. ცხადია, როდესაც გაძვირდება იმპორტი, ეს სურსათის ფასებზე აისახება.

ჩვენდა სამწუხაროდ, საქართველოს ეკონომიკა დიდწილად არის დამოკიდებული რუსეთზე და შესაბამისად, თუ ტრანსპორტის კუთხითაც სრულად რუსეთზე ვიქნებით დამოკიდებული, ეს არის მორიგი ნაბიჯი იმისკენ, რომ ჩვენი ერთ-ერთი სექტორი კიდევ უფრო ცუდ მდგომარეობაში ჩავარდეს," - აცხადებს ვახტანგ ბეჟიტაშვილი.

ამასთან, „ხილ-ბოსტნეულის ექსპორტიორთა ასოციაციის“ ხელმძღვანელის აზრით, აუცილებელია, ქართულმა მხარემაც მიიღოს შესაბამისი ზომები და რუსეთის მოქალაქეებსაც შეუმცირდეთ საქართველოს ტერიტორიაზე დარჩენის ვადა.

„შესაბამისმა სამსახურებმა უნდა იმუშაონ და გარკვეული სარკისებრი ეფექტი მაინც მისცენ, თუ ჩვენ გვიზღუდავენ, შეეზღუდოთ რუსეთის მოქალაქეებსაც საქართველოში ყოფნის პერიოდი და ამ შემთხვევაში შესაძლებელია, გარკვეული შეღავათები მივიღოთ”, - აცხადებს ბეჟიტაშვილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროსგან დახმარებას ელიან დეპორტირებული მძღოლებიც. „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროში, ქართველი მძღოლების დეპორტაციასთან დაკავშირებით განცხადება უკვე შევიდა, განცხადებას თან დაერთო ექვსი დეპორტირებული მძღოლის დოკუმენტაცია.

„გთხოვთ, გამონახოთ ქართველი გადამზიდავი მძღოლებისთვის პრობლემის მოგვარების ოპტიმალური გამოსავალი”, - ნათქვამია განცხადებაში.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი