საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ასაჯაროებს სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლის, დევიდ ოსალივანის წერილს მაკა ბოჭორიშვილისა და მარიამ ქვრივიშვილისადმი.
9 ოქტომბრით დათარიღებულ წერილში, რომელიც ევროკავშირის სანქციების მონიტორინგისა და განხორციელების საკითხებს შეეხება, ოსალივანი მადლობას უხდის საქართველოს მთავრობას უმაღლეს დონეზე გამოხატული ერთგულებისთვის და უკვე გადადგმული ნაბიჯებისთვის, რათა არ მოხდეს ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციების გვერდის ავლა და ამ საკითხის განსახილველად ხელისუფლების მუდმივი ხელმისაწვდომობისთვის. ამავდროულად სთხოვს, აკრძალონ ევროკავშირის წარმოშობის იმ საქონლის ხელახალი ექსპორტი რუსეთში, რომლებიც ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის (ECG) სიაში მითითებულია შესაბამისი HS კოდებით.
„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ამ საქონლის მსხვილ ხელახალ ექსპორტიორად არ ითვლება, რეგიონის სხვა ქვეყნებმა უკვე იპოვეს გზები მსგავსი სანქციების თავიდან ასაცილებლად, რის გამოც არსებობს რისკი, რომ საქართველო ალტერნატიულ უკანონო სავაჭრო მარშრუტად იქცეს ამ საქონლისთვის“, — წერს ოსალივანი.
ოსალივანი აღნიშნავს, რომ ადრე უკვე გაუზიარა საქართველოს ხელისუფლებას მაღალი პრიორიტეტის მქონე საქონლის სია (Common High Priority items), რომელიც ევროკომისიამ პარტნიორებთან მჭიდრო კოორდინაციით მოამზადა. მასში შედის ორმაგი დანიშნულების საქონელი და მაღალი ტექნოლოგიების ელემენტები, რომლებიც ექსპორტის შეზღუდვებს ექვემდებარება და აღმოჩენილია რუსულ სამხედრო სისტემებში — ან პირდაპირ უკრაინის ბრძოლის ველზე, ან მნიშვნელოვანია ამ სისტემების განვითარებისთვის, წარმოებისა და გამოყენებისთვის.
„მადლობას გიხდით ძალისხმევისთვის, რომ არ მოხდეს აღნიშნული საქონლის ხელახალი ექსპორტი. გარდა ამისა, ევროკომისიამ განსაზღვრა ეკონომიკურად კრიტიკული საქონლის (Economically Critical Goods — ECG) სია, რომლის შეძენასაც რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს თავისი საომარი ძალისხმევის მხარდასაჭერად. ესენია სანქცირებული საქონელი, რომელსაც რუსეთის სამრეწველო ბაზის მხარდაჭერა შეუძლია. მიუხედავად იმისა, რომ ამ საქონლის უმეტესობა არ წარმოადგენს ორმაგი დანიშნულების კლასიკურ პროდუქტს, მათი ექსპორტი მაინც უზრუნველყოფს რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებს. მაგალითად, მილსადენებისთვის განკუთვნილი მოწყობილობები ან სპეციალიზებული ფოლადის კონსტრუქციები საჭიროა რუსეთის მინერალური რესურსების ინდუსტრიისთვის, რაც რუსეთის ბიუჯეტის ერთ-ერთ მთავარ შემოსავლის წყაროს წარმოადგენს. ამიტომ, პატივისცემით გთხოვთ, რომ აკრძალოთ ევროკავშირის წარმოშობის იმ საქონლის ხელახალი ექსპორტი რუსეთში, რომლებიც ECG სიაშია მითითებული შესაბამისი HS კოდებით“, — ნათქვამია წერილში.
„ნეტგაზეთი“ დაინტერესდა ქართული მხარის პასუხით — აპირებს თუ არა საქართველო ECG სიაში შესული პროდუქციის რეექსპორტის აკრძალვას. პასუხის მიღების შემთხვევაში, მასალა განახლდება.

წყარო: netgazeti.ge